სიახლეები

მინდა შენ მოგმართო, მოქალაქე პოლიციელო!

მინდა შენ მოგმართო, მოქალაქე პოლიციელო. 
განსაკუთრებული იმედი არ მაქვს, რომ მოგწვდები და კარგად აგიხსნი, თუ რისი თქმა მინდა, მაგრამ ვცდი. ყველაფერი უნდა ვცადოთ, რამემ რომ გაამართლოს. 

გუშინ, დღესაც და ხვალაც ზიზღის და ბრაზის გამომხატველი განცხადებების მოსმენა მოგიწევს შენ მიმართ, შენი თანამშრომლების მიმართ.

შეიძლება უსამართლობის განცდა გაგიჩნდეს ან უმადურობა დაგვწამო. შენ ხომ დღეს და ღამეს აბამ ჩვენი მშვიდი ძილისთვის, მზად ხარ ტყვიას შეუშვირო სხეული და მოძალადეც ბევრი დაგიჭერია…
ძნელი დასაჯერებელია, რომ შენს ამ თავგანწირვას არად აგდებს ხალხი და მაინც მზადაა ძაღლი გეძახოს, გაი გიწოდოს, საბჭოთა მილიციელს შეგადაროს. 

როგორ ხდება ეს? რისი ბრალი შეიძლება იყოს? 
როგორ მოხდა, რომ შენი ქუჩაში დანახვის გვეშინია?

ან ის, რომ შენთან ყოველი კონტაქტისას, ვცდილობთ კამერა ჩავრთოთ და საჯაროდ ლაივი გავუშვათ - ვხვდებით, რომ შენთან ერთი-ერთზე უძლურები ვართ. შენი სიტყვა ყველაფერს ნიშნავს, ჩვენი კი - არაფერს.

რა მომენტში გაძაღლდი? 

იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერე, რომ თუ სისტემაში მუშაობა გინდა, ყველა ადამიანი ავტომატურად დამნაშავედ უნდა ჩათვალო და შენი საქმე ის უნდა იყოს, რაში და რამდენ საქმეში გამოტეხავ ამ უკვე-დამნაშავეს. 

იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერე, რომ უმაღლეს ღირებულებად და ფარად ის უნდა დაიყენო, თუ რა წერია სადღაც ქაღალდზე, რომელსაც “კანონების კრებულს” უწოდებენ და არა ის, თუ რამდენად სამართლიანი და ადამიანურია ეს კანონი.

იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერე, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. თან, შეიძლება მიზანიც მთლად სწორი და მორალური არ იყოს, მაგრამ უფროსმა გითხრა, ეგრეაო და ეჭვს ხო არ შეიტან?! 

იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერე, რომ იმას, თუ ვინაა “ცუდი”, განსაზღვრავს ის, თუ ვინაა მთავრობაში და ვინ გიწერს პრემიას. ეგ მაშინ გააცნობიერე, როდესაც ერთი და იმავე ‘დუბინკით” ნაცემი გყავს ედუარდის გარემოცვაც, მიშას გარემოცვაც და ბიძინას გარემოცვაც, მერე კი ედუარდის ბრძანებაც მიგიღია, მიშასიც და ბიძინასიც. 

იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერე, რომ მთავრობაც ყვერებით გიჭირავს, მოუხედავად იმისა, რომ მათ ბრძანებებს ასრულებ. მათი ბრძანებების შესრულება ის ხარკია, რომელსაც იხდი შენივე ხელშეუხებლობისთვის. ახალ მთავრობას, მოსვლისთანავე "უიასნებ", რომ უზარმაზარი ძალაუფლება გაქვს, შენი ბინძური ხელების გარეშე დიდხანს ვერ იარსებებენ და ღმერთი არ გაუწყრეთ, ხელი არ გახლონ. 

იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერე, რომ თუ რაიმე გაააანსაკუთრებული სიგიჟე არ ჩაიდინე, ხელშეუხებელი ხარ. როდესაც მიხვდი, რომ პროკურორი, მოსამართლე და შენ ერთმანეთზე წრიულად გადაბმული human centipide ხართ. 
ხოლო თუ რამე უპატიებელი სიგიჟე ჩაიდინე, წინასწარვე ცდილობ, ისე დაალაგო საქმე, რომ პასუხი შენ კი არა, შენს გვერდით მჯდომმა აგოს - განტევების ვაცი ხომ ვინმე უნდა იყოს და სისტემაც მზადაა, თითო-თითო პოლიციელი გადმოაგდოს, როდესაც სხვა გზა არ რჩება. 

იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერე, რომ პასუხისმგებელი შენი თანამოქალაქის წინაშე კი არა, მხოლოდ შენს უშუალო უფროსთან ხარ. ის - მხოლოდ მის უშუალო უფროსთან. ის - მხოლოდ მის უშუალო უფროსთან და ასე, აღმავალი ხაზით. 

იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერე, რომ მიუხედავად ფერადი ფორმისა და დაწკეპილი ტრენინგებისა, მხოლოდ ძველი მეთოდებით იცით მუშაობა შენ და შენიანებმა - მოტყუებით, დაშინებით, ჩადებით, მლიქვნელობით, ძალადობით. 
“სხვანაირად საქმე არ კეთდება, ძმაო”-ო, გითხრეს და დაიჯერე. 
კეთდება, ოღონდ იმ სხვანაირ გზას ადამიანობა, ჭკუა, გამჭრიახობა და შრომა სჭირდება, ძნელი გზაა და მაგ გზაზე მიზანი არ ამართლებს საშუალებას. 

ამ ჩამონათვალს საერთოდ არ აქვს პრეტენზია სისრულეზე. არც იმაზე, რომ აუცილებლად აქედან ყველა პუნტში ამოიცანი თავი. შეიძლება, ისეთი იშვიათი ეგზემპლარი ხარ, რომ რაც ახლა მე მოვყევი, ეგ ყველაფერი უცხოც კია შენთვის და ვიცი, რომ შეიძლება უსუსურობის განცდაც გაქვს, საკუთარ თავს ეუბნები, რომ შენ, ერთი წესიერი ადამიანი, რას გააწყობ ამ საათივით აწყობილ ჭაობში, სადაც მლიქვნელობა, კუნთებით თამაში, ძალაუფლებით ვაჭრობა, ტყუილი და ძალადობა სამუშაო დღის განუყოფელ ნაწილად იქცა... 

მაგრამ, გთხოვ - ყოველთვის, როდესაც შენს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, ძაღლივით მოიქცე თუ ადამიანივით, მეორე აარჩიე ხოლმე. 
ჩვენ ვეცდებით ჩვენი წილი საქმე გარედან გავაკეთოთ.

ავტორი: ჰერმან საბო

კომენტარები