სიახლეები

1556 Views
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ში "შმაქსის" ლოგოს ახალი ვერსიები მიიტანა

ზურაბ ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა  სამინისტროში "შმაქსის" ახალი ლოგოს ვერსიები და განცხადება შეიტანა.

"შმაქსის" დამფუძნებელი შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მისგან "შმაქსის" ახალი ლოგოს დადასტურებას ითხოვს, რათა ასეთი ნიშნის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების შემთხვევაში "შმაქსის" მასწავლებლები აღარ დაჯარიმდნენ.

8 ნოემბერს თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომელიც მიმართულია კონკრეტულად კომპანია შმაქსის წინააღმდეგ. ნებისმიერი ტრაფარეტი, რომელიც მანქანაზე დგას და ვიღაცის მიერ შეიძლება აღქმული იყოს ტაქსის ნიშნად, ექვემდებარება დაჯარიმებას, ამით პრაქტიკულად გააჩერეს შმაქსის საქმიანობა, რადგან შმაქსისტებს აჯარიმებენ, 200 ლარიანი ჯარიმებით. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მცდელობისა, პასუხი არგვაღირსეს იმაზე, გააუქმებენ თუ არა ამ ჯარიმებს, ან მოგვცემენ თუ არა ვადას, რომ იანვრის ბოლომდე ახალი ლოგო დავამზადებინოთ.

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, თუ "შმაქსის" ახალი ლოგო არ მოსწონთ შსს-ში, რამდენიმე სხვა ვერსიასაც სთავაზობენ მათ, ხოლო თუ ვერც ამაზე შეთანხმდნენ, თავად შსს-მ მოიფიქროს როგორი ლოგოა მათთვის მისაღები და იმას დაადგამენ შმაქსისტები საკუთარ მანქანებს.

იხილეთ ახალი ლოგოს შეთავაზებული ვერსიები, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ში შეიტანა:

 

შინაგან საქმეთა მინისტრს,

ბ-ნ ვახტანგ გომელაურს

ბ-ნო ვახტანგ,

მოგეხსენებათ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 8 ნოემბერს მიიღო დადგენილება #48-88, რომლის მე-17 მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად: ,,სატრანსპორტო საშუალებაზე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი იმ სხვა საშუალების (ნიშნის) განთავსება, რომლის გამოც სატრანსპორტო საშუალება აღქმული იქნება ტაქსად, აგრეთვე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნით ან ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი სხვა საშუალებით (ნიშნით) გზებზე მოძრაობა ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად”. აღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ღია და უხეში ნადირობა დაიწყო კომპანია ,,შმაქსი”-ს თანამშრომლებზე. ჩვენს მასწავლებლებს გამოუწერეს 200 ლარიანი ჯარიმები, სწორედ ზემოთ აღნიშნულ მუხლზე აპელირებით.

ჩვენი შეფასებით სახეზე გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმართული, კოორდინირებული და პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორება. იმისათვის რომ დაგვიმტკიცოთ საწინააღმდეგო გთავაზობთ შემდეგს:

  1. დანართი 1-ის სახით გიგზავნით კომპანია შმაქსის ახალ ნიშანს, რომელიც არც ფორმით და არც ფერით მიახლოებითაც კი არ ჰგავს ტაქსის ნიშანს. გთხოვთ დაგვიდასტუროთ რომ ასეთი ნიშნის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების შემთხვევაში შმაქსის მასწავებელები არ დაექვემდებარებიან დაჯარიმებას.

  2. დანართი 1-ში მოცემული შმაქსის ახალი ნიშნის მიუღებლობის შემთხვევაში, დანართი 2-ის სახით გიგზავნით ნიშნის რამდენიმე სხვა ვერსიას და გთხოვთ მიგვითითოთ რომელი მათგანის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების შემთხვევაში არ დაექვემდებარებიან დაჯარიმებას შმაქსის მასწავებელები.

  3. იმ შემთხვევაში თუ დანართი 1 და დანართი 2-ში მოცემული შმაქსის ახალი ნიშნის შესაძლო ვერსიებიდან არც ერთი არ არის მისაღები შსს-სთვის, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს მიერ დახატული/შექმნილი/მოწონებული ნებისმიერი (!) ნიშნის დიზაინი, რომლის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების შემთხვევაშიც შმაქსის მასწავებელები არ დაექვემდებარებიან დაჯარიმებას.

      პატივისცემით,

      ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

      შპს ,,შმაქსი”-ს დამფუძნებელი

წერს ჯაფარიძე მინისტრის მისამართით დაწერილ წერილში.

"შმაქსის" ლოგოს ახალი სამუშაო ვერსია ასე გამოიყურება: 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები