სიახლეები

ზურა ჯაფარიძე: "ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებმა შინაარსი დაკარგა"

გიგი უგულავას საქმე ცალსახად პოლიტიკურია, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ დევნა არის პოლიტიკური ხასიათის. ივანიშვილი ცდილობს მოიცილოს პოლიტიკური ლიდერები ერთი მხრივ და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად აწიოს პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში და შექმნას დაპირისპირება ორ პოლუსს შორის.

ზურაბ ჯაფარიძემ გიგი უგულავას დაკავება და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, ივანიშვილი ძველ პოლიტიკურ თამაშს აგრძელებს და ფიქრობს რომ ამჯერადაც გამოუვა.

"დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკა გაგრძელდება, ცხადია, ისინი ხედავენ და ობიექტურად აფასებენ რეალობას რაც ქვეყანაში არის. კარგია, რომ შეეშვნენ დიპლომატიურ ენას და პირდაპირ, ღია ტექსტებით გველაპარაკებიან ამას ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოში მოსახლეობის განწყობაზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩემი ჩათვლით, ხაზარაძეც, მელიაც, უკვე გვყავს მინიმუმ სამი პოლიტიკური პატიმარი ეს არის: გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ნებისმიერი შეიძლება იყოს. სამი პოლიტიკური პატიმარი იქნება თუ ხუთი ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, პოლიტიკური დევნილები გვყავს ქვეყანაში და ამას ზუსტად ასე აფასებს დასავლეთი,“

- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

"გირჩის" ლიდერის აზრით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებმა ყოველგვარი შინაარსი დაკარგა და „ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ლაპარაკის გამო არ გიჭერენ“.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები