319 Views
პოლიტიკა

"ეს სისტემა ჭამს ყველას, მათ შორის სისტემის თავში მდგომებსაც" - უგულავა

"ეს სისტემა ჭამს ყველას, მათ შორის იმასაც, ვინც სისტემის თავში დგას ხოლმე. როგორც სააკაშვილმა, მელიამ თუ უგულავამ იწვნია ამ სისტემის ცუდი და უსამართლო მხარეები, ასევე იწვნევს ნებისმიერი, თუ ჩვენ ეს სისტემა არ შევცვალეთ და სისტემის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ფუნქციები გადანაწილდეს, მართვა არ უნდა ხორციელდებოდეს თოფიანი კაცით, მართვა უნდა ხორციელდებოდეს არჩეული ადამიანებით ადგილებზე."

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ,სისტემის დაშლის აუცილებლობაზე ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ისაუბრა. მან ისიც აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ეთანხმება და ამ მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო.

როგორც უგულავა ამბობს, საქართველოში მხოლოდ დეკორაციები იცვლებოდა და მართვის ღერძი, რომელიც შექმნა ედუარდ შევარდნაძემ 1977 წლიდან დღემდე, არ შეცვლილა - ქვეყანა იმართება ძალოვანი სტრუქტურებით. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმაც და ზოგადად საზოგადებამ ერთად, ცივილურად თანაარსებობა ისწავლოს. დღეს კი გვყავს ხელისუფლება, რომელიც კოაბიტაციას ნეგატიურად აფასებს. 

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ორპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის მთავარი კომპონენტი - ძალოვანი სტრუქტურების დაშლა - პოლიციისა და პროკურორების არჩევითობაა. გეგმის მეორე ნაწილი კი, რესტიტუციას, ბოლშევიკების მიერ წართმეული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნებას გულისხმობს, რაც სწრაფი გამდიდრებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები