სიახლეები

საპროკურორო საბჭოს მოსმენები ფორმალობაა, ყველამ იცის, რომ შოთაძე ივანიშვილის კადრია - ჯაფარიძე

პროკურატურაში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. დღეს, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის ორ კანდიდატს: ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრება.

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალურ პროკურორად შესაძლოა ირაკლი შოთაძე დაბრუნდეს. თემის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ პალიტრა ნიუსის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, საპროკურორო საბჭოს ეს მოსმენები დადგმულია და ის ფაქტი, რომ ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილის კადრია ყველაფერს გასაგებს ხდის.

შოთაძე არის ის კანდიდატი, ვისზეც ფსონს დებს ივანიშვილი. დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივი თამაშია. უბრალოდ რაღაც წესები არსებობს, რომელსაც იცავენ, მათ შორის ამ გამჭვირვალობის პრინციპს. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ ტიპის მოსმენებს, რომელსაც ხალხი ლაივში უყურებს, ის დადებითი მხარე აქვს, რომ ადამიანები ხედავენ, როგორ მოსამართლეებთან და პროკურორებთან გვაქვს საქმე და აქამდე თუ არ ვიცნობდით და არაფერი ვიცოდით მათ შესახებ, ახლა ყველაფერი გასაგები ხდება. თუმცა საბოლოოდ, შედეგი უცვლელია, რადგან მაინც იმას ირჩევენ, ვისაც ივანიშვილი გადაწყვეტს.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იქ შოთაძე იჯდება თუ რომელიმე სხვა გვარის ადამიანი. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის ივანიშვილის კადრი და მიზანი საბოლოო ჯამში არის ის, რომ პროკურატურის სისტემაში მას ჰყავდეს თავისი მმართველი. ეს სისტემა კი ისეა მოწყობილი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რომ მთავარია ზემოთ ვინ არის, იმას თუ მართავ, მართავ მთლიანად სისტემას.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ძველი კადრების დაბრუნება იმაზე მიუთითებს, რომ ივანიშვილს არ ჰყავს სხვა ხალხი, რომელთაც ენდობა და ამიტომ ტრიალებს წრეზე.

მან ისეთი სისტემა შექმნა, რომ შიგნით არ ჰყავს ადამიანი, რომელსაც საკუთარი კაპიტალი გააჩნია, თუ ვინმე ასეთი ჩნდება, ის დიდხანს არც ჩერდება და მიდის. 

- ამბობს ჯაფარიძე პალიტრა ნიუსის ეთერში. მისივე თქმით, ამგვარი მიდგომით ჩანს, რომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ფსონს ისეთ ელექტორატზე აკეთებს, რომელთა სენტიმენტებიც ძალიან ახლოს არის რუსულ დღის წესრიგთან, ადამიანებთან, რომელთაც ეშინიათ, რომ ქართველობას წაგვართმევენ, ეშინიათ ლგბტ თემის, ნატოს ბაზების და ა.შ.

"ეს არის ელექტორატი, რომელსაც გადაფარვა აქვს ირმა ინაშვილის მხარდამჭერებთან და როგორც ჩანს, ფსონს სწორედ ასეთ ხალხზე აკეთებს. ამომრჩევლების სხვა ნაწილში იმდენად დაკარგა ნდობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროპორციულ არჩევნებზე გადაგვაგდო, რომ სხვაგან ფსონის გაკეთებამ აზრი დაკარგა."

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ივანიშვილის ასეთი მდგომარეობა რეალურად "ოცნების" სისუსტეზე მიუთითებს, რაც ოპოზიციისთვის ხელსაყრელია და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ "გირჩი" დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის რეჟიმშია. განიხილება "გირჩის" ორპუნქტიანი გეგმა, რაც ძალოვანი სტრუქტურების დაშლას და რესტიტუციის - მოქალაქეებისთვის ბოლშევიკების მიერ წართმეული ქონების დაბრუნების პროექტს გულისხმობს. 

იხილეთ გირჩის ორპუნქტიანი გეგმა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები