177 Views
პოლიტიკა

ოპოზიციამ უნდა განაგრძოს ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა - ზურაბ ჯაფარიძე

დღეს ოპოზიციამ მმართველ გუნდს მორიგი საპროტესტო აქცია - სირცხვილის დერეფნები მოუწყო პარლამენტთან. აქციას პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან. "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციამ ბევრნაირი მეთოდით უნდა განაგრძოს მმართველ ძალაზე ზეწოლა და მათთვის დისკომფორტის შექმნა.

დისკომფორტის მნიშვნელოვანი ნაწილია ის კრიტიკა, რომელიც მოდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. საბოლოო ჯამში, ამ აქციის შინაარსი და მოთხოვნა არის იგივე, რაც იყო ახალ წლამდე - ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს. რეალურად ეს არის ერთი ერთში იგივე, რა გზავნილებიც მოდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ხელისუფლება, რომელიც ამბობდა, საარჩევნო სისტემის თემა დახურულიაო, ამ დისკომფორტმა აიძულა, რომ დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. 

ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლების წარმომადგებლების აშშ-ის კონგრესში ვიზიტებსაც შეეხო. მისი თქმით, მმართველი ძალა უბრალოდ თამაშობს და მათი მოჩვენებითი სერიოზულობა კომიკურობას სძენს ამ შეხვედრებს.

"ჩემი აზრით მათი ნაწილი უბრალოდ თამაშობს, რომ ვითომ რაღაც სერიოზულობას სძენს ამ ვიზიტებს, თამაშობს იმას, თითქოს რამე შანსი არსებობს მათი ამერიკაში ჩასვლით, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციის ან კონგრესის დამოკიდებულება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეცვალონ. ნაწილი კი მართლა სულელია და შეიძლება მართლა სჯერა, რომ იქ ვიღაცები შეცდომაში არიან შეყვანილი და აქედან თუ ჩავლენ, თავის ვერსიას მოუყვებიან "სიმართლის", ამით ვიღაცას გადაარწმუნებენ."

- ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში. 

"გირჩის" ლიდერი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის აშშ-ში ვიზიტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გვაქვს და დასავლელი პარტნიორები ამას პირდაპირ გვეუბნებიან.

"კონკრეტულად ზალკალიანის ვიზიტიდანაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ მათი პოზიციები არ იცვლება, ვგულისხმობ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რიშის განცხადებას ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ - ძალიან ნათლად ჩანს, რომ ამერიკის მხრიდან იმის შეფასება თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანაში დემოკრატია, ცალსახაა. უკვე არა დიპლომატიურ ლექსიკასაც იყენებენ, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს."

- ჯაფარიძის თქმით ეს ხელისუფლება ვერავის ცნობიერებას ვერ აუმაღლებს, რადგან თავად აქვს ცნობიერება ასამაღლებელი. 

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში სამუშაო შეხვედრით იმყოფება, სადაც ის შეხვედრებს მართავს კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის წევრებთან. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით შემაშფოთებელი ნიშნები გამოჩნდა, მან ასევე აღნიშნა, რომ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე გარანტიები მიიღეს საქართველოში ვითარების შეცვლასთან დაკავშირებით. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები