როგორია რიგითი გირჩელი

disclaimer: მონაცემების შეჯერებისას და შედარებისას, 
"გირჩის" მონაცემები შევადარეთ მხოლოდ ჩამონათვალში
არსებულ სხვა პარტიების მონაცემებს და დავაიგნორეთ ე.წ. “სხვა”
პარტიების მხარდამჭერთა პასუხები, რადგან ეს “სხვა” სექტორი 
კუმულატიურია და შეიძლება ერთად მოიცავდეს რამდენიმე 
პატარა პარტიას.

ასეთი ორგანიზაცია არსებობს - CRRC (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი)  - სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებს ხოლმე მთელს კავკასიაში, რომლებსაც მერე ონლაინ დებს, ყველასთვის ხელმისაწვდომად. 

ბოლო კვლევა 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩაატარეს საქართველოში. გაზომეს როგორც პარტიების მხარდაჭერის პროცენტები, ისე სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური საკითხები - მაგალითად, საქართველოს მოქალაქეების რამდენ პროცენტს აქვს სახლში მაცივარი, რამდენია მათი ოჯახის შემოსავალი, მოუწონებდნენ თუ არა ახლობელს უცხოელზე დაქორწინებას და ა.შ. 

კავკასიის ბარომეტრის 2019 წლის კვლევის ანალიზით, ასეთი გამოვიდა გირჩის საშუალო სტატისტიკური მხარდამჭერის პროფილი: 

  • ჭკვიანი, გულწრფელი და ენთუზიაზმით სავსე, 18-35 წლის დაუქორწინებელი, ქართული წარმოშობის თბილისელი ახალგაზრდა. 
  • აქვს უმაღლესი განათლება. კარგად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 
  • არის კომპიუტერის და ინტერნეტის ყოველდღიური (advanced) მომხმარებელი. 
  • ენტერპრენერია საშუალო შემოსავლით - წარმატების გზაზე მდგარი დამოუკიდებელი ადამიანი. 
  • ჰყავს მანქანა, დადის კინოსა და თეატრში, უფრო ხშირად რესტორნებსა და კაფეებში. აქვს საშუალება, მუშაობს და ‘გულაობს’. work hard, party hard. 
  • ის სოციალურად აქტიურია და აქვს სამართლიანობის შეგრძნება. 
  • სავარაუდოდ, აინტერესებს პოლიტიკა. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მტერი რუსეთია და ყველაზე დიდი ბოროტება კი საბჭოთა კავშირი იყო.
  • რწმენაზე ბევრი იფიქრა და ათეისტი გამოვიდა. 
  • არ ენდობა მთავრობას, ეწინააღმდეგება ‘მზრუნველი მშობლის’ ტიპის სახელმწიფო მოდელს. მიაჩნია, რომ ადამიანებმა თავად უნდა განაგონ საკუთარი ბედიც და ცხოვრებაც.
  • მას სჯერა და დარწმუნებულია, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანია და ეს მისთვის ბუნებრივია. მოსწონს და პატივს სცემს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქალს.  
  • ის სხვადასხვა ადამიანური განსხვავებებისადმი, უმცირესობებისადმი, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი ტოლერანტობით გამოირჩევა, საქმიან და პირად ურთიერთობებშიც... თუმცა ირანელებზე რაღაცა აქვს გულში ჩარჩენილი ბავშვობიდან.

______________________________

CRRC-ის საიტზე ერთ საინტერესო მოდულს ნახავთ - შეგიძლიათ გამოკითხვის ნებისმიერი ორი კითხვა ერთმანეთს “გადაადოთ” და ნახოთ რა კორელაციაა, მაგალითად, ქორწინებამდელ სექსზე რესპონდენტების დამოკიდებულებასა და მათ ასაკს შორის, ან ოჯახში მანქანის ყოლასა და NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერას შორის.

ამ მოდულის გამოყენებით ვცადეთ გვენახა, თუ როგორი ადამიანია "გირჩის" საშუალო სტატისტიკური მხარდამჭერი და რით განსხვავდება იგი სხვა პარტიების მხარდამჭერებისგან. ანუ, ავიღეთ კითხვა:

“რომელ პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს” და გადავადეთ ყველა სხვა კითხვა. რა თქმა უნდა, კითხვების დიდი რაოდენობის გამო, ყველა სლაიდი აქ არ გვაქვს მოყვანილი (თავად შეგიძლიათ დააგენერიროთ). ჩვენ ის სლაიდები ამოვარჩიეთ, რომელზეც გირჩის მხარდამჭერები რაიმეთი გამოირჩეოდნენ სხვებისგან.

წარმოგიდგენთ, ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესო სლაიდებს, ჩვენივე მცირე კომენტარებით და ვარაუდებით, თუ რატომ უპასუხეს გირჩელებმა ასე ამა თუ იმ კითხვას. 

თემატური სარჩევი

1. დემოგრაფია
2. ეკონომიკური მდგომარეობა
3. განათლება
4. ხასიათის თავისებურებები
5. ტოლერანტულობა და სტერეოტიპებისგან თავისუფლება
6. რელიგიურობა
7. საშინაო პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება
8. საგარეო პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება
9. ნდობა ინსტიტუციების მიმართ
10. სხვადასხვა

მოკლედ, დავიწყოთ. 

დემოგრაფია:

1.1 საშუალოსტატისტიკური გირჩელი 18-35 წლისაა - 84%.
აქვე - ყველაზე ასაკოვანი ამომრჩეველი პატრიოტთა ალიანსს ყავს - 63% 56+ წელი. 


1.2 ცხოვრობს თბილისში. სოფლად გირჩელების მხოლოდ 13%-ს შეხვდებით.


1.3 ეროვნებით ქართველია (ამ მხრივ, გირჩი ყველაზე “ქართული” პარტია გამოდის, თუმცა, ეს მონაცემი, ალბათ, ცდომილების გამოა ასე - ინტერვიუერს ბევრი გირჩელი არ შეხვდებოდა და დაემთხვა უბრალოდ).


1.4 იგი არ იმყოფება ქორწინებაში - ეს მონაცემი ასაკთან იქნება კორელაციაში. ჯერ ვერ იპოვნა ის ერთადერთი.

ეკონომიკური მდგომარეობა:

2.1 გირჩელების 50% საშუალოზე მაღალი ეკონომიკური ჯგუფიდანაა, ე.წ.  upper middle class-დან, მაშინ როდესაც სხვა პარტიებისთვის ეს შედეგი 5-15%-ის რეინჯშია.
აქვე - საკუთარი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა “ყველაზე მაღალი”-თ პარტიებიდან მხოლოდ ოცნების მხარდამჭერებმა შეაფასეს. 


2.2 მათი ოჯახების უმრავლესობას ფული საკვებსა და ტანსაცმელზე ყოფნის, თუმცა არ აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები.


2.3 გირჩელების ოჯახებს ნახევარს, წინა თვეში, საშუალოდ 400-დან 1200$-მდე შემოსავალი ქონდა, როდესაც სხვა პარტიებისთვის ასეთი შედეგი ამომრჩევლების მხოლოდ 15-20%-ს აქვს. 

2.4 დასაქმების მხრივ მეორე ადგილზე ვართ, “დემოკრატიული მოძრაობის” შემდეგ.

2.5 გირჩელების 25% დასაქმებულია ფინანსურ სექტორში. მათმა 41%-მა კი დასაქმების ადგილად “სხვა” მიუთითა - ანუ მათი სამსახური მიწოდებული ბარათის ჩამონათვალში არ იყო - ანტერპრენუარები არიან? 


2.6 საშუალო გირჩელი პირადი შემოსავლითაც ჯობნის სხვა მოცემული პარტიების მხარდამჭერს, თუმცა პირადი შემოსავლის არარსებობითაც ვლიდერობთ :) აქ ალბათ ასაკია გადამწყვეტი - ბევრი მათგანი ახლა შემოვიდა შრომის ბაზარზე. 


2.7 ავტომობილი გირჩელების ოჯახების 61%-ს ყავს - მონაცემების ამ სლაიდს გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველოს” მხარდამჭერებს თუ გამოვაკლებთ, ეს პროცენტი სხვა პარტიების შედეგებზე თითქმის ორჯერ მაღალია. 


2.8 გირჩელების 54%-მა მოახერხა ბოლო 6 თვეში იმის დრო და ფული გამოენახა, რომ კინოში (ან თეატრში) წასულიყო - ლოგიკურიცაა, მეტი შემოსავალი ან/და დაბალი ასაკი ნიშნავს, რომ მეტი დრო გაქვს და შეგიძლია საკუთარ თავს ასეთი “ფუფუნების” ნება მისცე. სხვა პარტიებისთვის ეს მონაცემი 15%-ის ფარგლებში მერყეობს. 


2.9 “მაგენი რესტორანში ხუ არ დადიოდნენო” - აქაც გირჩელსა და სხვა პარტიის მხარდამჭერს შორის თითქმის ორჯერადი სხვაობაა. ალბათ “ვოლტის” გამოძახებასაც თვლიან რესტორანში სიარულად ^_^


განათლება:

3.1 გირჩის მხარდამჭერებში “საშუალოზე მაღალი” განათლების საფეხური ორჯერ მეტმა ადამიანმა მიუთითა, ვიდრე სხვა პარტიების მხარდამჭერებმა. 


3.2 გირჩელები ლიდერობენ ინგლისურის ცოდნით. მათმა 78%-მა ეს ენა საშუალოდ ან კარგად იცის. სხვა პარტიებისთვის ეს მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებშია. მათგან მხოლოდ “ახალი საქართველოს” მხარდამჭერები გამოირჩევიან 31%-იანი შედეგით.

 


3.3 გაგვიკვირდა, მაგრამ გირჩელები რუსულის ცოდნით უსწრებენ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერებსაც - ისევე როგორც ყველა სხვა პარტიის ამომრჩეველს. ვოტ ტაკ!


3.4 ორჯერ უკეთესი შედეგი აქვთ გირჩელებს კომპიუტერის ცოდნაშიც. 


3.5 თუ ზედა სლაიდს “კომპიუტერის ცოდნაზე” სხვანაირად გადავალაგებთ, რიგს და სვეტს შევცვლით და გამოვაკლებთ “ასეთი პარტია არ არსებობს” შედეგს, მივიღებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად აფილირებული Iთ სპეციალისტების 15% გირჩის მხარდამჭერია (კომპიუტერის “მაღალი” ცოდნა).


3.6 ლოგიკურია, რომ გირჩის მხარდამჭერები ყველაზე ხშირად სარგებლობენ ინტერნეტითაც - 96%-ით თითქმის 1.5-ჯერ უსწრებენ სხვა პარტიებს. 


3.7 ინტერვიუს შემდეგ CRRC-ს ინტერვიუერები რესპოდენტის სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ ხოლმე. ერთერთი კითხვაა “რესპონდენტის ინტელექტის დონე”. ამ მხრივ “ძალიან ჭკვიანი”-ს შთაბეჭდილება გირჩელების 27%-მა დაუტოვა ინტერვიუერს - საშუალოდ 2,5-ჯერ ხშირად, ვიდრე სხვა პარტიების მხარდამჭერებმა. 


3.8 გირჩელები ასევე ყველაზე იშვიათად უტოვებდნენ ინტერვიუერს იმის შთაბეჭდილებას, რომ დასმულ კითხვას ვერ ხვდებოდნენ. 

4. ხასიათის თავისებურებები: 

4.1 გირჩელები ყველაზე გულწრფელებიც ჩანდნენ ინტერვიუერებთან - 70% სრულიად გულწრფელად მომეჩვენაო, ვხედავთ პასუხებში. სხვა პარტიებიდან ყველაზე ახლოს “ახალი საქართველო”-ს მხარდამჭერებია - 59%. 


4.2 ყველაზე დიდი ენთუზიაზმით კვლევაში მონაწილეობასაც გირჩელები იღებდნენ. შეიძლება აქ ის ვთქვათ, რომ რახან უფრო ახალგაზრდები არიან, არ უჭირთ კითხვა და მაგიტომ არ ამბობდნენ ბარათების გამოყენებაზე უარსო, მაგრამ კაცმა არ იცის :))


4.3 ამ სლაიდზე რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ გვიჩვენებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ აქაც პირველ ადგილზე ვართ. შეიძლება იმის გამო, რომ უფრო ახალგაზრდები არიან, მათი საკმაო ნაწილი უმუშევარია და დრო მეტი აქვს, რომ მეზობელს/მეგობარს დაეხმაროს. 


4.4 ეს სლაიდი როგორ ითარგმნება, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ალბათ იმაზე მიანიშნებს, რომ გირჩის მხარდამჭერები სოციალურად აქტიურები და სამართლიანობის შეგრძნების მქონენი არიან. ალბათ. 
უკეთესი ინტერპრეტაცია თუ გექნებათ, კომენტარებში მოგვწერეთ. რაც არ უნდა იყოს, აქაც სხვა პარტიების მხარდამჭერებზე ორჯერ უკეთესი შედეგი დაიდო. 


4.5 სოციალურ ცხოვრებაშიც აქტიურობით გამოირჩევიან გირჩელები - ხშირად დადიან საჯარო შეხვედრებზე. მართალია, ამ სლაიდზე “სხვა პარტიების” მხარდამჭერები ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებენ, მაგრამ რადგან ეს “სხვა პარტიები” არ ვიცით ვინაა, მხოლოდ იმათ ვედრებით, ვინც ვიცით :)


4.6 პეტიციებზეც დანარჩნებზე ორჯერ მეტად აქტიურობენ გირჩელები, ონლაინ თუ ოფლაინ. რას ცვლის ეს პეტიციები, თორემ კი ბატონო. 


5. ტოლერანტულობა და სტერეოტიპებისგან თავისუფლება: 

5.1 გირჩელები ყველაზე ფემინისტებიც ყოფილან (ამის დასადასტურებლად იხილეთ შემდეგი სლაიდებიც). ემანსიპირებული ქალი მათთვის საფრთხე კი არა, ბუნებრივობაა. ჩვენი მხარდამჭერები სხვა პარტიების მხარდამჭერებზე ორჯერ ხშირად თვლიან, რომ ოჯახის მარჩენალი ქალიც და კაციც თანაბრად უნდა იყოს. 


5.2 ქალთა სექსუალურ თავისუფლებასაც დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით 2-3-ჯერ მეტი გირჩელი უჭერს მხარს. უფრო სწორად - “უჭერს მხარს” არასწორი ფორმულირებაა. ალბათ უფრო “სხვა ადამიანების ცხოვრება მათივე საქმეა” მიდგომის გამო გასცეს გირჩელებმა ამ კითხვას ასეთი პასუხი. 


5.3 ქალების მეგობარ მამაკაცთან (თუ ქალთან - გემოვნებას გააჩნია) თანაცხოვრებასაც ნორმალურად ვუყურებთ - ისევ “სხვა ადამიანების ცხოვრება მათივე საქმეა”. 


5.4 “დააა, ქალმა რომ სიგარეტი მოწიოს? უჰ, როგორ შეიძლება!” - იძახის საზოგადოების 80%. გირჩის მხარდამჭერი ისევ “სხვა ადამიანების ცხოვრება მათივე საქმეა” მიდგომით პასუხობს, თუმცა არც ისეთი კონტრასტულობით, როგორც წინა შემთხვევებში. 


5.5 ალკოჰოლი? აქაც ვლიდერობთ, იმავე დამოკიდებულების გამო. მეორეზე ლეიბორისტები არიან - ალბათ მოქეიფე ქალები უყვართ :) 


5.6 გირჩელები სამეზობლოდ ყველაზე შეუწყნარებლები არიან კრიმინალების (44%) და ნარკომანების (34%) მიმართ. ჰომოსექსუალებს, შავკანიანებს, აზიელებს და სხვა რელიგიის მიმდევრებს სხვა პარტიებზე ნაკლებად ვერჩით. 


5.7 “მოუწონებდით თუ არა თქვენს ახლობელს ქორწინებას სხვა ეროვნების წარმომადგენელთან?” აქ მიყოლებით რამდენიმე სლაიდს ნახავთ. 
“ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს” მიდგომით, გირჩელები ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებზე ნაკლებად ნეგატიურად უყურებენ ასეთ შერეულ ქორწინებებს. 
მაგალითად,

აფხაზთან: 


ოსთან: 


სომეხთან: 


აზერბაიჯანელთან: 
P.S. აქ კუკავას მხარდამჭერები გვჯობნიან ტოლერანტობაში. ან უბრალოდ კუკავას ქართლო-აზერები (საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელები) უჭერენ მხარს? 
P.S.S. ეგაა. ზედა სლაიდზე, სომეხთან ქორწინებაზე, კუკავას მხარდამჭერები ყველაზე ნეგატიურად არიან გამწყობილები! საინტერესოა, საიდან ყავს კუკავას ქართლო-აზერი მხარდამჭერები. 


იტალიელთან (ევროპელები უფრო გვესიმპატიურებიან): 


ამერიკელთან: 


იეჰოვას მოწმესთან:
ყველაზე მარგინალიზებულ რელიგიურ ჯგუფთანაც კი არ ვართ ისე ფობიებით გამსჭვალულები, როგორც დანარჩენი მოსახლეობა. იეჰოვას მოწმესთან მათი ახლობლის ქორწინებას გირჩელების 29 პროცენტი არ შეხვდებოდა როგორც ტრაგედიას. სხვა პარტიებისთვის მიმღებლობის ეს დონე 10-15%-ს არ სცდება. 

5.8 საქმიან ურთიერთობებში ხომ საერთოდ ქართული ტრადიციული ტოლერანტობის განსახიერებები ვართ! :))
“მისაღებია თუ არა თქვენთვის საქმიანი ურთიერთობა სომეხთან” - პირველი ადგილი მიმღებლობაში: 


არაბთან - ისევ პირველი ადგილი: 


იტალიელთან - აქაც პირველი ადგილი: 


ამერიკელთან - 100% და პირველი ადგილი:


და იეჰოვას მოწმესთან? - 41%-ით ისევ პირველები: 


დაა, ჰომოსექსუალთან ბიზნესი? აქ საერთოდ დაკარგული გვაქვს “ქართველობა”. გირჩის მხარდამჭერთან 62%-სთვის მნიშვნელობა არ აქვს ბიზნეს პარტნიორის სექსუალურ პრეფერენციებს :))
ისევ ის პრინციპი - “ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს”.


თუმცა, ერთი უცნაური სლაიდიც შეგვხვდა. რატომღაც, კვლევა გვეუბნება, რომ ეს ლიბერტარიანელი ხალხი ირანელებს ვერ იტანს. 33%-სთვის მისაღებია ირანელთან ბიზნესი, ხოლო 61%-ისთვის - არა. ძალიან გვეეჭვება და აქ შეცდომა გვგონია. თუმცა, გამორიცხული არაფერია. 

6. რელიგიურობა: 

6.1 გირჩის მხარდამჭერები, ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად, უმეტესად ქრისტიანები არიან (85%), თუმცა ამ სლაიდზე ათეისტების პროცენტულობით ვლიდერობთ (12%).


6.2 მიუხედავად დეკლარირებული ქრისტიანობისა, “რელიგია მნიშვნელოვანი არ არის ყოველდღიურ ცხოვრებაში” გირჩის მხარდამჭერთა 36%-სთვის, როცა სხვა პარტიებისთვის ეს მაჩვენებელი 3-დან 16%-მდე მერყეობს. 


6.3 და, ლოგიკურია, რომ გირჩელებს აქვთ ყველაზე დაბალი პროცენტი (36%) მათ შორის, ვინც ბოლო 6 თვეში ეკლესიას/მეჩეთს ფული შესწირა. თუმცა, ამ მხრივ არც სხვა პარტიების მხარდამჭერები იკლავენ თავს. 


7. საშინაო პოლიტიკა, პოლიტიკისადმი დამოკიდებულება:

7.1 ამომრჩევლებიდან ყველაზე ნაკლებად გირჩელი ამომრჩეველი თვლის, რომ მთავრობა მშობელივით უნდა ზრუნავდეს და ეწეოდეს მის აღზრდას. ამ მხრივ ორჯერ უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე სხვა პარტიებს. ლოგიკურიცაა, ლობერტარიანიზმი ხომ ავტონომიურობის და საკუთარი ბედის თავად გადაწყვეტის მიმდინარეობაა. 


7.2 საშუალოსტატისტიკურ სხვა-პარტიელებსაც ვუსწრებთ იმ შეგნებით, რომ ადამიანები აქტიურად უნდა აპროტესტებდნენ იმას, რაც არ მოსწონთ და აქცია პოლიტიკური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. 


7.3 როგორ ვითარდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკა - აქ მოზომილი პოზიცია უჭირავთ გირჩელებს - არც ოცნების ამომრჩეველივით იყრის თვალებში ნაცარს და არც ნაც.მოძრაობის ამომრჩეველივით რადიკალურია. 


7.4 კიდევ ერთი საინტერესო სლაიდი - გირჩის ამომრჩეველი ორჯერ უფრო ხშირად ასახელებს მთავარ პრობლემად განათლების დაბალ ხარისხს, ვიდრე საშუალოსტატისტიკური სხვა პარტიის მხარდამჭერი. ხოლო 24% შემთხვევაში მათ მიერ დასახელებული პრობლემა ინტერვიუერის ბარათში არ აღმოჩნდა, ამიტომ აქვს “სხვა” კატეგორიას ამხელა პროცენტი. ალბათ რეგულაციებზე, სახელმწიფოს ხელში არსებულ ქონებაზე და ადამიანების პირად თავისუფლებაზე საუბარი იმდენად იშვიათია ხოლმე, რომ ჯერ ანკეტის ბარათში ვერ მოხვდა :)

8. საგარეო პოლიტიკა: 

8.1 ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს ჩვენზე რადიკალურად არავინ აღიქვამს - 93%! 
უცნაური ისაა, რომ მეორე ადგილზე ლეიბორისტები მოგვყვებიან 70%-ით. 


8.2 მთავარ მეგობრად უკრაინას ასახელებენ. ჩარტის ნახევარი კი პასუხებს “არცერთი” (27%) და “არ ვიცი” (28%) უჭირავთ. 
აშშ-ს დასახელების ასეთ დაბალ პროცენტს არ ველოდით ოფისში. სამუშაო გვაქვს მაგ მიმართულებით. 


8.3 მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხული გირჩელების 80% საერთოდ არ იზიარებს იმ სულელურ ნარატივს, რომ საქართველოს პრობლემები გაქრება, თუ დასავლეთთან მეგობრობის ნაცვლად რუსეთს ენას მოუჩლექს.  
ყვითელ-მწვანე ბარებით წარმოდგენილი გახლავან პატრიოტთა ალიანსისა და კუკავას მხარდამჭერები! <3


8.4 წინა სლაიდის გაგრძელება - ნატოში შესვლას ყველაზე მეტად საშუალოსტატისტიკური გირჩელი უჭერს მხარს - 84%-ით. არცერთი “არ ვიცი” და არცერთი “არ ვუჭერ”! 


8.5 ევროკავშირი უფრო ნაკლებად გვეხატება გულზე - 81% - რაც გასაგებიცაა. ევრორეგულაციების შესაბამისობის საფასურს ქართული ეკონომიკა კიდევ დიდხანს ვერ აწევს და არც ბრიუსელის ბიუროკრატიული წნეხი ჩანს შორიდან მიმზიდველად. 
თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ყველა სხვა პარტიაზე პრო-ევროპული ამომრჩეველი გვყავს. 


9. ნდობა ინსტიტუციების მიმართ: 

9.1 გირჩელები ყველაზე სკეპტიკურად უყურებენ პარლამენტს - 93% “არ ვენდობი”.


9.2 ვლიდერობთ მთავრობის უნდობლობაშიც - 76%:


9.3 ვახო მეგრელიშვილის გადამკიდე (და იმის გამო, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა სკოლა ცოტა ხანია რაც დაამთავრა) დანარჩენ პარტიებზე ორჯერ ნაკლებად ვენდობით განათლების სისტემასაც - 48%

9.4 გირჩის ამომრჩევლები ყველაზე კრიტიკულები არიან რელიგიური ინსტიტუტების მიმართაც - 27%. 19 და 18 პროცენტებით კუკავას და ნაც.მო.-ს მხარდამჭერები მოგვყვებიან. 


9.5 აქ “არ ვენდობი”-ში ალბათ “არ წარმოადგენს რეალურ შემაკავებელ ძალას საფრთხეებთან მიმართებაში” იგულისხმება?ვერ გეტყვით. 
აბა, ჯარში რა ხდება ისეთი, რომ ან ენდობოდე, ან არ ენდობოდე. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს პასუხი, აქაც ლიდერობენ გირჩელები 28%-ით


9.6 და, დიახ, არც გამოკითხვებს არ ენდობიან :)) 


10. სხვადასხვა: 
აქ უბრალოდ რამდენიმე საინტერესო სლაიდს მოვუყარეთ თავი.

10.1 გირჩის ამომრჩეველთა მხოლოდ 7% თვლის საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად (სხვა პარტიებს ასეთი ხალხი 40-50% ყავთ), ხოლო 90% მიიჩნევს, რომ ბოროტების ამ იმპერიის დაშლა კარგი მოვლენა იყო. ეს სლაიდი ოფისში ძალიან გაგვიხარდა. სწორი ხალხი გვიჭერს მხარს. 


10.2 თუ გირჩელი ხართ, 1,5-ჯერ მეტი შანსია, რომ უცხოელი ან ემიგრაციაში მყოფი ახლო მეგობარი გყავდეთ. ეს ისე, just for fun. 


10.3 და ბოლოს - ფატალიზმის აღქმა, ანუ რამდენად თვლის ადამიანი საკუთარი ბედის ბატონ-პატრონად თავს - აქაც, წარმოდგენილ პარტიებში საუკეთესო შედეგი გვაქვს. გირჩელები თვლიან, რომ თავად წყვეტენ საკუთარ ბედს (80%). ესეც ძალიან იმედისმომცემი შედეგია - რაცმეტად სჯერა ადამიანს, რომ მის მოქმედებებზეა დამოკიდებული მისი მომავალი, მით მეტია შანსი იმისა, რომ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად რამე გააკეთოს. 


დიდი მადლობა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს ამ მართლა საინტერესო მონაცემებისთვის. თუ რამე (თუნდაც ყველაფერი) შეცდომით “გადმოვთარგმნეთ”, ველით კრიტიკას და მზად ვართ ყველა შენიშვნა გავითვალისწინოთ - პირველად ვცადეთ ამ ინფორმაციის ასე გამოყენება და “შეცდომები მოსულა”. 

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი. 2019 წელი. “კავკასიის ბარომეტრი 2019 საქართველო. აგებულია მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე : Caucasusbarometer.org

ავტორი: ჰერმან საბო
 



კომენტარები