სიახლეები

116 Views

ჯაფარიძე: დეკანოზი მამალაძე პატიმრობაში საპატრიარქოს დაკვეთით რჩება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე, ტრადიციულად , არ შეიწყალა.

დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამ ამბის მიზეზად უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის მკვლელობის თავიდან აცილება დაასახელეს ტრაგიკული სახეებით და ამაყი გამომეტყველებით. თუმცა დეკანოზს, მოგვიანებით, სასამართლოში ბრალი ოფიციალურად არა პატრიარქის, არამედ  პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის წაუყენეს და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რთულად გასაგები, გრძელი და ზოგადი შესავლის შემდეგ, შეწყალებაზე უარი „საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფით“ ახსნა, მინიშნება კი კვლავ პატრიარქის მკვლელობაზე გააკეთა - : "პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას."

 - რატომ შეიყვანა პრეზიდენტმა საზოგადოება შეცდომაში? მაშინ, როცა ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილია არა ეკლესია და მისი მეთაური, არამედ საერო პირი შორენა თეთრუაშვილი.

ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიუხედავად წმინდა სინოდის შუამდგომლობისა, შეწყალებაზე მაინც უარი თქვა, რადგან ის რაც მიტევებადია ქრისტიანულად, არსებითად განსხვავდება სახელმწიფოს მხრიდან შეწყალებისგან. 

ამ დროს, ოფიციალური  შეწყალების კრიტერიუმები უცნობია და პრეზიდენტს საკუთარი თავისთვის ისინი ახლახან უჩუმრად დაუწესებია...

დეკანოზ მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, თავად პატრიარქმა უთხრა უარი სალომე ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე და წმინდა სინოდის შუამდგომლობა პრეზიდენტისადმი იყო თავად პატრიარქის მიერ მოწყობილი ფარსი..

დეკანოზი მამალაძის ე.წ. "ციანიდის საქმეზე", ზურაბ ჯაფარიძემ დღეს "გირჩის აზრში" ისაუბრა, მისი თქმით, მთავარი ის კი არაა როგორი ადამიანია დეკანოზი მამალაძე, ან რა ფინანსური მაქინაციების ავტორი იყო საპატრიარქოში, არამედ ის, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია, რაშიც სუს-იც აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

"ეს ადამიანი ციხეში რომ ზის, არის თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პირდაპირი დაკვეთა, საპატრიარქომ დაუკვეთა ხელისუფლებას და ამიტომ რჩება ის დღემდე ციხეში."

დეკანოზი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში, დღეს კი უკვე ოჯახის წევრები და გულშემატკივრები, ამბობენ რომ მამალაძის ციხეში დატოვების შემთხვევაში ისინი გაასაჯაროებენ პატრიარქის პირადი ცხოვრებისა და საპატრიარქოს საქმიანობის (სავარაუდოდ ფინანსური მაქინაციების) შესახებ ინფორმაციას. 

ეს საქმე უპრეცედენტოა იმით, რომ ერთი ადამიანის წინააღმდეგ გაერთიანდა ქვეყნის უმსხვილესი ინსტიტუტები - ეკლესია და სახელმწიფო.

ავტორი: ანა ჩიქოვანი 

კომენტარები