ელისაშვილი: ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში საბჭოთა მმართველობის სისტემა

"სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში, ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე ეუთოს დასკვნისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

ეუთოს დასკვნაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა "ოდირის" პრეროგატივა არ არის. ალეკო ელისაშვილის თქმით, იმ ხელისუფლებისგან, რომელიც საჯაროდ დადებული პირობა დაარღვია, ყველაფერია მოსალოდნელი და ეუთოს კი არა ნებისმიერი ავტორიტეტის ნათქვამს როგორც აწყობთ ისე გაიგებენ.

სადაც ამ ხალხმა ის იკადრა, რომ პროპორციული არჩევნების პირობა დადო საჯაროდ და მერე უარყო, ასეთი რამ საერთოდ არ გვითქვამსო. ამის მკადრებლებს რა უნდა მოვთხოვოთ?

- ამბობს ელისაშვილი ტვ-პირველის ეთერში.

როგორც "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი აღნიშნავს, ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც მიმდინარეობს, სისტემის დაშლის შესახებ ოპოზიციის მოლაპარაკებებია. ელისაშვილის აზრით, "ქართული ოცნების" საყრდენი ხალხის სააკაშვილის დაბრუნებით დაშინებაა. ამის გასანეიტრალებლად კი მნიშვნელოვანია, სააკაშვილისგანაც და ნებისმიერისგან მყარი გარანტიები არსებობდეს, რომ ერთი ადამიანის ან კონკრეტული ჯგუფის ხელში არ აღმოჩნდება ძალაუფლება. როგორც ელისაშვილი ამბობს, "გირჩს" ამ ინიციატივისთვის მადლობა ეკუთვნის და საქმე აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი:

"არსებითი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში საბჭოთა მმართველობის პოლიტიკური სისტემა. ეს სისტემა უნდა დავშალოთ თავიდან ბოლომდე. ისეთი სისტემა უნდა ავაწყოთ, რომელშიც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო, ხელისუფლებები იქნება დაყოფილი. ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემას სახელად არ ჰქვია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, თორემ შინააარსი ზუსტად იგივეა. ერთი ძალა მოდის ხელისუფლებაში და იდებს ყველაფერს ჯიბეში. ამიტომ არის ეს საშიში, თორემ პიროვნულად სააკაშვილის ან ივანიშვილის ვის უნდა შეეშინდეს. ჩემი თხოვნა იქნება ყველასადმი, რომ ვილაპარაკოთ ბევრი იმაზე, როგორ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლისაც არ შეგვეშინდება და წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას."

- ამბობს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი ორპუნქტიან გეგმაზე თანამშრომლობს, რომელიც სისტემის დაშლას, დეცენტრალიზებულ  ძალოვან სტრუქტურებსა და რესტიტუციას (მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემას) გულისხმობს.

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა "გირჩის" ოფისში დღეს 19:00 საათზე გაიმართება.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები