სიახლეები

110 Views
პოლიტიკა

ტვ-პირველის მფლობელი ფინანსთა სამინისტროს სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში ადანაშაულებს

Tv Pirveli-ის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას, რომელმაც ტელევიზიებს სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალების დასაფარად ერთდღიანი ვადა მისცა. აღნიშნული განცხადება 23 დეკემბერს გავრცელდა. საქმე ეხება ტელევიზიებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1 ოქტობრიდან უფიქსირდებათ დავალიანება.

ვახტანგ წერეთელი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.


55 მილიონი შეიძლება აპატიო, მიმდინარე 100 ათასზე კი უკომპრომისო უნდა იყო და საახალწლო დღეებში სადამსჯელო ბერკეტად გამოიყენო. ორი კვირაც არ უნდა ადროვო. სასწრაფოდ გაამზადო წერილი და გამოგზავნო ტელევიზიებში, რომლებიც შენს კონტროლს არ ექვემდებარებიან. 55 მილიონი შეიძლება, მოაკლო ჯარს, პოლიციას, სოციალურად დაუცველებს და მთელ ქვეყანას, 100 ათასი კი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ 1 დღე უნდა დაუტოვო ტელევიზიას. ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების პატიებას, პირიქით, 5 წელია პირნათლად ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. რა ვუყოთ ორმაგ სტანდარტს? როგორ გავიგოთ ეს ამბავი, თუ არა სადამსჯელო ღონისძიება? ამ მეთოდით გაგვაჩერებთ, თუ გავლენას მოახდენთ ჩვენზე? 55 მილიონი vs 100 ათასი.

- წერს ვახტანგ წერეთელი.

ცენტრალური ტელევიზიების უმრავლესობას, მათ შორის ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, „მაესტრო“, „მთავარი“, „ფორმულა“, „პალიტრანიუსი“ 1 ოქტომბრიდან დღემდე ბიუჯეტის დავალიანება არ აქვთ, რაც შეეხება „TV პირველს“, ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დავალიანება აქვთ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს 16 დეკემბერს დავალიანების 15 იანვრამდე გადავადების მოთხოვნით მიმართეს.

განსხვავებულია ტელეკომპანია „კავკასიის“ მდგომარეობა. მისი დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ აგვისტოს შემდეგ გადასახადებს პრინციპულად არ იხდის და ბოიკოტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე დიდი ტელევიზიები მილიონიან დავალიანებებს სრულად არ დაფარავენ.

წყარო: bm.ge

კომენტარები