268 Views
ბლოგი ეკონომიკა

მინიმალური ხელფასი

რაც არ უნდა იყოს მთავრობის მიერ დაწესებული მინიმალური ხელფასი, რეალური მინიმალური ხელფასი ყოველთვის ნულია, რადგან დამსაქმებელს შეუძლია რომ დასაქმებული, უბრალოდ, დაითხოვოს, თუკი დაინახავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის იმაზე მეტი ხელფასის გადახდა მოუწევს, ვიდრე თავად დამსაქმებელს უღირს.

ამავე დროს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ ანაზღაურების გარეშე, ანუ, ნულოვან ხელფასზე იმუშაონ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სურვილი, რომ ასე მოიქცეს. ადამიანს ანაზღაურების გარეშე მუშაობა შეიძლება სურდეს იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი მუშაობით რაღაც სხვა რამეს ღებულობს სანაცვლოდ. ფული არ არის ერთადერთი რამ, რასაც მუშაობის სანაცვლოდ შეიძლება ვღებულობდეთ. ყოველთვის, როდესაც ჩვენი ნებით შევდივართ გარიგებაში, მუშაობის სანაცვლოდ ვღებულობთ რაღაც ისეთს, რაც უფრო მეტად გვიღირს, ვიდრე თავად მუშაობა - წინააღმდეგ შემთხვევაში, მოცემულ გარიგებაში არც შევიდოდით.

მაშ, რა არის ის, რასაც ანაზღაურების გარეშე მუშაობის სანაცვლოდ შეიძლება ვღებულობდეთ და რაც უფრო მეტად გვიღირს, ვიდრე თავად მუშაობა? ეს არის ცოდნა და გამოცდილება. ადამიანები უამრავ ფულს იხდიან განათლების მიღებაში, მაგრამ მუშაობა არის გამოყენებადი განათლების მიღების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. ადამიანები რაღაცის კეთებას ყველაზე კარგად ამ რაღაცის კეთების პროცესში სწავლობენ. ანაზღაურების გარეშე მუშაობა, სინამდვილეში, ნიშნავს განათლების მიღებას მასში ფულის გადახდის გარეშე. ერთადერთი, რასაც ამ განათლებაში ვიხდით, საკუთარი მუშაობაა.

და ვინმეს სურვილი, რომ ადამიანებს აუკრძალოს არათუ დაბალ ხელფასზე, არამედ, საერთოდ, ანაზღაურების გარეშე მუშაობა, ნიშნავს მხოლოდ იმის სურვილს, რომ მან ადამიანებს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზით ცოდნის და გამოცდილების მიღება, ანუ, სწავლა აუკრძალოს. ადამიანებს, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, "სტაჟიორები" ან "ინტერნები" ეწოდებათ.

რაც უფრო მაღალი იქნება მინიმალური ხელფასი, მით უფრო მეტად გამოიწვევს ის უმუშევრობას. რადგან მთავრობა დამქირავებელს დაქირავებულისთვის მინიმალურ ხელფასზე ნაკლების გადახდას უკრძალავს, მაგრამ, ამავე დროს, დამქირავებელს არავინ უკრძალავს რომ ის დაქირავებული პირები დაითხოვოს, რომელთა ხელფასიც მათ მიერ გამომუშავებულ მოგებას აჭარბებს, დამქირავებელი იძულებული იქნება რომ ან ის დაქირავებული პირები დაითხოვოს, ვის მიერ გამომუშავებული მოგებაც მინიმალურ ხელფასზე ნაკლებია, ან - მოგება გადაანაწილოს და ერთ დაქირავებულ პირს ხელფასი მეორე დაქირავებული პირისთვის ხელფასის დაკლების ხარჯზე უხადოს. ამის ერთადერთი ალტერნატივაა, მომხმარებლისთვის სერვისის ფასის გაზრდა და/ან მისი ხარისხის გაუარესება.  თუკი დამქირავებელი ამას არ გააკეთებს, ის მუდმივად იზარალებს და, საბოლოოდ, გაკოტრდება.

ამავე დროს, მინიმალური ხელფასის არარსებობის პირობებში თავად თავისუფალი ბაზარი ქმნის იმის წინაპირობას, რომ დამქირავებელმა დაქირავებულებს გარკვეულ ოდენობაზე ნაკლები ხელფასი არ გადაუხადოს. თუკი დამქირავებელი დაქირავებულებს საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით თავის კონკურენტებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდის, სხვა ცვლადების იგივეობის შემთხვევაში, მის მიერ დაქირავებული პირები მის კონკურენტებთან წავლენ დასასაქმებლად და ამით მისი ბიზნესი იზარალებს.

ავტორი: გიორგი ლომინაძე



კომენტარები