სიახლეები

202 Views
პოლიტიკა

ამერიკის საელჩო ოპოზიციის ლიდერის დაკავების გამო იმედგაცრუებულია

აშშ-ის საელჩო, ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაპატიმრებისა და შემდგომ განვითარებული პოლიტიკური მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას შორის დიალოგი მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მისაღწევად.

"აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად" 

- ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. 

კომენტარები