რა არის სწორი პასუხი ლანძღვა-გინებაზე?

"არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა." მათე 15:11

ლიბერტარიანიზმი არა-აგრესიის პრინციპზე დგას. ამ პრინციპის თანახმად, ძალის ან ტყუილის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ თავდაცვის მიზნით და, არავითარ შემთხვევაში, აგრესიის მიზნით. აგრესიის მიზნით ძალის ან ტყუილის გამოყენებას ძალადობა ეწოდება. აკრძალული უნდა იყოს მხოლოდ ძალადობა და არაფერი სხვა. არაძალადობრივი ქმედებების აკრძალვა თავადაა ძალადობა და, შესაბამისად, დანაშაული.

გინება ან ლანძღვა, ანუ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოსაწონი საქციელი არ არის - ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის - მაგრამ ადამიანები ემოციური არსებები არიან და, ზოგჯერ, ასე გამოხატავენ ხოლმე საკუთარ გრძნობებს და აზრებს. ამავე დროს, რადგან გინება ან ლანძღვა დეფინიციის თანახმად არ არის ძალადობა, ასეთი ქცევა არა-აგრესიის პრინციპს არ არღვევს და ის აკრძალული არ უნდა იყოს. სიტყვები მხოლოდ ჰაერს ან ინტერნეტს არყევენ და თქვენ, რეალურად, არაფერი გიშავდებათ მათ გამო.

თუკი თვლით, რომ როცა ვიღაც რაღაც ცუდს გეტყვით - თუნდაც, ძალიან ცუდს და ძალიან ხმამაღლა - ამის გამო უნდა აღელდეთ, შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ - თქვენი გადასაწყვეტია, როგორი რეაქცია გექნებათ ჰაერის ან ინტერნეტის რყევაზე - მაგრამ ამის მონათვლა ძალადობად სრული აბსურდია. გინების ან ლანძღვის პასუხად მის ავტორზე ძალადობა ან ძალადობის მცდელობა კი ნამდვილად არღვევს არა-აგრესიის პრინციპს, და, ამდენად, გინების ან ლანძღვის ავტორს უფლება აქვს რომ ძალის გამოყენებით დაიცვას თავი.

სხვა სიტყვებით, თქვენ უფლება გაქვთ, იმდენჯერ აგინოთ ვინმეს, რამდენჯერაც მოგესურვებათ, და, ასევე, უფლება გაქვთ, რომ ვინც გაგინებთ, იმას აგინოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ, მაგრამ როგორც კი თქვენი გინების საპასუხოდ ძალის გამოყენებას ეცდებით, მაშინვე მოძალადედ იქცევით და თქვენს მაგინებელს უფლება ექნება, რომ თავად გამოიყენოს ძალა თქვენგან თავის დაცვის მიზნით. მთავარია, რომ მან, ვინც ძალადობისგან თავს იცავს, ამ მიზნით პროპორციული, ანუ, შესაბამისი სიმძიმის მქონე ძალა გამოიყენოს, რადგან, თუკი გადააჭარბებს, თავად გახდება მოძალადე.

"ცივილიზაცია დაიწყო მაშინ, როდესაც განრისხებულმა პიროვნებამ ქვის ნაცვლად სიტყვა პირველად ისროლა."
— ზიგმუნდ ფროიდი

ამას გარდა, თავად სიტყვიერი შეურაცხყოფის დეფინიცია დაკავშირებულია პრობლემებთან. ვისთვის რა არის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ვისთვის - რა. ვინ მხოლოდ დედის გინებას თვლის სიტყვიერ შეურაცხყოფად და ვინ კიდევ იმის თქმასაც კი, რომ ის სისულელეს ამბობს. საპასუხო ფსიქოლოგიური რეაქციის გაზომვა არათუ არაფრისმომცემია, რადგან სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელ სიტყვებზე სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს, არამედ, როგორც წესი, შეუძლებელიც, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რეაქცია მყისიერია. უფრო მეტიც, გარემოებიდან გამომდინარე, ერთი და იგივე ადამიანიც კი განსხვავებულად შეიძლება რეაგირებდეს ერთსა და იმავე შეურაცხმყოფელ სიტყვაზე. აქედან გამომდინარე, მოცემულ ადამიანს შეუძლია მოიტყუოს და თქვას, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის პასუხად ძლიერი ემოციური სტრესი განიცადა, მაშინ როცა მსგავსი არაფერი განუცდია.

გინების რეალური დანიშნულება თქვენი განაწყენებაა, ხოლო ის, განაწყენდებით თუ არა ამის გამო და რას მოიმოქმედებთ ამის შედეგად, თქვენი გადასაწყვეტია. როგორც კი გადაწყვეტთ, რომ თქვენი განაწყენების გამო ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდეთ და შესაბამის ქმედებებს განახორციელებთ ამ მიზნის მისაღწევად, მაშინვე თავად იქცევით ნამდვილ მოძალადედ და თქვენს გამნაწყენებელს სრული უფლება ექნება რომ პროპორციული ძალის გამოყენებით დაიცვას თქვენი აგრესიისგან თავი.

ის, ვინც, ვითომდა, ჰუმანურ იდეებს ქადაგებს და, ამავე დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფის დასჯის მიზნით ძალადობას მიმართავს, სინამდვილეში, იმ მავნებლურ ტრადიციას აგრძელებს, რომლის თანახმადაც, თუკი კაცს შეაგინებენ, ის აუცილებლად ფიზიკურად უნდა გაუსწორდეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიმყენებელს, ანუ, მოძალადე გახდეს, რათა საკუთარი ღირსება დაიცვას. სწორედ ამ ტრადიციის შედეგია ტრაგიკული შედეგების მქონე ძალადობის უამრავი შემთხვევა ჩვენს საზოგადოებაში

სიტყვიერი შეურაცხყოფის კანონის ძალით დასჯა ასევე სრულიად გაუმართლებელია, რაც კარგად არის ნაჩვენები მხატვრულ ფილმში "ხალხი ლარის ფლინტის წინააღმდეგ", სადაც ლარი ფლინტს პასტორის შეურაცხმყოფელი კარიკატურის გამოქვეყნების გამო ასამართლებენ და მისი ადვოკატი შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს:

"ნათელია, რომ როცა ადამიანები საჯარო ფიგურებს აკრიტიკებენ, ეს უკანასკნელნი ემოციურ დისტრესს განიცდიან. ჩვენ ყველამ ვიცით ეს. ეს არის უადვილესი რამ სამყაროში, რაც კი შეიძლება ამტკიცო და რისი გაბათილებაც შეუძლებელია - და სწორედ ეს აქცევს მას უაზრო სტანდარტად. სინამდვილეში, ერთადერთი, რასაც ის აკეთებს, ისაა, რომ არაპოპულარული ნალაპარაკევის დასჯის საშუალებას გვაძლევს."

სიტყვიერი შეურაცხყოფის აკრძალვა, მისი ნებისმიერი ფორმით, სინამდვილეში, წარმოადგენს იმ შირმას, რომლის ქვეშაც მთავრობას შეუძლია სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს. ამდენად, სიტყვიერი შეურაცხყოფის მონათვლა ძალადობად თავად შეიძლება გახდეს ნამდვილი ძალადობის მიზეზი როგორც ინდივიდის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო იმის მონათვლა ძალადობად, რაც ძალადობა არ არის, რეალური ძალადობის ფაქტებზე პროტესტს აუფასურებს.

"თუკი შენ გჯერა სიტყვის თავისუფლების, მაშინ შენ გჯერა ისეთი ხედვებისთვის სიტყვის თავისუფლების, რომლებიც შენ არ მოგწონს. გებელსი მხარს უჭერდა ისეთი ხედვებისთვის სიტყვის თავისუფლებას, რომლებიც მას მოსწონდა. ასევე იყო სტალინიც. თუკი შენ მხარს უჭერ სიტყვის თავისუფლებას, ეს ნიშნავს რომ შენ მხარს უჭერ სიტყვის თავისუფლებას ზუსტად იმ ხედვებისთვის, რომლებიც გძულს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ სიტყვის თავისუფლებას მხარს არ უჭერ."
— ნოუმ ჩომსკი

პოლიციელი, რომელიც მისი გინების გამო ადამიანს აკავებს, თავად არის მოძალადე და ამდენად - დამნაშავე. სასამართლო, რომელიც პოლიციელის გინების გამო ადამიანს თავისუფლებას უღკვეთს ან აჯარიმებს, ასევე, თავად არის მოძალადე და, ამდენად - დამნაშავე. კანონმდებელი, რომელიც პოლიციელის გინების ამკრძალავ კანონს ღებულობს, ასევე, თავად არის მოძალადე და, ამდენად - დამნაშავე. ამომრჩეველი, რომელიც ისეთ კანონმდებელს ირჩევს, რომელიც პოლიციელის გინების ამკრძალავი კანონის მიღების დაპირებას იძლევა, ასევე, თავად არის მოძალადე და, ამდენად - დამნაშავე.

ავტორი: გიორგი ლომინაძე



კომენტარები