სიახლეები

144 Views
ეკონომიკა

საპენსიო სააგენტო დირექტორის მოლოდინში

სახელმწიფო საპენსიო სააგენტო 16 იანვრიდან დირექტორის გარეშე ფუნქციონირებს. ლევან სურგულაძემ პოსტი ოფიციალურად დღეს დატოვა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მან გასული წლის დეკემბერში მიიღო.

დასაქმების საიტ jobs.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ ვაკანსია სააპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე. ხელფასი 10-დან 15 000 დოლარამდე იქნება. 

საპენსიო სააგენტოს შესახებ კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დირექტორს თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს.

საპენსიო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე გახდა, რომელიც აქამდე დირექტორის მოადგილე იყო, ის მოვალეობას 31 იანვრამდე შეასრულებს, ვიდრე კონკურსის წესით ახალ დირექტორს არ აირჩევენ.

შეგახსენებთ, 2019 წლის იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იყო 40 წლამდე ასაკის პირებისთვის - დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 წელი არ ჰქონდათ შესრულებული. ხოლო დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდათ 40 წელი, ან იყვნენ 40 წელზე მეტის, სისტემის დატოვების შესაძლებლობა ჰქონდათ  2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისამდე.

"გირჩის" აზრით ეს პროექტი მთავრობას საკუთარი მოთხოვნილებების დასაფინანსებლად დაჭირდა. სინამდვილეში მარტივი რამ მოხდა, ოფიციალურად ხელფასი დაგავკლდა და ფაქტობრივად დამსაქმებლის 2 %-საც ჩვენ ვიხდით.

ამ რეფორმის რეალური არსი დიდი ფულია, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოცულობებით უნდა ამოიღონ დღეს დასაქმებული მოქალაქეების ჯიბეებიდან და თავი მოუყარონ ვიღაცების ანგარიშებზე.

"ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას, მეტროს ჭერს რომ გაარემონტებს, ეს ჭერი ერთ თვეში თავზე ენგრევა  და მსგავსი მარტივი პროექტების მართვა არ შეუძლია, როგორ შეიძლება ამბიცია ჰქონდეს ასეთი მასშტაბური პროექტის მართვაზე. თან ხალხს აჯერებდეს, ამას წარმატებით გავართმევთ თავსო" - ამბობდა ზურაბ ჯაფარიძე საპენსიო რეფორმის შესახებ, რამდენიმე თვის წინ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები