სიახლეები

ჯაფარიძე მოსამართლე ფილიშვილს - გიყურებთ, როგორც სისტემის ყურმოჭრილ მონას

18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული რამდენიმე ბრალდებულის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მათ შორის არიან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და "გირჩის" ბორდის წევრი  იმედა კლდიაშვილი, რომელთა პროცესი 17 იანვარს დაინიშნა. ზურაბ ჯაფარიძე - 13:00 საათზე, იმედა კლდიაშვილი - 16:00 საათზე.

ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილს მიმართავს.

"პარასკევს, 13.00 საათზე ჩაგინიშნავთ ჩემი ‘სასამართლო’.

რადგან უკვე არაერთხელ გავლილი მაქვს ეგ მასკარადი, წინასწარ გეტყვით რას ვფიქრობ:

1. პარლამენტის პიკეტირებაში ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას. გადამგდები ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერ მშვიდობიან პროტესტს ვუჭერ მხარს, მომავალშიც იგივეს გაკეთებას ვაპირებ და თუ ვინმე მისმენს, მათაც იმავეს მოვუწოდებ.

2. სპეცდანიშნულების რაზმს ვუწევდი ღია წინააღმდეგობას, მას შემდეგ რაც მათ მიწაზე დაწოლილ ადამიანებზე ფეხით გადავლა დაიწყეს. ანალოგიურ სიტუაციაში, მომავალშიც ზუსტად ასე ვაპირებ მოქმედებას, მიუხედავად იმისა რა განაჩენზე დაარტყამთ ჩაქუჩს.

3. ქართული სასამართლო, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელიც ხართ თქვენ, მიმაჩნია საბჭოთა ბოროტების ყველაზე საშიშ ნარჩენად ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ იმისათვის რომ ეგ თქვენი დედააფეთქებული სამსახური გავანადგურო.

4. პირადად თქვენ გიყურებთ როგორც ამორალურ ადამიანს, სისტემის ყურმოჭრილ მონას, რომელსაც არავინ ეკითხება რა განაჩენს გამომიტანს და შეასრულებს იმ პოლიტიკურ დაკვეთას, რასაც ზემოდან მიიღებს - მათ შორის ვერ დამიჭერს თუ ასეთი პოლიტიკური დაკვეთა ექნება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ სტატუსზე ძალიან გაბრაზდება.

არ მეცოდებით, არ გითანაგრძნობთ და ეს დამოკიდებულება არ შემეცვლება, სანამ თქვენ და თქვენნაირები გააზრებულად უარს არ იტყვით ჯალათის როლის შესრულებაზე.

people who don't expect justice don't have to suffer disappointment."

- წერს ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები