131 Views
პოლიტიკა

ჯანგირაშვილი: ფინანსთა მინისტრი არის ძალიან დესტრუქციული და აგრესიული

ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოეხსნას ინკასო ყველა ტელევიზიას.

 - ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ამბობს, დადასტურდა მისი ვარაუდი და ეჭვი, რომ არანაირი ფორმალური დოკუმენტი არ არსებობს იმის შესახებ, რომ მაგალითად, „იმედის“ შემთხვევაში, გაყოფილია ძველი და ახალი ვალი.

არ არსებობს ესეთი დოკუმენტი, რომელმაც გაყო ძველი ვალი და ახალი ვალი. ანუ, ეს არის ერთიანი ვალი, მაგრამ რატომღაც გაყოფილია მინისტრის წმინდა წერილით, რომელიც მან სააგენტოში გამოაქვეყნა. ეს არც ბრძანებულებაა, არც გადაწყვეტილება. მინისტრის წმინდა წერილებით იმართება ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი ტელევიზია უნდა დაიხუროს და რომელი დარჩეს

ნინო ჯანგირაშვილის განცხადებითვე, ფინანსთა მინისტრი არის „ძალიან დესტრუქციული და ძალიან აგრესიული“, რის გამოც ინგა გრიგოლიამ შეხვედრა დატოვა.

„კავკასიის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მან ფინანსთა მინისტრს კატეგორიულად მოთხოვა, რომ ყველა ტელეარხის ანგარიშებს ინკასო დაუყოვნებლივ მოეხსნას და ერთი თვის განმავლობაში საჯაროდ განმარტოს, დავალიანების დაფარვის რა გრაფიკზე ელაპარაკება „იმედს,“ „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ს.

ჯანგირაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით ათწლიან რესტრუქტურიზაციაზე, რაც მისი აზრით ფაქტიურად ჩუქებაა.

ეს არის ჩუქება ფაქტიურად. ოღონდ, ის წუხს ამავე დროს, რომ ან ეს ათწლიანი როგორ უნდ გადაიხადონო „იმედმა“ და „რუსთავმა“, ცოდოები არიანო და რა ვქნა, ხომ არ დაიხურებიანო

ნინო ჯანგირაშვილი თვლის, რომ ინკასოს შესახებ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ამორალურია, რადგან ახალი წლის წინ ხელფასის გარეშე ტოვებს "კავკასიის" თანამშრომლებს. 

ასე არ გამოვა, რომ ჩვენ დაგვსაჯოს, აბა, გადაიხადეთ... ჩვენ გვეჩხუბოს, გვითხრას, რომ თქვენ უნდა გამოსწორდეთ და ამ დროს, იმათ მიუცუქდეს ჩუმად და ათწლიან გრაფიკებზე ელაპარაკოს.

- განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ნინო ჯანგირაშვილი თვლის, რომ მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს გადასახადების გადახდაზე და შემუშავდეს ფორმა, რათა ყველა თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები