სიახლეები

მიგრაცია

"კეთილდღეობის სახელმწიფოს" ეშინია ყოველი ღარიბი ადამიანის, რომელიც მასში შესვლას ცდილობს, და ყოველი მდიდარი ადამიანის, რომელიც მისგან გასვლას ცდილობს."

— ჰარი ბრაუნი

სახელმწიფო საზღვრების ჩაკეტვა, ჩვეულებრივ, მემარჯვენე პოლიტიკად ცხადდება ხოლმე, მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მემარცხენეებსაც იდაყვებამდე აქვთ მოთხვრილი ხელები მიგრანტების სისხლში. ამის მიზეზს მხოლოდ ის კი არ წარმოადგენს, რომ მემარცხენეებისთვის ესოდენ საყვარელი "სოციალური დახმარების" პროგრამები მოსახლეობის გაღატაკებას იწვევს და ამიტომ მას მიგრაციისკენ უბიძგებს, არამედ ისიც, რომ ამ პროგრამების არსებობა საზღვრების ჩაკეტვას საჭიროებს.

გარდა იმისა, რომ "სოციალური დახმარების" პროგრამები გადასახადების გადამხდელებს აწვება ტვირთად და თავისუფალ ბაზარს ახრჩობს, ხოლო დახმარების მიმღებებს დასაქმების სურვილს უკარგავს - რაც თავისთავად იწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას - არჩევნებზე მისული ამომრჩევლები თვლიან, რომ სოციალური დახმარების არსებობა სახელმწიფოს საზღვრების ჩაკეტვას საჭიროებს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან შედარებით მდიდარ ქვეყნებში იმიგრანტები სოციალური დახმარების მისაღებად წავლენ.

მიუხედავად იმისა, რომ "სოციალური დახმარების" არსებობის პირობებშიც კი იმიგრანტები, როგორც წესი, უფრო მეტ დოვლათს ქმნიან, ვიდრე მოიხმარენ, და, შესაბამისად, იმიგრაციის მიმართ წინააღმდეგობას კონკურენციის შიში და ქსენოფობია უფრო შეიძლება განაპირობებდეს, ფაქტია, რომ სოციალური დახმარების არსებობა ჩაკეტილი საზღვრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ამავე დროს, კეთილდღეობის, ანუ, დიდი სახელმწიფოს მომხრე პოლიტიკური პარტია იმიგრანტებს შეიძლება მათგან ხმების მიღებისთვის იყენებდეს და, თავის მხრივ, იმიგრანტებს სწორედ კეთილდღეობის სახელმწიფოთი, ანუ, გადასახადების გადამხდელებისთვის წართმეული ფულით და ამ ფულით დაფინანსებული სერვისებით იზიდავდეს.

ამ მანკიერი წრის შეკვრის თავიდან ასაცილებლად, იქამდე, სანამ საზღვრების ფაქტობრივი გაუქმება და, ამის შედეგად, კეთილდღეობის სახელმწიფოს სრული ჩამოშლა არ მოხდება, კომპრომისული ვარიანტი შეიძლება იყოს ისეთი მდგომარეობა, როცა იმიგრანტები ყველა უფლებით სარგებლობენ, გარდა ხმის მიცემისა და ე.წ. სოციალური დახმარებების და სერვისების მიღებისა. 

ხმის მიცემა ძალადობრივი აქტია - ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმას, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს გადასახადების, ანუ, ძალადობის გზით ამოღებული ფული - და, ამიტომ, ეს ე.წ. "უფლება", საბოლოოდ, ყველასთვის უნდა გაუქმდეს, და არა მხოლოდ იმიგრანტებისთვის. ასევე, სოციალური დახმარებები და სერვისები გადასახადებითაა დაფინანსებული და ისინიც, საბოლოოდ, ყველასთვის უნდა გაუქმდეს, და არა მხოლოდ იმიგრანტებისთვის.

არცერთი ადამიანი არ იმსახურებს სხვაზე უფრო ცუდად ცხოვრებას მხოლოდ იმის გამო, რომ იქ არ გაჩნდა, სადაც ადამიანები კარგად ცხოვრობენ. ადამიანების მიგრაციისთვის ხელის შემშლელი საზღვრების არსებობა არის უსამართლო უთანასწორობის გამომწვევი მთავარი ფაქტორი, რომლის აღმოფხვრის ერთადერთი გზა სამართლიანი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტაა.

თუკი დედამიწის მოსახლეობას ერთ მთლიანობად განვიხილავთ, დავინახავთ, რომ მდიდარ ქვეყნებში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა შეუდარებლად უფრო მცირეა, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში. სოციალური დახმარების გაუქმება და საზღვრების გახსნა გამოიწვევდა შრომისუნარიანი მოსახლეობის მასიურ მიგრაციას ღარიბი ქვეყნებიდან მდიდარ ქვეყნებში, რაც არა მხოლოდ მათ მისცემდა უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს, არამედ მდიდარი ქვეყნების დამსაქმებელ-მწარმოებლებს და მომხმარებლებსაც, დოვლათის წარმოქმნის მკვეთრი ზრდით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მიგრაციისთვის ხელის შეშლა ყოველწლიურად უამრავი ადამიანის დაღუპვას იწვევს, ხოლო საზღვრების კონტროლზე, ე.წ. არალეგალური მიგრანტების დაკავებაზე, საკონცენტრაციო ბანაკებში მათ შენახვაზე, და დეპორტაციაზე დამატებით იფლანგება რესურსები.

ამდენად, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ გადასახადებით დაფინანსებული "სოციალური დახმარების" არსებობა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ და სიღარიბის გამომწვევ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს და, შესაბამისად, ე.წ. კეთილდღეობის სახელმწიფოს მომხრეთა საუბრები სოციალური სოლიდარობის შესახებ ფარისევლობაა, რასიზმის და ნაციონალიზმის ელემენტებით.

არ არსებობს რაიმე ლოგიკა იმაში, რომ "შენი" სახელმწიფოს არბიტრარული საზღვრის აქეთ მცხოვრებ უცნობ ადამიანებზე უფრო მეტად შეგტკიოდეს გული, ვიდრე "შენი" სახელმწიფოს არბიტრარული საზღვრის იქეთ, მთელ დანარჩენ მსოფლიოში მცხოვრებ ასევე უცნობ ადამიანებზე. ამასთან, როგორც უკვე ვთქვი, სოციალური დახმარების პროგრამების გაუქმება და საზღვრების გახსნა "შენი" სახელმწიფოს მოქალაქეების მკვეთრ გამდიდრებასაც გამოიწვევდა, მიუხედავად იმისა, ეს მოქალაქეები "შენსავე" ქვეყანაში დარჩებოდნენ, თუ თავად აირჩევდნენ სხვა ქვეყნებში მიგრაციის გზას.

რაც უფრო მეტად არაჰომოგენური გახდება ქვეყნის მოსახლეობა, მით უფრო ნაკლები სურვილი ექნებათ ამომრჩევლებს, რომ სახელმწიფოს ხელით წაართვან სხვა ადამიანებს მათ მიერ შექმნილი დოვლათი, ძალადობრივად გადაანაწილონ, და ამ გზით მთელი მოსახლეობა გააღატაკონ. თავად იმიგრანტების მიერ შექმნილ დოვლათთან ერთად ეს არის მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობის გამდიდრებისკენ მიმავალი გზა იმიგრანტებისთვის სახელმწიფო საზღვრის ფართოდ გახსნაზე გადის.

ყველა უდანაშაულო ადამიანს აქვს უფლება, სადაც სურს, იქ წავიდეს, სადაც სურს, იქ იცხოვროს, და სადაც სურს, იქ იმუშაოს. ეს უფლებები ნეგატიური, ანუ, ჭეშმარიტი უფლებებია, რადგან მათი აღსრულება ძალადობას არ საჭიროებს. ასევე, ნეგატიური უფლებებია იმის უფლებები, რომ ვინც მსურს, ის დავიქირაო სამსახურში, ვისაც მსურს, იმას მივაქირაო ჩემი ბინა, ვისგანაც მსურს, იმისგან ვიყიდო მისი სერვისი, და ვისაც მსურს, იმას მივყიდო ჩემი სერვისი. ამ უფლებების ხელყოფა უშუალო წინააღმდეგობაში მოდის არა-აგრესიის პრინციპთან, რომლის თანახმადაც ძალის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით არის გამართლებული.

"არსებული აკადემიური ლიტერატურა გვეუბნება, რომ მიგრაციის ლეგალური შეზღუდვების აღმოფხვრას შეუძლია გლობალური მშპ 67%-იდან 147%-მდე გაზარდოს. გლობალური მშპ დაახლოებით 58 ტრილიონი დოლარია, ამდენად, ეს ნიშნავს, რომ შკალის ქვედა ზღვარი სადღაც 39 ტრილიონ დოლარს უტოლდება. ეს განსაცვიფრებელი რიცხვია, და მისი მიღწევის შემთხვევაში სამყაროს შეცვლიდა."
— სემ ბოუმენი 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება საქართველოში შეიქმნას ორი სხვადასხვა ტიპის მოქალაქეობა, პირობითად, ა და ბ. 

ა ტიპის მოქალაქეები იქნებიან მხოლოდ ისინი, ვისაც უკვე აქვს მოქალაქეობა, და მათი შთამომავლები. ა ტიპის მოქალაქეობის მიღებისთვის აუცილებელი იქნება, რომ ბავშვს ერთი მშობელი მაინც ჰყავდეს ა ტიპის მოქალაქე.

ბ ტიპის მოქალაქეობას მომენტალურად მიიღებს ყველა, ვისაც კი, უბრალოდ, ამის სურვილი ექნება. ბ ტიპის მოქალაქეების შვილები ასევე ბ ტიპის მოქალაქეები იქნებიან. 

ა და ბ ტიპის მოქალაქეებს შორის განსხვავება იქნება მხოლოდ ის, რომ ა ტიპის მოქალაქეებს ხმის მიცემის და გადასახადებით დაფინანსებული სოციალური შემწეობების და სერვისების მიღების უფლება ექნებათ, ხოლო ბ ტიპის მოქალაქეებს ამის უფლება არ ექნებათ. სხვა მხრივ, ა და ბ ტიპის მოქალაქეებს ზუსტად ერთიდაიგივე უფლება-მოვალეობები ექნებათ.  

აგრეთვე, ა ტიპის მოქალაქეებს უპრობლემოდ და დაუყოვნებლივ შეეძლებათ ბ ტიპის მოქალაქეობის მიღება, ა ტიპის მოქალაქეობის დათმობის სანაცვლოდ, ხოლო ბ ტიპის მოქალაქეებს ა ტიპის მოქალაქეობის მიღების უფლება არცერთ შემთხვევაში არ ექნებათ. ა ტიპის მოქალაქე, რომელიც ა ტიპის მოქალაქეობას ბ ტიპის მოქალაქეობისთვის დათმობს, ა ტიპის მოქალაქეობას ვეღარასოდეს დაუბრუნდება. 

რადგან დღევანდელი მოქალაქეები ამ რეფორმის შედეგად, მატერიალური თვალსაზრისით, არათუ არაფერს კარგავენ, არამედ, პირიქით, მხოლოდ იღებენ, ამ რეფორმის გატარება იქნება ძალიან ადვილი, სუფთად ქსენოფობიურ მოტივებს თუ გამოვრიცხავთ. 

რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი? საქართველო გახდება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიმზიდველი ქვეყანა იმიგრანტებისთვის და ეს იმიგრანტები აქ სამუშაოდ ჩამოვლენ, და არა - გადასახადებით დაფინანსებული სოციალური შემწეობების და სერვისების მიღების გულისთვის. 

პროდუქტიული იმიგრანტების რაოდენობის ზრდა დოვლათის შექმნის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განმაპირობებელ მძლავრ ფაქტორად იქცევა. ამ რეფორმის შედეგად საქართველო შეიძლება გადაიქცეს სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძ მოდელად იმისა, თუ როგორ შეიძლება აღმოვფხვრათ მიგრაციის შემზღუდველი ბარიერები. 

ამას გარდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბ ტიპის მოქალაქეობა თანდათანობით გახდება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი პროდუქტიული ადამიანის სინონიმი, რომელიც სხვებისგან კი არ ითხოვს რჩენას, არამედ, პირიქით, იქით არჩენს იმათ, ვინც რჩენას ითხოვს, ანუ, ასეთი მოქალაქეობის ქონა საამაყო იქნება. 

ა ტიპის მოქალაქეობა, პირიქით, თანდათანობით იქცევა სახელმწიფოზე ჩამოკიდებული პარაზიტობის სინონიმად, ანუ, ასეთი მოქალაქეობის ქონა სამარცხვინო გახდება, შესაბამისი პოზიტიური შედეგებით. 

როგორც უკვე ვთქვი, ეტატისტების მიერ შექმნილი სამყარო საშინლად უსამართლოა, რადგან ადამიანები სხვადასხვა სახელმწიფოებში არიან გამომწყვდეულები და უფრო უარესი ქვეყნებიდან უფრო უკეთეს ქვეყნებში წასვლა, ცხოვრება და მუშაობა, ფაქტობრივად, აკრძალული აქვთ. 

სამყარო უკვე დაყოფილია პირველი, მეორე, მესამე, და ა.შ. რიგის ადამიანებად მხოლოდ იმის მიხედვით, თუ სად მოუწიათ მათ გაჩენა. რასაც მე გთავაზობთ, არის ადამიანებისთვის უფრო მეტი არჩევანის მიცემა და არა, პირიქით, მათთვის არჩევანის წართმევა. 

მოცემულ სქემაში არავინ აძალებს იმიგრანტებს საქართველოში ჩამოსვლას და ბ ტიპის მოქალაქედ ქცევას - ისინი თავად გააკეთებენ ამ არჩევანს, თუკი ის ალტერნატივა, რომელშიც ახლა იმყოფებიან, ამაზე  უარესად მიაჩნიათ. თუკი მათ საქართველოს ბ ტიპის მოქალაქედ ყოფნა არ მოეწონებათ, შეეძლებათ რომ ისევე ადვილად დათმონ ეს მოქალაქეობა, როგორ ადვილადაც მას მიიღებენ.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები