ყველაზე ბინძური პოლიციელები ყველა მთავრობის დროს მუშაობენ - ვიტალი გუგუჩია

ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ ბაზარში", საქართველოში არსებულ სამართალდამცავ სისტემასა და პოლიციის, როგორც ამ სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემაზე ისაუბრეს. "გირჩის" წევრმა, ვიტალი გუგუჩიამ, რომელიც თავად ყოფილი პოლიციელია, აღნიშნა, რომ ამ სისტემაში ყველაფერი წრეზე ტრიალებს და მოჩვენებითი რეფორმების მიუხედავად, ყველაფერი უცვლელი რჩება, იცვლებიან მხოლოდ ხელისუფლებები.

ეს სისტემა ისეთი ცოცხალი ორგანიზმია, ყველაზე ბინძური პოლიციელები, ყველა დროში, ყველა მთავრობის დროს მუშაობენ და თითქოს ეს თავისთავად ხდება. ისეთი ადამიანი მოსულა პოლიციაში ცვლილებების მერე, რომელსაც მანამდე, თვითონ მუდმივად პირზე ეკერა, ტელევიზიით თუ ქუჩაში, იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ზონდერები იყვნენ, მაგრამ პოლიციის უფროსად მოსვლის შემდეგ ეს ხალხი თავისთან დაუტოვებია. ასე მუშაობს ეს სისტემა.

- ამბობს გუგუჩია "თავისუფალი ბაზრის" ეთერში. 

ვიტალი გუგუჩიას თქმით, პოლიციელები სწავლობენ და იღებენ მხოლოდ პროცედურულ და ტექნიკური ხასიათის ინსტრუქციებს, შინაარსობრივად კი მათ უმრავლესობას არაფერზე აქვს ნაფიქრი. 

პოლიციის თანამშრომლებთან, ვისთანაც შეხება მქონია და ალბათ მასობრივადაც, სიტყვა თავისუფლება ყველაზე გარყვნილ ტერმინად უფრო წარმოუდგენიათ, ვიდრე ღირებულებად!

როგორც "გირჩის" წევრი, ყოფილი პოლიციელი აღნიშნავს, ამ სისტემის დასანგრევად რეალური ცვლილებები და ამაზე ნამდვილად წამსვლელი ხალხია საჭირო, ის, ვისაც არ ეშინია ასეთი გარდაქმნების:

"ტრაკიანი ადამიანები გვჭირდება, რომელთაც არ ეშინია ამ სისტემას დაშლის. ამას რომ დაშლის, ამაზე უარესს ვერაფრით ვერ ააშენებს. არ მესმის თუ ძალაუფლების ხელში ჩაგდების გარდა, პოლიტიკურად სხვა რამე ამოძრავებს ადამიანს, ვერ წარმომიდგენია, გააზრებული გქონდეს საბჭოთა განათლებისა და სამართალდამცავი სისტემის ბოროტება და მისი აგურ-აგურ დაშლა არ გინდოდეს. როცა შესაძლებლობა გაქვს გააკეთო და არ აკეთებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ ვიცი რა შეიძლება იყოს."

- ამბობს ვიტალი გუგუჩია "თავისუფალი ბაზრის" ეთერში. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები