სიახლეები

უზენაესმა სასამართლომ უგულავას 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას დამატებით 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიგი უგულავას საქმეს შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.

როგორც ვვარაუდობდით, საკასაციო სასამართლომ მიიღო პოლიტიზირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეასრულა ივანიშვილის დაკვეთა. უდიპლომო, ყალბდიპლომიანმა თადუმაძემ, გაბინაშვილმა და შავლიაშვილმა , რომელიც ახლახანს აირჩიეს, შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა და გიგი უგულავას მუხლი გადაუკვალიფიცირეს, რის საფუძველზეც, გიგის დამატებით სასჯელად 3 წელი და ორი თვე მიესაჯა. გადაუკვალიფიცირა 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელიც გენერალური პროკურორი იყო ამ საქმის სააპელაციო წარმოებისას და საკასაციო საჩივრისას. ანუ რეალურად, გიგი გაასამართლა გენერალურმა პროკურორმა.

განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომელთაც იმის დროც კი არ ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქმეს...ყველას მოვუწოდებ,მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე. გზა რომელიც აირჩია ოპოზიციამ აშინებს ივანიშვილს. ერთობა, რომელიც აქ სუფევს, არის გამარჯვების წინაპირობა.მე არ ვაღიარებ არაფერს. არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს, რადგან ივანიშვილის საქართველოში, ციხე არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია იპოვო თავისუფლება.

ეს განცხადება გიგი უგულავამ განაჩენის გაგების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ოპოზიციის შეკრებაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკსაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები