სიახლეები

ვინ და როგორ უნდა ეხმარებოდეს ღარიბებს?

"რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს." მათე 25:29

ამერიკელი ეკონომისტის, ეერენ დირექტორის თანახმად, სახელმწიფოს სოციალური პროგრამების უდიდეს ნაწილს სარგებელი მოაქვს საშუალო ფენისთვის, მაგრამ ეს პროგრამები, უპირატესად, ქვედა და ზედა ფენის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება. ამის მიზეზი ისაა, რომ დემოკრატიის პირობებში საშუალო ფენა, მისი ზომის და ჯამური სიმდიდრის გამო, ყოველთვის დომინანტური ინტერესის ჯგუფია, რომელიც, სახელმწიფოს მეშვეობით, მაქსიმალური მოგების ნახვას მინიმალური ხარჯით ცდილობს. ამას დირექტორის წესი ეწოდება.

ადამიანები ერთმანეთს საკუთარი ნებით უნდა ეხმარებოდნენ, და არა - იძულებით. არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ ყველა ქმედება, რომელიც ნებაყოფლობითია, თავისუფალ ბაზრად შეგვიძლია განვიხილოთ. რადგან კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს, ყველა სერვისი, რომელსაც სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია გვაწვდის, თავისუფალ ბაზართან შედარებით უხარისხო და/ან ძვირია. ღარიბების დახმარება მოცემული წესიდან გამონაკლისი არ არის. გადასახადებზე, ანუ, ძალადობაზე მდგარი სისტემა, სახელმწიფო, იმდენად აუკუღმართებს მოცემულ სერვისს, რომ, სინამდვილეში, ღარიბებს აიძულებს მდიდრების რჩენას.

დავიწყოთ იმით, რომ იმ ფულის დიდი ნაწილი, რომელიც ღარიბების დახმარებას უნდა ხმარდებოდეს, სინამდვილეში, სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვაზე იხარჯება. ბიუროკრატია სწორედ იმიტომ იზრდება, რომ სახელმწიფო სოციალურ დახმარებას ზრდის და მეორეს პირველის საბაბად იყენებს - აქაოდა, დამატებითი ბიუროკრატია მჭირდება გაზრდილი სოციალური დახმარების ადმინისტრირებისთვისო.

დახმარების მიმღები მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობისგან, დიდწილად, მათზე ღარიბებისთვის წართმეულ ფულს და ამ ფულით ნაყიდ სერვისებს ღებულობს. რადგან მისაღები გამოცდების ჩაბარებას შესაბამისი მომზადება და ამაზე დროის და ფულის ხარჯვა სჭირდება, მდიდრების შვილები უმაღლეს სასწავლებლებში ბევრად უფრო დიდი რაოდენობით აბარებენ, ვიდრე ღარიბების შვილები, და მუშაობას, ანუ, საშემოსავლო გადასახადის გადახდასაც ბევრად უფრო გვიან იწყებენ, ვიდრე ღარიბების შვილები, რომლებსაც ადრეული ასაკიდან უწევთ მუშაობის დაწყება.

უფრო მეტიც, უმაღლეს სასწავლებლებში მდიდრების შვილების განათლების სუბსიდირებასაც მთავრობა ახდენს ღარიბებისთვის წართმეული გადასახადებით. მდიდრების შვილები, აგრეთვე, ბევრად უფრო წარმატებით ახერხებენ საჯარო სექტორში დასაქმებას, ანუ, ზემოთხსენებულ ბიუროკრატიად ქცევას, სადაც დოვლათს კი არ ქმნიან, არამედ თავისუფალი ბაზრის მიერ შექმნილი დოვლათის მოხმარებას განაგრძობენ.

ამას გარდა, მდიდრები ღარიბებზე უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ანუ, მათი სიბერის წლები, რომლის დროსაც "პენსიას" - ანუ, რეალურად, მოხუცებულთა საბიუჯეტო დაფინანსებას - ღებულობენ, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე იგივე წლები ღარიბების შემთხვევაში. რადგან მოხუცები ჯანდაცვის სერვისს ბევრად დიდი რაოდენობით მოიხმარენ, ვიდრე ახალგაზრდები, თუკი მთავრობა ამ სერვისის დაფინანსებას ახდენს, გამოდის, რომ მდიდრები სიბერეშიც, დიდწილად, ღარიბების ხარჯზე ღებულობენ მოცემულ სერვისს.

სახელმწიფოს მიერ ფულის მუდმივი ინფლაცია კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რითაც მთავრობა მდიდრებს კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს, ხოლო ღარიბებს კიდევ უფრო მეტად აღარიბებს. ფულის ჭარბ მასას, პირველ რიგში, მთავრობასთან დაახლოებული შეძლებული პირები ღებულობენ და მაქსიმალურ მოგებასაც ნახულობენ ამით. როდესაც ეს ფული მოსახლეობის დაბალ ფენამდე მიაღწევს, ის უკვე უკიდურესადაა გაუფასურებული.

"მონად ყოფნის და ვინმეს მიერ რაღაცების კეთების იძულების ერთ-ერთი უარესი შედეგი ის არის, რომ როცა აღარავინ გაძალებს რაიმეს, აღმოჩნდება, რომ საკუთარი თავის იძულების ძალა თითქმის დაკარგე."
― სი. ეს. ლუისი

იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც მართლა გაჭირვებულია, სახელმწიფოზე დამოკიდებული ხდება და ვერასდროს ამოდის სიღარიბიდან, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალურ დახმარებას დაკარგავს. ის, რის სუბსიდირებასაც მთავრობა გადასახადების გადამხდელებიდან ამოღებული ფულით ახდენს, ზომაში მატულობს. სიღარიბე აქედან გამონაკლისი არ არის: სიღარიბის სუბსიდირება ნიშნავს სიღარიბის გამრავლებას. თუკი ფულს იმაში გიხდიან რომ არ იმუშაო, მაღალი ალბათობით, მუშაობის სურვილი გაგიქრება.

"მთავრობის ომმა სიღარიბესთან ეს უკანასკნელი ხანმოკლე უიღბლობიდან კარიერულ არჩევანად გარდაქმნა."
― ჰარი ბრაუნი

მეორე მხრივ, მთავრობის მიერ დაწესებული გადასახადები, რითაც სიღარიბის სუბსიდირება ხდება, თავისუფალ ბაზარს მძიმე ტვირთად აწვება, მთავრობის მიერვე დაწესებულ შეზღუდვებთან და რეგულაციებთან ერთად. მდიდრებს ღარიბებზე ბევრად უფრო წარმატებით შეუძლიათ აარიდონ თავი გადასახადებს, შეზღუდვებს, და რეგულაციებს. ყოველივე ეს დოვლათის შემქმნელ სამუშაო ადგილებს ანადგურებს და მოსახლეობის გაჭირვებულ ფენებს ხელს უშლის იმაში, რომ დასაქმდნენ და სიღატაკეს თავი დააღწიონ. ამასთან, რაც უფრო მაღალია გადასახადები, მით უფრო ნაკლები ფული და სურვილი რჩებათ ადამიანებს იმისთვის, რომ ქველმოქმედებით დაკავდნენ, ანუ, ღარიბებს საკუთარი ნებით დაეხმარონ.

"თუკი თითქმის ყველა ემხრობა მშიერთა დაპურებას, პოლიტიკოსებმა, შესაძლოა, საკუთარ ინტერესში შემავალად ჩათვალონ ამის გაკეთება. მაგრამ, ამ პირობებში, პოლიტიკოსი საჭირო არ არის: კეთილი ადამიანები მშივრებს მის გარეშეც მისცემენ საკვებს. თუკი დიდი უმრავლესობა მშიერთა დაპურების წინააღმდეგია, მაშინ უმცირესობის რიგებში მყოფმა ზოგიერთმა კეთილმა ადამიანმა შეიძლება მაინც დააპუროს მშივრები, პოლიტიკოსი კი ამას არ იზამს."
― დეივიდ ფრიდმენი

ზოგადად, იმის მტკიცება, რომ თავისუფალი ადამიანები საკუთარი ნებით ერთმანეთს საერთოდ ან თითქმის საერთოდ არ დაეხმარებიან და, ამიტომ, საჭიროა მათ მთავრობამ აიძულოს ამის გაკეთება (ეს კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეოლოგიური საფუძველია), ისეთივე მცდარია, როგორც იმის მტკიცება, რომ თავისუფალი ადამიანები საკუთარი ნებით ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს საზიაროდ გახდიან და, ამიტომ, კერძო საკუთრება და თავისუფალი ბაზარი აღარ იარსებებს (ეს ანარქო-კომუნიზმის იდეოლოგიური საფუძველია). შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოს არარსებობის პირობებში თავისუფალი ადამიანები ქველმოქმედების გზით ერთმანეთს დაეხმარებიან იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება და, ამდენად, არც გადასახადების არსებობა იქნება აუცილებელი, და არც კერძო საკუთრება და თავისუფალი ბაზარი გაქრება.

აქვე აღსანიშნავია, რომ კონკურენციის შედეგად სერვისების გაიაფების და მათი ხარისხის გაზრდის გამო, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ასევე გაიზრდება, ანუ, იგივე შემოსავლით სულ უფრო მეტი და სულ უფრო უკეთესი სერვისების ყიდვა იქნება შესაძლებელი. ამჟამად არსებული სერვისები იმიტომ არის ძვირი და უხარისხო, და სახელმწიფოს მიერ გაღატაკებულ მოსახლეობას იმიტომ არ შეუძლია საკუთარი ფულით მათი ყიდვა, რომ სახელმწიფო, მის მიერ დაწესებული რეგულაციებით და გადასახადებით, ბაზარზე შეღწევას და კონკურენციას ზღუდავს.

აქ ისმის კითხვა: რას ნიშნავს "საჭირო"? სად იწყება და სად მთავრდება საჭიროება? საჭიროების დეფინიცია, პრაქტიკულად, შეუძლებელია, და მისი განსაზღვრა, როგორც წესი, აბრიტრარულ დაშვებებს ეფუძნება ხოლმე. რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან, ვისთვის რა არის საჭიროება და ვისთვის - რა. და რაც მთავარია: არავინაა ვალდებული, რომ ე.წ. "საარსებო მინიმუმით" უზრუნველგყოს.

"დღევანდელი შეუზღუდავი მთავრობის თესლი დაითესა მაშინ, როცა გადაწყდა, რომ მთავრობა უნდა ეხმარებოდეს მათ, ვისაც საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია. არსებობს სწორი უწყვეტი ხაზი ამ ზომიერი, თანაგრძნობაზე მდგარი დასაწყისიდან დღევანდელ უკონტროლო მეგასახელმწიფომდე. როგორც კი კარი გაიღო, როგორც კი შეთანხმება მოხდა, რომ მთავრობა ზოგიერთ ადამიანს სხვების ხარჯზე უნდა ეხმარებოდეს, მას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა...
მთავრობის მცირედ ჩართულობა ზუსტად ისევე სახიფათოა, როგორიც - ბევრად, რადგან პირველი გარდაუვლად იწვევს მეორეს."
― ჰარი ბრაუნი

პოზიტიური უფლებები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ ნეგატიური უფლებები: ერთადერთი რისი უფლებაც გაქვს, არის ის, რომ არავინ იძალადოს შენზე. როგორც არ უნდა გიჭირდეს, უფლება არა გაქვს, რომ სხვა ადამიანი დაავალდებულო პირში ლუკმა ჩაგიდოს, და თუკი სხვა ადამიანს შენი რჩენის ვალდებულებას დააკისრებ, სწორედ მაშინ იძალადებ მასზე, ანუ, თავად შელახავ მის ნეგატიურ უფლებას, რომ მასზე არავინ ძალადობდეს. ერთი ადამიანის მიერ მეორის დახმარება მხოლოდ მაშინაა სიკეთე, როცა ის პირველი ადამიანი ამას საკუთარი ნებით აკეთებს. ზუსტად ასევე, არავის აქვს უფლება, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს წაართვას ფული და ამ გზით "დაეხმაროს" ადამიანების მეორე ჯგუფს. ასეთი ქმედება, როგორც ეს უკვე იყო განხილული, დიამეტრულად საწინააღმდეგო შედეგს იძლევა და ღარიბებს კიდევ უფრო მეტად აღარიბებს, ხოლო მდიდრებს კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს.

აქედან გამომდინარე, როგორც მორალური, ისე პრაგმატული თვალთახედვით, უპრიანია ჩავთვალოთ, რომ თავად ნებაყოფლობითი დახმარებაა ის საზომი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, და არა - ეფემერული საჭიროების დონე.

ქველმოქმედება არის თავისუფალი ბაზრის მიერ, ანუ, ნებაყოფლობით, ხარისხიანად და იაფად მოწოდებული სოციალური დახმარება. იმის თქმა, რომ, თუკი ყველაფერს დავაპრივატებთ და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ყველა რეგულაციას გავაუქმებთ, ქველმოქმედება საკმარისი მაინც არ იქნება და, ამიტომ, მაინც მოგვიწევს, რომ გადასახადების გადამხდელებს ფული წავართვათ და ეს ფული ღარიბებს მივცეთ, დიდი სახელმწიფოს მომხრეობის, ანუ, ეტატიზმის ტიპიური გამოვლინებაა.

"მთავრობა ერთ რამეშია კარგი. მან იცის, თუ როგორ მოგამტვრიოს ფეხები, ხოლო შემდეგ ყავარჯენი მოგაწოდოს და გითხრას: 'ხედავ? მთავრობა რომ არ ყოფილიყო, ვერ ივლიდი'."
― ჰარი ბრაუნი

უსამართლო უთანასწორობას ქმნის თავად მთავრობა მის მიერ დაწესებული ნაციონალიზაციით, რეგულაციებით, და გადასახადებით, და შემდეგ მისივე ქმედებებით გამოწვეული უსამართლო უთანასწორობა სოციალური დახმარების კვლავაც გადასახადებით დაფინანსების საბაბად მოჰყავს, რაც მანკიერ წრეს კრავს.

"მთავრობა არის დაავადება, რომელიც ინიღბება, როგორც მისი საკუთარი წამალი."
⁠— რობერტ ლეფევრი

ეტატისტი, რომელიც ამბობს, რომ დიდი სახელმწიფო თავად დიდი სახელმწიფოს მიერ გაღატაკებულ ქვეყანას მისი სიღატაკის გამო სჭირდება, ჰგავს ადამიანს, რომელმაც დედ-მამა დახოცა და სასამართლოზე განაცხადა, ობოლი ვარ, მაპატიეთო. როდესაც ეტატისტები ლიბერტარიანელებს ბრალს გვდებენ, რომ, ვითომდა, ღარიბების ბედი არ გვადარდებს, რადგან მათ დასახმარებლად მდიდრებისთვის ფულის წართმევას არ ვამართლებთ, ყველაზე სწორი სტრატეგია არის შეტევაზე გადასვლა და იმის ჩვენება, თუ როგორ ამდიდრებს სახელმწიფო გადასახადებით, შეზღუდვებით და რეგულაციებით მასთან გარიგებულ მდიდრებს ღარიბების კიდევ უფრო მეტად გაღატაკების ხარჯზე.

"დოვლათის გადანაწილებით სამყაროს ღარიბები მდიდრებად ვერ იქცევიან. სიღარიბის აღმოფხვრა შეუძლებელია იმ ადამიანების დასჯით, რომლებიც სიღარიბეს გაექცნენ, მათთვის ფულის წართმევით, და ამ ფულის, როგორც ჯილდოს, იმ ადამიანებისთვის მიცემით, რომლებმაც სიღარიბისთვის თავის დაღწევა ვერ შეძლეს."
― ფი. ჯეი. ო'რურქი

ის, რომ ღარიბების უდიდესი ნაწილი კერძო საკუთრების და მასზე მდგარი თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგეა - ანუ, იმის, რაც მას გაამდიდრებდა - და მხარს სახელმწიფოს უჭერს - ანუ, იმას, რაც მისი სიღარიბის უმთავრესი მიზეზია და რაც მას კიდევ უფრო მეტად აღატაკებს - არის, ალბათ, ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც კი ოდესმე არსებულა დედამიწის ზურგზე. ღარიბები მანამდე იქნებიან ღარიბები, სანამ არ მიხვდებიან რომ იმ გროშებში, რასაც მათ მთავრობა აძლევს, საკუთარ გამდიდრებას ცვლიან.

"ანდაზა გვაფრთხილებს, რომ 'არ უნდა უკბინო ხელს, რომელიც გაჭმევს.' მაგრამ, იქნებ, უნდა უკბინო, თუკი ეს ხელი ხელს გიშლის რომ თავად ჭამო."
― თომას საზი

მთავრობის ერთადერთ რეალურ დანიშნულებას სწორედ კონკურენციის შეზღუდვის გზით ღარიბების სამართლიანად გამდიდრებისთვის ხელის შეშლის ხარჯზე მდიდრების უსამართლოდ გამდიდრებისთვის ხელის შეწყობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სიღარიბის დაძლევის ერთადერთი რეალისტური გეგმა არის ყველაფრის პრივატიზაცია და ყველაფრის დერეგულაცია, და გადასახადების მაქსიმალური შემცირება, მათ სრულ გაქრობამდე, ხოლო ვინც საწინააღმდეგოს ითხოვს, სწორედ ის სპეკულირებს ღარიბების მდგომარეობით, ვითომდა, ისევ მათზე "ზრუნვის" მიზნით, და სწორედ ის სწირავს უამრავ ადამიანს სიღარიბისთვის.

რა თქმა უნდა, კარგი იქნება, არავინ კვდებოდეს საკვების, თავშესაფრის, ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმიუწვდომელობის გამო. რაც ჩვენ არ მოგვწონს, არის გაუმაძღარი სახელმწიფო ჩინოვნიკების და მუქთახორების ის უზარმაზარი კოჰორტა, რომელიც ამ კეთილშობილურ მიზანზე პარაზიტობს და, საბოლოო ჯამში, სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იწვევს, ანუ, ხელმოკლე ადამიანების რაოდენობას კი არ ამცირებს, არამედ, პირიქით, კატასტროფულად ზრდის.

ე.წ. სოციალურად დაუცველების დიდი ნაწილი, სინამდვილეში, სულაც არ საჭიროებს დახმარებას, ხოლო ადამიანებს არ მოსწონთ, როცა მათი პატიოსანი შრომით შექმნილი დოვლათი მუქთახორების შენახვაზე იხარჯება, და არა - მართლაც გაჭირვებულების დახმარებაზე. სწორედ ამიტომ, კეთილდღეობის სახელმწიფოს არარსებობის პირობებში, ისინი ეცდებიან, რომ მათ მიერ ნებაყოფლობით გაცემული დახმარება სწორ ადრესატამდე რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მივიდეს. სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც გადასახადების გზით ამოღებულ სხვის ფულს სხვაზე ხარჯავენ, ეს ამბავი ნაკლებად ადარდებთ.

"იმას, რასაც ადრე ითხოვდნენ როგორც წყალობას, დღეს მოითხოვენ როგორც უფლებას. რწმენა, რომ სამყაროს ჩემი რჩენა მართებს, რეციპიენტის ხასიათზე ახდენს გავლენას. როდესაც ქველმოქმედების ობიექტი ხარ, თავმდაბალი ხდები. ქველმოქმედების გადაქცევამ ლეგალურ უფლებად წარმოქმნა დონორები სიყვარულის გარეშე და რეციპიენტები მადლიერების გარეშე."
― ენტონინ სკალია

ლიბერტარიანიზმის ამოსავალი წერტილია ადამიანებს შორის ნებაყოფლობითი ურთიერთქმედება. გადასახადებსა და ქველმოქმედებას შორის განსხვავება სწორედ ისაა, რომ პირველი იძულებითია, ხოლო მეორე - ნებაყოფლობითი. თავისუფალი ბაზრის ანარქიზმის მომხრეები არ ვამბობთ, რომ სახელმწიფოდან თავისუფალი ბაზრის ანარქიისკენ ტრანზიციის პროცესში ქველმოქმედება თავიდანვე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველა უმწეოს და უპოვარის ელემენტარული მოთხოვნილებები იყოს დაკმაყოფილებული.

რაც ჩვენ გვსურს, არის სახელმწიფოს როლის განუხრელი და მაქსიმალურად სწრაფი შემცირება, ქველმოქმედების როლის თავისთავად ზრდის პარალელურად, რაც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. საწყის ეტაპზე მოხდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვების და რეგულაციების სრული გაუქმება, ყველა სერვისის და უძრავი ქონების პრივატიზაცია, და სერვისების სუბსიდირების ნაცვლად მთელი ამ ფულის პირდაპირ და მთლიანად მოსახლეობის ღარიბი ფენებისთვის მიცემა, და მხოლოდ ამის შემდეგ - ამ ფენების საბიუჯეტო დაფინანსების და, შესაბამისად, გადასახადების სრული, მაგრამ თანდათანობითი გაუქმება. ღარიბი ადამიანები თავად უნდა წყვეტდნენ, თუ რისი ყიდვა ურჩევნიათ მათთვის მიცემული ფულით.

ამდენად, პირველი ეტაპი აუცილებელად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების და შეზღუდვების გაუქმება, და სოციალისტური ან კრონი კაპიტალისტური "უფასო" სერვისების ჩანაცვლება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებით. თავად საბიუჯეტო დახმარების გაუქმება ყოველთვის უნდა იყოს ბოლო ეტაპი, და არასდროს - პირველი. ადამიანები მხოლოდ მაშინ შეეგუებიან ჯერ "უფასო" სერვისების ჩანაცვლებას საბიუჯეტო დახმარებით, ხოლო შემდეგ - ამ დახმარების შეწყვეტას, როცა ისინი იმდენად მდიდრები იქნებიან, ხოლო სერვისები - იმდენად იაფი, რომ ადვილად შეეძლებათ მათი ყიდვა საკუთარი ფულით, ამის მიღწევა კი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების და შეზღუდვების გაუქმებითაა შესაძლებელი.

ყოველივე ამის შედეგად, საზოგადოება თანდათანობით გამდიდრდება, რაც ორ უმნიშვნელოვანეს შედეგს მოგვცემს: იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სხვის დახმარებას საჭიროებენ, სულ უფრო და უფრო მცირე იქნება, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც, საკუთარი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა ადამიანებისთვის ქველმოქმედების გზით დახმარება შეუძლიათ და ამის სურვილიც გააჩნიათ, სულ უფრო და უფრო გაიზრდება. ძალიან მალე დადგება ის მომენტი, როდესაც ქველმოქმედება შეძლებს მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს ხელმოკლეთა დახმარება და შეგვეძლება, რომ ამ მიზნით გადასახადების ამოღებაზე საერთოდ უარი ვთქვათ.

ამისთვის საჭიროა, რომ საბიუჯეტო დახმარება სულ უფრო მზარდი ბიუჯეტის ფიქსირებულ პროცენტზე - ან, მითუმეტეს, მის მზარდ პროცენტზე - კი არ იყოს მიბმული, არამედ, ადამიანების შემოსავალზე. როგორც კი მოცემული ადამიანის შემოსავალი წინასწარ დადგენილ და ყველასთვის საერთო უცვლელ ზღვარს აცდება, მას საბიუჯეტო დახმარება მოეხსნება. ყველა ბენეფიციარს, თუკი ამის სურვილი ექნება, შეეძლება რომ მანამდე გავიდეს საბიუჯეტო დახმარებიდან, სანამ ზემოაღნიშნულ ზღვარს მიაღწევს. ეს ყოველმხრივ წახალისებული და მისალმებული უნდა იყოს.

მოკლედ, თუკი გვინდა, რომ ღარიბები ვიყოთ, სახელმწიფოსგან უნდა მოვითხოვოთ უსაფრთხოება, ანუ, რეგულაციები და შეზღუდვები, და "უფასო" მომსახურება, ანუ, სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიის მიერ მოწოდებული უხარისხო და/ან ძვირი სერვისები. და თუკი გვინდა, რომ მდიდრები ვიყოთ, სახელმწიფოსგან უნდა მოვითხოვოთ თავისუფლება, ხოლო საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ, და თავისუფალი ბაზარი, კონკურენციის გზით, ჩვენს შემოსავალს იმდენად გაზრდის, ხოლო სერვისებს იმდენად დაბალი ფასით და იმდენად მაღალი ხარისხით მოგვაწვდის, რომ აღარასოდეს დაგვჭირდება სახელმწიფოს ვთხოვოთ "უფასო" სერვისების მოწოდება და ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

დღეს არსებული მედია-საშუალებების დიდი ნაწილი, რომელიც, სინამდვილეში, სახელმწიფო პროპაგანდის აპარატს წარმოადგენს, პირიქით, სახელმწიფო დახმარებაზე მოსახლეობის დამოკიდებულების წახალისებას ახდენს, თითქოს, სხვის ხარჯზე ცხოვრება რაღაც სასიქადულო და საამაყო რამ იყოს. მანამ, სანამ ჟურნალისტები ამკვიდრებენ აზრს, რომ ადამიანებს უფლება აქვთ სხვისი ფული მოითხოვონ, და სანამ პოლიტიკოსები, ხმების მიღების მიზნით, უხვად გასცემენ სხვისი ფულის მიცემის დაპირებებს, ძალიან გაგვიჭირდება, რომ სიღარიბეს დავაღწიოთ თავი. საბოლოო მიზანი სახელმწიფოზე დამოკიდებულებისგან მოსახლეობის სრული გათავისუფლება უნდა იყოს, და არა, პირიქით, სულ უფრო მეტი ადამიანის შესმა ამ ნემსზე.

"ადვილია, რომ აშკარად 'თანაუგრძნობდე', თუკი სხვები არიან იძულებულნი რომ ღირებულება გადაიხადონ."
― მარი როთბარდი

კეთილდღეობის სახელმწიფოს არსებობა უამრავ ადამიანს უკარგავს ქველმოქმედების სურვილს. თუკი ჩათვლი, რომ როცა მთავრობა შენგან გადასახადებს, მათ შორის, იმ მიზნითაც იღებს, რომ მათი საშუალებით ღარიბებს და უმწეოებს დაეხმაროს, მაშინ აღარც ქველმოქმედების სურვილი გექნება. როგორც უკვე განვიხილე, სამწუხაროდ, ეს სიმართლეს, როგორც წესი, არ შეესაბამება და მთავრობა, დიდწილად, ფულს დიამეტრულად საწინააღმდეგო მიმართულებით, ანუ, ღარიბებიდან მდიდრებისკენ ამოძრავებს. ამდენად, კეთილდღეობის სახელმწიფო არის ღარიბების უპირველესი მტერი, ხოლო თავისუფალი ბაზარი - მათი არა მხოლოდ საუკეთესო, არამედ ერთადერთი მეგობარი, და კეთილდღეობის სახელმწიფოს პირობებში ქველმოქმედება არანაკლებ საშური საქმეა, ვიდრე ის კეთილდღეობის სახელმწიფოს არარსებობის პირობებში იქნებოდა.

ქველმოქმედება ძირს უთხრის ეტატისტური იდეოლოგიის ქვაკუთხედს, რომლის თანახმადაც, ადამიანი ბუნებით ეგოისტი, გულქვა და ძუნწი არსებაა, თანაგრძნობის უნარის გარეშე, და სწორედ ამიტომ არის საჭირო დოვლათის იძულებით გადანაწილება. ეტატისტები თავად არიან საკუთარი მავნებლური იდეოლოგიის უპირველესი მსხვერპლნი, რადგან კოგნიტიური დისონანსის და ამით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, თავად ხდებიან სწორედ ისეთები, როგორადაც მათი იდეოლოგია სახავს ადამიანს.

სინამდვილეში, ადამიანებს, თუკი ისინი მათი ბუნების წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიით არ არიან მოწამლულები, ერთმანეთის დახმარება მოსწონთ და, ამდენად, სულაც არ არის საჭირო ამ მიზნით მათზე ძალადობა. ქველმოქმედების თითოეული აქტით ჩვენ ვანგრევთ ბოროტების იდეოლოგიას, რომელიც სიკეთის ნიღაბამოფარებული ქადაგებს ძალადობას და საღატაკეს ქმნის.

"ადამიანებს საკვები, მედიკამენტები, განათლება, ტანსაცმელი, და თავშესაფარი სჭირდებათ, და თუკი მათ თანავუგრძნობთ, მათ დავეხმარებით, მაგრამ შენ ვერ მიიღებ მორალურ კრედიტს სხვა ადამიანების იძულებით, რომ მათ ის გააკეთონ, რასაც შენ სწორად თვლი. ადამიანების დახმარება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ არ არსებობს რაიმე სიამოვნება იმაში, რომ იარაღის მიზანში ამოღებულმა აკეთო ეს."
― ფენ ჯილეთი

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები