სიახლეები

ევროპის სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი

"მე ვიცხოვრე თქვენს მომავალში და მან არ იმუშავა."
— ვლადიმირ ბუკოვსკი

რა არის ის, რაც ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს, და რა არის ის, რაც ამ პროცესს ხელს უშლის? ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს კერძო საკუთრებაზე მდგარი თავისუფალი ბაზარი, რაც თავისუფალი ვაჭრობით და თავისუფალი მიგრაციით შეიძლება იყოს გამოხატული და ეკონომიკურ ზრდას ხელს უშლის სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადები, რეგულაციები, და შეზღუდვები, ანუ, ყველაფერი ის, რაც თავისუფალ ბაზარს კლავს.

თავისუფალ ვაჭრობას და თავისუფალ მიგრაციას ხელშეკრულებების დადება არ სჭირდება - მას სჭირდება სახელმწიფოების მიერ დაწესებული ბარიერების მოხსნა და არაფერი სხვა. ევროკავშირში გაწევრიანება კი არ არის ის, რასაც თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი მიგრაცია მოსდევს თან, არამედ იმავე ევროკავშირის მიერ ევროკავშირში არმყოფი ქვეყნებისთვის დაწესებული ორმხრივ მავნებლური ბარიერების გაუქმება.

რას ითხოვს ამის სანაცვლოდ ევროკავშირი? ის ითხოვს ტონობით მავნებლური რეგულაციების და შეზღუდვების დაწესებას, რათა საკუთარი პროტექციონისტული პოლიტიკა გაატაროს და ევროკავშირში მანამდე გაწევრიანებული ქვეყნების მწარმოებლები ევროკავშირში ახლადმიღებული ქვეყნების მწარმოებლების მხრიდან კონკურენციისგან დაიცვას. სხვა სიტყვებით, ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ მას შემდეგ ხდება ნებადართული, რაც ინტეგრაციის მსურველი ქვეყნის ეკონომიკა ზემოაღნიშნული მეთოდებით იმდენად დასუსტდება, რომ არაკონკურენტული გახდება.

აი, ეს არის ევროკავშირის რეალობა: საკუთარი მომხმარებლების დაზარალება საკუთარი მწარმოებლების კონკურენციისგან დაცვის გზით. ეს პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდას ვერ უზრუნველყოფს, რადგან კონკურენციის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკა არ მუშაობს.

ევროკავშირი არის ევროპის სოციალისტური კავშირი, რომელსაც ადრე თუ გვიან იგივე ბედი ელის, რაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს ხვდა წილად.

სანამ დეკლარირებულად ეკონომიკური თავისუფლების მომხრე პოლიტიკური პარტიები ღიად არ განაცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირში არ არის, რადგან ეს უკანასკნელი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის წინააღმდეგია, ხოლო ასეთი ეკონომიკის გარეშე საქართველო ვერასდროს გახდება მდიდარი ქვეყანა, მანამდე ითამაშებენ ეს პარტიები წინასწარ წაგებულ თამაშს, და მანამდე გაჭრის ყველა მათ კარტს დიდი სახელწიფოს მომხრეების ტუზ-კოზირი, სახელად "ევროკავშირში თუ გვინდა შესვლა, იქ ასეა".

ამას გარდა, ამ განცხადებით მოცემულ პარტიებს გაუჩნდებათ რეალური შანსი, რომ ამომრჩეველთა ის დიდი სეგმენტი გადაიბირონ, რომელსაც ამა თუ იმ, და, არცთუ იშვიათად, კრემლის მიერ გამოგონილ მიზეზთა გამო, ევროკავშირში შესვლა არ სურს, და რომელიც, ამჟამად, პრორუსული პარტიების საკბილოდ არის ქცეული.

პრორუსულობა და დიდი სახელმწიფოს მომხრეობა საქართველოს პოლიტ-ეკონომიკურ რეალობაში, ხშირად, ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, და ასეთი იდეოლოგიის მქონე პარტიები, მათი პრორუსულობის მიუხედავად, ან, იქნებ, ზუსტად ამის გამო, სწორედ ზემოაღნიშნულ ნარატივს იყენებენ თავისუფალი ბაზრის მომხრეებთან კამათისას. დიდ გამჭრიახობას არ მოითხოვს იმის მიხვედრა, რომ საქართველოს ეკონომიკური სიდუხჭირე, პირველ რიგში, კრემლს აწყობს.

კარგ სტრატეგს შეუძლია ისე შემოატრიალოს მდგომარეობა, რომ მოწინააღმდეგის უპირატესობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ამ გზით მოიპოვოს გამარჯვება. დროა, მოვრჩეთ მშიერი მოსახლეობის გამოკვებას არაფრისმომცემი ილუზიებით ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, და ჩასაძირად განწირულ გემზე ასვლის მცდელობას არ გადავაყოლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამ გემიდან უკვე გაიქცა გაერთიანებული სამეფო და, შესაძლოა, მას მალე სხვებიც მიჰყვნენ.

მხოლოდ უვიცს, სულელს ან მავნებელს შეუძლია "საერთაშორისო თანამეგობრობის" - იქნება ეს ევროკავშირი თუ რომელიმე სხვა ზესახელმწიფოებრივი გაერთიანება - ისეთ მოთხოვნებს დათანხმდეს, რომლებიც მის ქვეყანაში თავისუფალ ბაზარს მოკლავს და, შედეგად, მას სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლებად კონკურენტულად აქცევს.

ვინც მხარს უჭერს, რომ საქართველოს, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გამო, მაღალი გადასახადები ჰქონდეს, რათა მთავრობა გადასახადების გადამხდელებისთვის წართმეული ფულით ყალბ "სოციალურად დაუცველებს" ეხმარებოდეს და ამით "უთანასწორობის აღმოფხვრას" ცდილობდეს, ავტომატურად მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოში არსებული კერძო კომპანიების მიერ დოვლათის წარმოქმნა შეზღუდული იყოს, და არც უცხოურ კერძო კომპანიების ჰქონდეთ აქ შემოსვლის, ინვესტიციების ჩადების, და ბიზნესის კეთების სურვილი, ანუ, საქართველო ამ კომპანიებისთვის კონკურენციაში დამარცხდეს, და მისი მოსახლეობა ვერ გამდიდრდეს.

ვინც მხარს უჭერს, რომ საქართველო, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გამო, "კეთილდღეობის სახელმწიფო" იყოს და ამიტომ საზღვრები ჩაკეტილი ჰქონდეს, რათა მიგრანტები საქართველოს გადასახადების გადამხდელებისთვის წართმეული "კეთილდღეობის" მისაღებად არ მოდიოდნენ, ავტომატურად მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოში უკვე არსებული მოსახლეობის დამსაქმებელი და მათთვის იაფი და/ან ხარისხიანი სერვისების მიმწოდებელი, და, ამდენად, დოვლათის შემქმნელი ადამიანების შემოსვლა არ ხდებოდეს და ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ღარიბ-ღატაკი რჩებოდეს.

ვინც მხარს უჭერს, რომ საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გამო, თავისუფალი ბაზრიდან იღებდეს გადასახადებს და მერე ამ ფულით ჯანდაცვის, განათლების, და სხვა სერვისების დაფინანსებას ახდენდეს, ავტომატურად მხარს უჭერს იმას, რომ ეს სერვისები სახელმწიფოს მიერ იყოს ძალადობრივად მონოპოლიზებული, ანუ, უხარისხო და/ან ძვირი, ან, კიდევ - სახელმწიფოსთან გარიგებული და სუბსიდირებული კერძო კომპანიების მიერ მოწოდებული, ანუ, ასევე უხარისხო და/ან ძვირი, და დოვლათის შექმნის ნაცვლად დოვლათს ანადგურებდეს.

ვინც მხარს უჭერს, რომ საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გამო, "ქმედითი შრომის უსაფრთხოების", "გარემოს დაცვის", "პროფესიული ლიცენზირება-სერთიფიცირების", "უცხოელებზე მიწის მიყიდვის ამკრძალავი" და სხვა მავნებლური რეგულაციები დააწესოს ან არ გააუქმოს, ავტომატურად მხარს უჭერს იმას, რომ ინდივიდებს შორის და კერძო კომპანიებს შორის კონკურენცია შეზღუდული იყოს, და არც უცხოურ კერძო კომპანიებს ჰქონდეთ აქ ბიზნესის წარმოების სურვილი, ანუ, მოსახლეობას სერვისები უხარისხოდ და/ან ძვირად მიეწოდებოდეს, და ამიტომ ვერ მდიდრდებოდეს.

ვინც მხარს უჭერს, რომ საქართველომ, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გამო, ინტელექტუალური საკუთრების ყალბი უფლების დაცვით რეალური კერძო საკუთრების უფლება შელახოს და კონკურენცია მოკლას, ავტომატურად მხარს უჭერს იმას, რომ უამრავი სერვისი, მედიკამენტებით დაწყებული და კომპიუტერული პროგრამებით დამთავრებული, იყოს კატასტროფულად ძვირი და საქართველოს მოსახლეობა პირდაპირ, ანუ, საკუთარი ჯიბიდან დაფინანსებით, ან ირიბად, ანუ, საბიუჯეტო დაფინანსებით, უსამართლოდ მაღალ ფასს იხდიდეს ამ სერვისებისთვის, ღატაკდებოდეს, და ეს ფული კიდევ უცხოელ თუ ადგილობრივ ძალადობრივ მონოპოლისტებთან მიდიოდეს.

ვინც მხარს უჭერს, რომ საქართველოს, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გამო, თავისუფალი ვაჭრობა არ ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთან, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენციისგან დაცვის თუ "რუსეთის დასჯის" მიზნით, ავტომატურად მხარს უჭერს იმას, რომ ადგილობრივი მწარმოებლები მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე მდიდრდებოდნენ და, ამასთან, სასათბურე პირობებში ყოფნის გამო სუსტდებოდნენ, ხოლო საქართველოში მცხოვრები მომხმარებელი ნერწყვს ყლაპავდეს იმის ცქერით, თუ როგორ მდიდრდებიან იგივე ქვეყნები, რომელთა გულის გასახარადაც რუსეთთან ვაჭრობაზე უარი ვთქვით, იმავე რუსეთთან ვაჭრობის გზით.

ვინც მხარს უჭერს, რომ საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გამო, ნარკოტიკების და იარაღის წარმოება, და ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა აკრძალული იყოს, ავტომატურად მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ნებაყოფლობით ქმედებებთან ბრძოლაზე და დაკავებულების ციხეში შენახვაზე ფლანგავდეს გადასახადების გადამხდელებისთვის წართმეულ ფულს და ღატაკდებოდეს, ხოლო საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა ვერასდროს გაუმჯობესდეს. იგივე ქმედებები, მათი ლეგალურობის შემთხვევაში, პირიქით, დოვლათს წარმოქმნიდა და მოსახლეობას გაამდიდრებდა.

ვინც მხარს უჭერს, რომ საქართველოს ძალადობრივად მონოპოლიზებული თავდაცვა-უსაფრთხოების სერვისი ჰქონდეს, ავტომატურად მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას აკრძალული ჰქონდეს ამ სერვისის ყიდვა იმ მწარმოებლებისგან, რომელთაგანაც თავად სურს მისი ყიდვა, და, ამდენად, ეს სერვისი იყოს უხარისხო და/ან ძვირი. საქართველოს მოსახლეობა, ერთი მხრივ, თავად მისი ინდივიდუალური შეიარაღების და, მეორე მხრივ, თავდაცვა-უსაფრთხოების სერვისის კერძო მწარმოებლებისგან შეძენის შედეგად კრიმინალისგან, საკუთარი მთავრობისგან, და სხვა ქვეყნების მთავრობების აგრესიისგან ყველაზე უკეთ შეძლებდა თავის დაცვას.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები