361 Views
მართლმსაჯულება

პიკეტირების საქმეზე ზურაბ გირჩსა და "გირჩის" საბჭოს წევრს 2000 ლარი შეეფარდათ

დღეს საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრის, იმედა კლდიაშვილის, პროცესი გაიმართა. განიხილებოდა 18 ნოემბრის აქციის საქმე, სადაც ჯაფარიძე და კლდიაშვილი პარლამენტის პიკეტირების დროს დააკავეს.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ორივე მათგანს ადმინისტრაციული სახდელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

სასამართლო სხდომაზე, ტრადიციულად, მოწმეების სახით დაიკითხნენ სხვა პოლიციელები და არა ისინი, ვინც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი რეალურად დააკავა.

პოლიციელმა, პაატა არჩვაძემ, რომელიც საქმის ერთ-ერთი მოწმეა, პროცესზე განაცხადა, რომ ზურაბ ჯაფარიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ის, თუ კონკრეტულად რა უთხრა, არ ახსოვს. მისივე თქმით, ჯაფარიძე ხმამაღლა ლაპარაკობდა, ხელებს იქნევდა და სწორედ ეს გახდა მისი დაკავების საფუძველი.

იმედა კლდიაშვილმა დაკავების დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო - მას აღენიშნებოდა მოტეხილობები სახის არეში. ადვოკატის შუამდგომლობა საქმისთვის სამედიცინო ცნობის დართვასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სასამართლოზე, გარდა იმისა, რომ ცრუ მოწმეები დაიკითხნენ, პოლიციელებმა გაყალბებული პატაკი წარადგინეს.

ორგვერდიანი პატაკია 13 ადამიანის დაკავებაზე, სადაც მეორე გვერდები არის იდენტური, ბეჭედი არის იდენტური, ნომერი, რომლითაც გატარებულია დოკუმენტები, არის იდენტური - პირველი გვერდებია სხვადასხვა. ჩემს შემთხვევაში ამოღებული არის ქუჩების დასახელებები, რომელიც იმედას პატაკში დატანილია. 

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი რეალური ვიდეო მტკიცებულება. არსად ჩანს თავად მისი დაკავების ფაქტი, ხოლო ერთ-ერთ ვიდეოში მხოლოდ იმედა კლდიაშვილის დაკავების მომენტია დაფიქსირებული და არა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი.

"საერთოდ არ დამიმტკიცდა, რაზეც საუბარი იყო იმიტომ, რომ დაავიწყდათ სამართალდარღვევის ოქმში ჩაეწერათ, რომ მონაწილეობას ვიღებდი პიკეტირებაში. ამიტომ, საერთოდ დანაშაული არ მაქვს ჩადენილი და უბრალოდ მომისაჯეს 2000 ლარის გადახდა იმისთვის, რომ, თითქოს, წინააღმდეგობას ვუწევდი პოლიციას, რაც ასე არ ყოფილა"

- როგორც ჯაფარიძე ამბობს, ჯარიმის გადახდას არც ის და არც იმედა კლდიაშვილი არ აპირებენ და განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები