სიახლეები

1242 Views
პოლიტიკა

20/30 იანელებმა ბიძინას ძღვენი მიართვეს

მოძრაობა 20/30 იანელებმა ბიძინა ივანიშვილს მის სახლთან ლობიანები და ჩიჩილაკები მიუტანეს და ბარბარობა მიულოცეს. მოძრაობის აქტივისტები ამბობენ, რომ ბედობა დღეს ბატონ ბიძინას ყველაფერი საუკეთესო უნდა დაებედოს.

20/30 იანელების თქმით, ლობიანები ერთ-ერთმა აქტივისტმა თამარ ჩარკვიანმა თავად გამოაცხო იმერული წესით.

ჩარკვიანი  ამბობს, რომ ლობიანი ტრადიციული იმერული წესით გამოაცხო კეცზე, ისე, როგორც მისი ბაბუდა ვასასი ამზადებდა:

"დღეს არის ბარბარობა, მოვედით იმისთვის, რომ მივულოცოთ ბატონ ბიძინას ეს დიდებული დღესასწაული. მოვუტანეთ ჩემი გამომცხვარი, იმერული წესით გამომცხვარი ლობიანები. გვინდა, რომ ბავშვობა გავახსენოთ და ბავშვობაში დავაბრუნოთ, ის გემო გავახსენოთ, როდესაც ბაბუდა ვასასი უცხობდა ამ ლობიანებს და გვინდა, რომ გავახაროთ იგი. ასევე მოვიტანეთ ნატვრის ხეები, რომელზეც შევაბით კეთილი სურვილები, რასაც ბატონ ბიძინას ვუსურვებთ."

ამბობს 20/30 იანელი თამარ ჩარკვიანი.

"გისურვებთ გულწრფელ გარემოცვას"

"ყველა ხე გადაგერჩინოთ"

"მჭიდროდ გეპყრათ ქვეყნის სადავეები"

"მომგებიანი ბიზნესები გქონოდეთ"

"ყველა ნაცი მოგესყიდოთ"

"არ აგცდეთ მთაწმინდაზე დაკრძალვა".

ასე გამოიყურება ის სურვილები, რომელიც დატოვეს ნატვრის ხეზე 20/30 იანელებმა.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრები აგროვებენ ხელმოწერებს, ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით (ასი წლის შემდეგ) , მათ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი უდიდესი მოღვაწე და ქველმოქმედია, ამიტომ იმსახურებს ღირსეულ ადგილს ვაჟა-ფშაველას გვერდით.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

 

კომენტარები