სიახლეები

219 Views
პოლიტიკა

"გირჩის" განცხადება ამერიკული ინსტიტუტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შესახებ

"გირჩი" საქართველოში მოქმედი ამერიკული პრო-დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო პერიოდში საქართველოში კვლავ გააქტიურდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია.

ამ კამპანიის ნაწილია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული ერთი შეხედვით მოზომილი განცხადებები და პატრიოტთა ალიანსის მიერ აშშ-ს საელჩოსთან ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

კამპანია ერთმნიშვნელოვნად ორკესტრირებულია ერთი წყაროდან და მიუხედავად იმისა, რომ არ ისმის აშშ-ს პირდაპირი კრიტიკა და ძირითადი აქცენტი კეთდება კვლევების, ისევე როგორც მათში ჩართული ცალკეული ორგანიზაციების არასანდოობაზე, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ჯამში ეს კამპანია ატარებს ანტი-ამერიკულ ხასიათს.

ჩვენ ვთვლით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო და არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი, იმ სამყაროსი, რომლის სრულფასოვანი წევრიც გვინდა გახდეს საქართველო.

გირჩის მიზანია საქართველო იქცეს თავისუფლების კუნძულად კავკასიაში - სამხრეთ კავკასიის ამერიკად.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სთან, მათ შორის თავისუფალ ვაჭრობასა და ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას საქართველოში.

მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის ყველაზე სწრაფი გზა როგორც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისე სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის.

1983 წლიდან ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი ხელს უწყობენ მსოფლიოში თავისუფლების იდეის გავრცელებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.

მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ისწრაფვის მეტი თავისუფლებისკენ, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, რომელმაც 70 წელი პრაქტიკულად მონობაში გაატარა.

შესაბამისად, ამ ინსტიტუტების საქართველოში საქმიანობის ფარული თუ ღია მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს მხოლოდ თავისუფლებისმოძულე და საბჭოთა წარსულის მოტრფიალე ადამიანი თუ ორგანიზაცია.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ საბოლოო ჯამში თავისუფლება ამ ქვეყნის მოქალაქეების მოსაპოვებელია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ მადლიერების გრძნობა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიმართ, რომ მათ მიერ შექმნილი დოვლათის ნაწილი იხარჯება ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაზე."

ვკითხულობთ "გირჩის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 იანვარს, "გირჩის" წევრებმა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, მისასალმებელი აქცია გამართეს და გამოეხმაურნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო ელჩის, კელი დეგნანის ჩამოსვლას.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები