სიახლეები

სისტემა, რომელიც გააზრებულად უნდა დავანგრიოთ!

საქართველო - 2020 წელი. სსრკ თითქმის 30 წლის წინ დაინგრა, თავი დავაღწიეთ საბჭოთა ოკუპაციას და მოვიპოვეთ თავისუფლება!!

იდეალურად ჟღერს, არა?

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ილუზიაა, რადგანაც საბჭოთა კავშირი, საბჭოთა სისტემა ჯერ კიდევ გვმართავს და ცხოვრობს ჩვენში.

ამ სისტემის მთავარი დასაყრდენი ძალადობა და ძალადობაზე დაფუძნებული სხვადასხვა უწყებებია - დაწყებული სკოლით, გაგრძელებული პოლიციითა და პროკურატურით, დამთავრებული სასამართლოთი.

ყველა ზემოხსენებული უწყება თუ დაწესებულება თავისი შინაარსით და არსით კვლავ საბჭოთაა, ჩვენ არ გაგვიაზრებია მათი რეალური დანიშნულება და შესაბამისად, არაფერი შეგვიცვლია. ამიტომ განაგრძობს ის თავის არსებობას ჩვენში.

სისტემის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი საბჭოთა სკოლაა, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით და რომლის მთავარი მიზანი მორჩილი მოქალაქეების აღზრდა, ამ ადამიანებისთვის სიმართლის დამალვა და სისტემის ჭანჭიკობისთვის მომზადებაა.

უნდა გვესმოდეს, რომ სისტემა აპირისპირებს ადამიანებს და ხლეჩს საზოგადოებას. სისტემას ჩვენ ვჭირდებით გაბრაზებულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, როგორ შეუძლია აუკრძალოს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა 1-2 ლარის შოვნა მეორე, გაჭირვებულ მოქალაქეს და ამას აკეთებდეს ენთუზიაზმით.

არ მესმის, როგორ შეიძლება პროკურორმა ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე მოითხოვოს ადამიანის დაპატიმრება და სინდისმა ოდნავაც არ შეაწუხოს.

არ მესმის, როგორ შეიძლება პოლიციელმა ცრუ ჩვენება მისცეს მეორე უდანაშაულო მოქალაქის წინააღმდეგ.

არც ის მესმის, როგორ უნდა გაუშვას მოსამართლემ ეს უდანაშაულო ადამიანი წლობით ციხეში, ან როგორ შეუძლია სპეცრაზმელს, რიგით მოქალაქეს (რომელიც შესაძლოა ჩვენი მეზობელი ან მეგობარია) დაასახიჩროს ან მოკლას თავისი თანამოქალაქე, თუ მათ არ ამოძრავებთ ზიზღი და ბრაზი, რომელიც სისტემის მიერ ხელოვნურად არის გაჩენილი.

ადამიანების ერთმანეთისადმი უნდობლობის და კიდევ უფრო მეტი სიძულვილის გაჩენის მიზნით, სისტემა გვევლინება კონკრეტული პოლიციელის, პროკურორის, გამომძიებლის თუ მოსამართლის სახით და ხელს იწმენდს მათზე.

სისტემამ უამრავი ადამიანი შეიწირა შევარდნაძის მმართველობისას. ხელისუფლება შეიცვალა. მერე იყო ბუტა რობაქიძე, ხელისუფლება ისევ შეიცვალა, მაგრამ სისტემამ ამჯერად 15 წლის ლუკა სირაძე იმსხვერპლა. ხელისუფლებები იცვლებიან, სისტემა და მისი მსხვერპლი კი უცვლელია. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის გაუზარებლობის შედეგად, სისტემა თავისი თამაშის მორჩილ მონაწილეებად გვაქცევს.

სისტემა თავისი არსით თვითგადარჩენისთვის ყველაფერზე წამსვლელია, ამ დროს ის დაცლილია ყოველგვარი მორალისა და ადამიანურობისგან. ყველაზე კარგი და ნათელი მაგალითი 31 დეკემბრის ღამეს განვითარებული მოვლენებია, როდესაც სისტემა ამჯერად თბილისის მერის სახით მოგვევლინა და რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წლისა და თვისა განმავლობაში გაშლილი საპროტესტო კარვები დააშლევინა, იმ ხალხის კარვები, რომლებიც ასევე სისტემის უსამართლობას აპროტესტებენ ამდენი წელია. მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, რომლის შვილი სწორედ ამ მონსტრი სისტემის მსხვერპლია. როგორც ჩანს, კალაძემ მის მიერ შექმნილ საახალწლო ილუზიაში, ვერ აიტანა არსებული რეალობის ის კერა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები წარმოადგენდა. სისტემისაგან გამწარებული ეს ხალხი "აფუჭებდა" ქალაქის მერის საახალწლო განწყობას. ამიტომაც ჩაანაცვლა კარვები გასაბერი ზვიგენით. არაფერი გამოხატავდა იმაზე უკეთ სისტემის სახეს, ვიდრე ეს უშველებელი გასაბერი სასრიალო, ზვიგენის თავი, პარლამენტის წინ, რომელიც დადგმიდან  მალევე ჩაიფუშა.

თითქმის არც ერთი პოლიტიკური ძალა არ საუბრობს ამ ბოროტების რეალურ დანგრევის აუცილებლობაზე და მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს გვთავაზობენ, რომლის შედეგად არსი, რა თქმა უნდა, არ იცვლება. მათ რეალურად არ სურთ საუბარი ამ პრობლემაზე და ჩვენში მიძინებული თავისუფლების გამოფხიზლება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოგვცემს საშუალებას ამ სისტემის ჭანჭიკები ვიყოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ საკმაოდ მწარე და საშიშია, მაგრამ მხოლოდ მისი გააზრებით ერთხელ და საბოლოოდ დავანგრევთ საბჭოთა კავშირს და მოვიპოვებთ თავისუფლებას.

კახა ბენდუქიძე ამბობდა:

„თქვენ თუ ჩავარდებით ჩეჩმაში და თან გარეთ ზამთარია, იგრძნობთ, რომ იქ უფრო თბილა. შესაბამისად, იქიდან ამოსვლა გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ: მთელი ცხოვრება იქ გაატაროთ, ან ამოხვიდეთ. ამოსვლის შემთხვევაში იგრძნობთ სუსხს, გაცივდებით, შეიძლება ფილტვების ანთებაც დაგემართოთ, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ უკვე იქიდან ამოსული ხართ და გეცოდინებათ, რომ მეტჯერ აღარ უნდა ჩახვიდეთ.
ეს არის ფასი, რომელსაც თქვენ იხდით თავისუფლებისთვის!“

არჩევანი ჩვენზეა, განვაგრძობთ ცხოვრებას ილუზიებში, თუ გამოვფხიზლდებით და ჩვენ თვითონ შევუდგებით საკუთარი ცხოვრების მართვას.

საქართველო, 2020 წელი, სსრკ თითქმის 30 წლის წინ დაინგრა, თავი დავაღწიეთ საბჭოთა ოკუპაციას და მოვიპოვეთ თავისუფლება!!

ისევ იდეალურად ჟღერს?

ავტორი: საბა ყაველაშვილი

კომენტარები