სიახლეები

"სეცესია" - ვალტერ ბლოკი

სამხრეთის სეცესიიდან საუკუნე-ნახევრის შემდეგ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ამ ტრაგიკული მოვლენით კვლავაც შეფერხებულია. სხვა სიტყვებით, ფედერალური აგრესიის ომი რომ არ მომხდარიყო და სამხრეთს მშვიდობიანად გასვლის უფლება მისცემოდა, ამერიკა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, რათა ამჟამად მსოფლიოს შემაშფოთებელი მოვლენებისთვის დადებითი მიმართულება მიეცა.

ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ლიბერტარიანულ საგარეო პოლიტიკაში შევიდოდა მსოფლიო პოლიციელის როლი; არაკონსტიტუციური გარნიზონული არმიების ორგანიზება; ჯარისკაცების ჩაყენება საზღვარგარეთ - ფაქტობრივად, ასობით ქვეყანაში; და ადამიანებისთვის ცნობილ ყველა ზღვაში და ოკეანეში სამხედრო ხომალდების ჩადგმა.

არა. სათანადო საგარეო პოლიტიკა დაეფუძნებოდა ჯორჯ ვაშინგტონის "გამოსამშვიდობებელი მიმართვის" რჩევას: ყველა ქვეყანასთან იღწვოდე მეგობრული სავაჭრო ურთიერთობისთვის, მაგრამ არცერთთან - პოლიტიკური ურთიერთობისთვის; გქონდეს ყველა ქვეყნის უსაფრთხოების და ბედნიერების სურვილი, მაგრამ იბრძოდე დაიცვა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ბედნიერება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმის უარყოფას, რომ ამერიკელებს საგარეო საქმეებში შეუძლიათ შუამავლის და შემრიგებლის როლი შეასრულონ. დიახ, პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, და სახელმწიფოს დაქირავებული სხვა პირები გამორიცხულები იქნებოდნენ ამ აქტივობებიდან. და ეს ასე იქნებოდა შაბათ-კვირასაც. ყველაფერს რომ შევეშვათ, მათ ხომ უკვე აქვთ სრული განაკვეთის მქონე დასაქმება, რაც მათ ხელს უნდა უშლიდეს იმაში, რომ დედამიწის ზურგზე იხეტიალონ და სხვა ადამიანების საქმეებში ჩაერიონ. კერძო ფირმების აღმასრულებლები, ჩვეულებრივ, კონტრაქტით არიან შეზღუდულები, რომ საკუთარი თავისუფალი დროის განმავლობაში თავიანთ სრულ დასაქმებასთან შეუთავსებელი ქმედებები განახორციელონ - ეს ასე უნდა იყოს მთავრობის "დიპლომატების" შემთხვევაშიც.

ამის მიუხედავად, ლიბერტარიანიზმის პრინციპებში არაფერია ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა კერძო პირებს მსოფლიო არენაზე ყოფილიყვნენ არბიტრები და მედიატორები. რა თქმა უნდა, ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაციის წევრებს, ყოფილ მოსამართლეებს, საქორწინო კონსულტანტებს, და ა.შ. შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ ხანძრების ჩაქრობაში, რომლებიც ამჟამად მწუხარე მსოფლიოს ემუქრებიან.

რომ არა ერთი რამ.

ნებისმიერი ამერიკელი, რომელიც ამის გაკეთებას ეცდებოდა, მოცემულ ამოცანას შეეჭიდებოდა ზურგსუკან დაბმული ერთი, ან, იქნებ, ორივე ხელითაც კი, და ამის მიზეზი ის იქნებოდა, რომ კაცობრიობის უმეტესი, თუ არა ყველა პრობლემის ნათელი, აშკარა, და გამართლებული (ნაწილობრივი) გადაჭრის გზას სეცესია წარმოადგენს, ამ ქვეყანას კი სწორედ ამ გზის უარყოფის ისტორია გააჩნია. ამასთან, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, არც ამ მორალური შეურაცხყოფისთვის მოგვიხდია ბოდიში. ამის ნაცვლად, უმრავლესობის მიერ აბრაამ ლინკოლნი კვლავაც რაღაც სეკულარული წმინდანის მაგვარად განიხილება. თომ დილორენცოს, ჯეფ ჰამელის, დეივიდ გორდონის, ქლაიდ ვილსონის - და კიდევ რამდენიმე თითებზე ჩამოსათვლელი ავტორის - გარდა, ჩვენი ისტორიკოსები, პოლიტიკური მეცნიერები, და სხვა ინტელექტუალები კვლავაც მონსტრი ლინკოლნის ქმედებებს იცავენ.
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უთხრის ეს პოზიცია ძირს დედამიწის ბობოქარი წერტილების განკურნვაში პატიოსანი ბროკერობის ნებისმიერ მცდელობას.

1. ჩეჩნეთი

რუსეთი ინდივიდების ამ ჯგუფთან სისხლიან ომშია ჩართული, და ასე იყო თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში. ათობით ათასი ადამიანი იქნა მოკლული. ერთ-ერთ მათგანს, შესაძლოა, კიბოს წამალი გამოეგონა.

არსებობს რაიმე მიზეზი რის გამოც ჩეჩნებს ნება არ უნდა მიეცეთ რომ ცალკე წავიდნენ? მათთვის უარის თქმა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი იურისდიქციების რამდენიმე დუჟინს უკვე მიენიჭა ცალკე სახელმწიფოების შექმნის უფლება. რაში მდგომარეობს რელევანტური განსხვავება, ერთი მხრივ, ჩეჩნეთს, და მეორე მხრივ, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვეთს, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, და ტაჯიკეთს შორის, იმდენად, რომ პირველს, დანარჩენებისგან განსხვავებით, სეცესიის უფლება არ მიეცეს?

ძნელია ამ განსხვავებული დამოკიდებულების გამართლების მოძებნა. ამის მიუხედავად, იმდენად ღრმადაა ჩაბეჭდილი მოსაზრება, რომ ყოველი ქვეყანა სრულყოფილადაა შემდგარი, ზუსტად ისე, როგორც არის, ნებისმიერ მოცემულ დროს, რომ მიწის ამ ნაგლეჯის ცალკე წასვლის მიმართ მანიაკალურმა წინააღმდეგობამ ათასობით ძვირფასი ადამიანის არასაჭირო სიკვდილი გამოიწვია.

მაგრამ შეუძლია კი ამერიკელს ჩეჩნეთის სეცესიას დაუჭიროს მხარი? ეს პოზიცია ძირგამოთხრილი იქნება კონფედერაციის მსგავსი მოთხოვნის ჩახშობასთან დაკავშირებული ჩვენი საკუთარი ისტორიით.

2. ქაშმირი

რამდენიმე ათეული წელია, რაც ქაშმირის ბედის გამო ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთის ყელის გამოღადვრას ცდილობენ. ამ საკითხის გადასაწყვეტად მათ უკვე იომეს სამი უშედეგო ომი. ამ შეტაკებებში ათასობით ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე გაქრა. ერთ-ერთ მათგანს, შესაძლოა, მოცარტის ნებისმიერი სიმფონიის თანაბარი სიმფონია შეექმნა. თუკი ამ დისპუტის შედეგად ამ ორ ქვეყანას შორის ბირთვული ომი დაიწყება, გამოთვლილია, რომ ამას კიდევ 12 მილიონი ადამიანი შეიძლება შეეწიროს.

როდესაც ინგლისმა 1947 წელს ეს ხიფათიანი სუბკონტინენტი დატოვა, მიღებული გეგმის თანახმად, ინდუსების მიწების უმრავლესობა ინდოეთს უნდა მისცემოდა, ხოლო მსგავსად დასახლებული მუსლიმი რეგიონები ერთმანეთს პაკისტანის სახით უნდა შერწყმოდა. რაც ამ გეგმის, როგორც ფართო და, ხშირ შემთხვევაში, იძულებით მიგრაციაზე დაფუძნებული მშვიდობის რეცეპტის შესახებ შეიძლება ითქვას, არის ის, რომ, შესაძლოა, უფრო უარესი ალტერნატივებიც არსებობდა.

მაგრამ ქაშმირს ინდუსი პრინცი მართავდა, რომელმაც გადაწყვიტა იგი ინდოეთისთვის "მიეცა", იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმი იყო. ამის შემდეგ პაკისტანი მუდმივად ცდილობდა, ამ ტერიტორიის ინკორპორება სამართლიანი მფლობელობის საფუძველზე მოეხდინა, ხოლო ინდოეთი იგივე თავდადებით ცდილობდა იმ დოქტრინის დაცვას, რომ არავითარი პოლიტიკური სეპარაცია აღარ შეიძლება როდესმე მოხდეს, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი.

აშკარა და სამართლიანი გამოსავალი არის ქაშმირისთვის ინდოეთისგან სეცესიის ნების დართვა. ამის შემდეგ იგი შეიძლება ან პაკისტანს შეურთდეს, ან, ბანგლადეშის მოდელის მსგავსად, ცალკე პოლიტიკურ ერთეულად დარჩეს. მაგრამ განა რომელიმე ამერიკელს ასეთი ქმედების რეკომენდაციის მიცემა მშვიდი სახით შეუძლია? ამ კითხვის დასმა მასზე პასუხის გაცემას ნიშნავს.

3. პალესტინა

წლებია, რაც ებრაელები და არაბები ერთმანეთს სამყაროს ამ ფორიაქი ნაწილის გამო ხოცავენ. ერთ-ერთ მოკლულს, სავარაუდოდ, შესაძლოა ისეთი სამოგზაურო მანქანა ან ტექნიკა გამოეგონა, რაც საშუალებას მოგვცემდა დამატებითი პლანეტების შესწავლა და კოლონიზაცია არა მხოლოდ ამ მზის სისტემაში, არამედ სხვა გალაქტიკებშიც მოგვეხდინა.

მთელ ამ დავიდარაბაზე ერთი მარტივი პასუხი არის ამ ორი ხალხის გეოგრაფიული და პოლიტიკური გაყოფა (ეს კრიზისს მთლიანად ვერ გადაჭრიდა. კვლავ დარჩებოდა ის საკითხი, თუ რომელი ქვეყანა მიწის რომელ ნაწილებს უნდა აკონტროლებდეს, რაც მოცემული ფოკუსის მიღმაა, მაგრამ ასეთი გაყოფა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი მაინც იქნებოდა).

თუმცა, არცერთ ამერიკელს, თვით კერძო პირსაც კი, არ შეუძლია მსგავსი გეგმის რეკომენდაციის სუფთა ხელებით გაცემა მანამ, სანამ კონფედერაციული შტატები ჯერ კიდევ შეერთებული შტატების კოლოსს უპყრია. სანამ რომელიმე ჩვენგანს სხვა იურისდიქციისთვის შეეძლება გაყოფის რეკომენდაციის მიცემა, ჩვენ ჯერ ჩვენი საკუთარი სახლი უნდა დავალაგოთ, რათა ფარისევლობაში არ დაგვდონ ბრალი.

რამდენად შორს შეიძლება წავიდეს სეცესია ლიბერტარიანელისთვის? ამ კითხვას დასმა შემდეგი კითხვის დასმას ნიშნავს: რა არის ქვეყნების ოპტიმალური რაოდენობა მსოფლიოში? საბოლოო პასუხია ერთი თითოეული პიროვნებისთვის, ანუ, ექვსი მილიარდი სხვადასხვა ქვეყანა. სამართლიან საზოგადოებაში ჩვენ ყველანი სუვერენული ინდივიდები ვართ.

რა თქმა უნდა, გაბატონებული იდეოლოგია დღეს ასეთი ქმედებების კურსს გამორიცხავს, მაგრამ ეს პრინციპი მაინც ნათელს ჰფენს საკითხს, რამდენად შეუძლებლადაც არ უნდა მიგვაჩნდეს ის პოლიტიკურად. ეს პრინციპი, სულ მცირე, ადგენს შემდეგ პრეზუმფციას მსოფლიოს საქმეებში: როდესაც კი უმცირესობას სურს გამოეყოს უმრავლესობას, მას ამის უფლება უნდა მიეცეს. სხვა პირობების იგივეობისას, რაც მეტია ქვეყანა, მით უკეთესი. მაგრამ მეტი. უმცირესობები წახალისებულები უნდა იყვნენ, რომ უფრო მცირე პოლიტიკურ ერთეულებად გაიხლიჩონ, იმ იმედით, რომ ეს ქვეყნების ლიბერტარიანულ იდეალურ რაოდენობასთან მიგვაახლოვებს. უფრო მეტიც, ნებაყოფლობითი სეპარაცია ასოცირების თავისუფლების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. რამდენადაც პიროვნება თავისუფალი არ არის, რომ მის მიერ არჩეულ სხვა პიროვნებებთან ასოცირდეს, იმდენად არ არის ის თავისუფალი და იმდენად არის ის მონა.

ამ პრინციპს არ გააჩნია ლოგიკური, მწყობრი, და ეთიკური შემაჩერებელი წერტილი - რა თქმა უნდა, გარდა ლიბერტარიანული საბოლოო მიზნისა, ერთი პიროვნება ერთ ქვეყანად. ეს ნიშნავს, რომ გამოყოფილ ქვეყანას, თავის მხრივ, შეიძლება გამოეყონ. თუკი გამართლებულია, რომ კონფედერაციულმა შტატებმა აშშ დატოვონ, მაშინ ასევე ლეგიტიმურია, რომ, ვთქვათ, ლუიზიანა კონფედერაციას გამოეყოს. და თუკი ეს ლეგიტიმურია, მაშინ აგრეთვე მართებულია, რომ, მაგალითად, შრევეპორტი გავიდეს ქეიჯენ შტატის (ლუიზიანას მეტსახელი) კონტროლიდან.

თუკი ამ პრინციპს შუა აღმოსავლეთს მივუყენებთ, შედეგი შეიძლება პოლიტიკური არქიპელაგი იყოს, იმ ქვეყნის ხაზებს გასწვრივ, რომელიც დასავლეთ სანაპიროს და ღაზას ზოლის ნაწილებით იქნება წარმოქმნილი, ან იმის, რაც ახლა ბანგლადეში პლიუს პაკისტანია - მაგრამ თუ ეს ხალხის სურვილია, თითოეულ სამეზობლომდე, ან, ინდივიდის დონემდეც კი, დაე, ასე იყოს, თუკი გვსურს რომ მორალურობის რაიმე ცნებამდე მაინც მივაღწიოთ. ეჭვგარეშეა, რომ ასე შეიძლება მივუდგეთ ირლანდიას, ქვებეკს, სომალის, და თვით ქალაქ ლოს ანჟელესის შემოგარენსაც კი.

სეცესია არ განკურნავს მსოფლიოს ყველა სენს, მაგრამ ის ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვებს ამ მიზნამდე. როცა და თუკი აშშ შეწყვეტს კონფედერაციის დატუსაღებას, ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით, რათა მსოფლიოში მშვიდობა დავამყაროთ; ან, მრავალი ლოკალური ხანძრის ჩაქრობაში მაინც გავწიოთ დახმარება.

თავისუფალი ასოცირების კანონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამომდინარეობაა ფიზიკური ნივთიერების და ჩვენი საკუთარი სხეულების კერძო საკუთრების უფლებიდან, რადგან რამდენადაც ჩვენ არ შეგვიძლია სხვებთან თავისუფლად ასოცირება, ორმხრივ ნებაყოფლობით საფუძველზე, იმდენადვეა ჩვენი საკუთრების უფლება შეკვეცილი.

პიროვნების და, ამდენად, თავისუფალი ასოცირების საკუთრების უფლების განსაკუთრებით სერიოზულ შელახვას, რა თქმა უნდა, მკვლელობა წარმოადგენს. არავინ ემხრობა ასეთ ქცევას (თავის დასაცავად მოკვლა სულ სხვა საქმეა) და, ამიტომ, აქ არც საკამათოა რაიმე. არა-აგრესორის და მისი საკუთრების წინააღმდეგ არა-აგრესიის ლიბერტარიანული კოდის მძიმე დარღვევის კიდევ ერთ შემთხვევას მონობა წარმოადგენს (ან, გატაცება, რაც მოკლევადიანი მონობაა). ეს, აგრეთვე, არაა საკამათო საკითხი.

ამის მიუხედავად, არსებობს მრავალი ინსტიტუცია, რომელიც მართლაც მოწონებულია პოლიტიკური ეკონომიკის "პატივცემული" კომენტატორების მიერ, და რომელიც ამათუიმ ხარისხით მონობაში მონაწილეობს. "დისკრიმინაციის" წინააღმდეგ მიმართული ყველა კანონი თავისუფალი ასოცირების შელახვას წარმოადგენს, რადგან ის აიძულებს ორ მხარეს ერთმანეთთან ინტერაქცია ჰქონდეთ, მაშინ როცა ამ ორიდან ერთ-ერთს ამის სურვილი არ გააჩნია. მაღაზიის მფლობელი იმდენადაა მონა, რამდენადაც ხდება მისი იძულება, რომ მან მომხმარებლებს მისი სურვილის წინააღმდეგ მიჰყიდოს რაიმე, და იგი არაა თავისუფალი, რომ ნებისმიერი მათგანი მის მიერ არჩეული რაიმე რასობრივი, სექსუალური, რელიგიური, და ა.შ. საფუძვლით უარით გაისტუმროს. ასეთ კანონებსა და პირდაპირ მონობას შორის სხვაობა მხოლოდ ხარისხობრივია: თითოეულ შემთხვევაში, საქმის არსი ისაა, რომ ადამიანები იძულებულები არიან მათი სურვილის წინააღმდეგ მოახდინონ ასოცირება სხვებთან. სხვა მაგალითია იძულებითი იუნიონიზმი. ჩვენი შრომითი კანონმდებლობა აიძულებს დამსაქმებლებს, რომ "სამართლიანად ივაჭრონ" იმათთან, ვისთან ვაჭრობის სურვილიც მათ საერთოდ არ გააჩნიათ.

შესაძლოა, თავისუფალი ასოცირების კანონის ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, პრაგმატული საფუძვლით მაინც, პოლიტიკურ სფეროში ხდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სხვა დარღვევები, როგორიცაა აფირმატიული ქმედება, პროფკავშირული კანონმდებლობა, და სხვა, პოლიტიკური წყაროდან გამომდინარეობენ. თუკი აფირმატიული ქმედების სფეროში ასოცირების თავისუფლებას დისკრიმინაციის უფლება წარმოადგენს, ხოლო შრომის სფეროში - გაფიცვის დამრღვევების დაქირავების უფლება, მაშინ როცა პოლიტიკის სფეროს ვეხებით, ასეთი უფლება სეცესიაა.

ისინი, ვინც თავისუფლები არ არიან სეცესია მოახდინონ, ფაქტობრივად, მეფის ან, დემოკრატიის პირობებში, ტირანიული უმრავლესობის, ნაწილობრივ მონებს წარმოადგენენ. აგრეთვე, სეცესია არ უნდა შეგვეშალოს ოდენ ემიგრაციის უფლებაში, მაშინაც კი, როცა ადამიანს თავისი საკუთრების ქვეყნიდან გატანის უფლება ეძლევა. სეცესია ნიშნავს იმის უფლებას, რომ შენს საკუთრებაზე დამაგრებული გაჩერდე, და ან სხვა პოლიტიკურ ერთეულთან მოახდინო შენი ალიანსის გადანაცვლება, ან შენი საქმე წამოიწყო, როგორც სუვერენულმა, საკუთარი ანგარიშით.

რატომ უნდა მიატოვოს საკუთარი მიწა ადამიანმა, რომელსაც სურს რომ მთავრობისგან მოახდინოს სეცესია? ხომ აშკარაა, რომ, ეტატისტების ფილოსოფიითაც კი, პირველად ხალხი მოვიდა. მთავრობა, მინარქისტული ლიბერტარიანული თვალსაზრისით, ხალხის მიერ იქნა დაფუძნებული იმისთვის, რომ ამ ხალხს გარკვეული მიზნებისთვის მიეღწია, მას შემდეგ, რაც ადამიანები თავიანთ კერძო საკუთრებას დაეუფლნენ. სხვა სიტყვებით, სახელმწიფოა ხალხის მიერ შექმნილი, ხალხი კი არ არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი. მაგრამ თუკი ოდესღაც მთავრობა მოწვეული იყო იმისთვის, რომ მას გარკვეული სერვისები მოეწოდებინა, მაშინ იგი ასევე შეიძლება იყოს გაწვეული, ან წასასვლელად მოწვეული, ან გაძევებული. ამის უარყოფა ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ პირველად იყო მთავრობა, მანამდეც კი, სანამ რომელიმე ხალხი იქნებოდა. მაგრამ როგორ შეიძლება ასე ყოფილიყო? მთავრობა უსხეულო წარმონაქმნი არ არის, არა ადამიანების, არამედ, რაღაც სხვა არსებების მიერ შექმნილი (თუმცა, შესაძლოა, ვინმეს ლეგიტიმური ეჭვები გააჩნდეს ამასთან დაკავშირებით); მთავრობა ადამიანების - თუმცა, დიდწილად, ბოროტი ადამიანების - სისხლითა და ხორცითაა წარმოდგენილი.

მაშ, თუკი სეცესია ადამიანის უფლებაა, თავისუფალი ასოცირების უფლების განუყოფელი ნაწილი, როგორ შეიძლება დავახასიათოთ ისინი, ვინც მას ეწინააღმდეგებიან? ისინი, ვინც ყველა სახის ძალას და ძალადობას მიმართავენ იმისთვის, რომ იმ მონაწილეებს აიძულონ იმ პოლიტიკურ წარმონაქმნთან მიერთება, ან მის ნაწილად დარჩენა, რომელთან საქმის დაჭერის რაიმე სურვილი ამ უკანასკნელთ არ გააჩნიათ? ისინი შეიძლება დავახასიათოთ როგორც გარკვეული სახის მონათმფლობელები, და ნამდვილად არა - როგორც ლიბერტარიანელები.

ამდენად, ლამის საოცარია იმის ხილვა, რომ არსებობენ ისეთი კომენტატორები, რომლებიც საკუთარ თავს, მართლაც, ლიბერტარიანელებს ეძახიან, და, ამავე დროს, სეცესიის უფლების წინააღმდეგები არიან. ეს ადამიანები ამ ხედვის მიმართ თანმიმდევრულები რომ დარჩენილიყვნენ, ისინი ლოგიკურად იქნებოდნენ იძულებულები, რომ საკუთარი მოწონება პროფკავშირების და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისთვისაც გამოეცხადებინათ, რაც, ეჭვგარეშეა, აბსურდამდე რედუქციას წარმოადგენს.

ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ეგრეთ წოდებული ლიბერტარიანელები სეცესიას - ანუ, პოლიტიკურად თუ ვილაპარაკებთ, მარტო დატოვების უფლებას - ეწინააღმდეგებიან, არის ის, რომ სეცესიის მსურველები, სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაძლოა, მთლიანად სრულყოფილები არ იყვნენ. მაგალითად, კონფედერაციის შტატები მონობას ეწეოდნენ, და ეს ნამდვილად შეუთავსებელია ლიბერტარიანულ კანონთან.

წარმოვიდგინოთ, რომ არ არსებობს უხერხული ისტორიული ფაქტი, რომლის თანახმადაც ეს "უცნაური ინსტიტუტი" ჩრდილოეთშიც ოპერირებდა. ჩვენ ხომ ისტორიულ კი არა, ფილოსოფიურ აზრს ვავითარებთ. მოდით, ვთქვათ, არგუმენტის გულისთვის, რომ ჩრდილოეთი სამხრეთთან კონფრონტაციაში სრულიად სუფთა ხელებით შევიდა, იმდენად, რამდენადაც საქმე მონების ფლობას, ან, თუნდაც, ლიბერტარიანული წესიდან ნებისმიერ სხვა გადახვევას (მაგალითად, ტარიფებს, მაღალ გადასახადებს, და სხვა) ეხება. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთი სრულიად ლიბერტარიანული წარმონაქმნია, ხოლო სამხრეთი - მორალურად ბოროტი (ვიცი, ვიცი; მხოლოდ არგუმენტის გულისთვის ვამბობ ასე).

იქნებოდა კი ეს წინაპირობა ვალიდური მიზეზი ჩრდილოეთისთვის, რომ მას, ფაქტობრივად, სამხრეთის დამონება მოეხდინა, და, ამდენად, დაერღვია მისი თავისუფალი ასოცირების უფლება? არა, არ იქნებოდა.

თუკი მართებული იყო, რომ ჩრდილოეთს სამხრეთი ამ უკანასკნელის ნების წინააღმდეგ დაეტყვევებინა, მაშინ, გამოდის, არც 1948 წელს ინგლისისგან ინდოეთის სეცესია იყო გამართლებული, რადგან ამ უკანასკნელში სათის (ქმრის დაკრძალვისას ქვრივი ქალების დაწვას) ეწეოდნენ; არც ევროპის კოლონიური ბატონებისგან აფრიკის ქვეყნების გათავისუფლება იყო გამართლებული, რადგან ეს უკანასკნელნი კლიტორექტომიას ეწეოდნენ; და არც 1930-იანი წლების გერმანიაში ებრაელების მიერ ნაცისტების იურისდიქციის დატოვება იყო გამართლებული, რადგან ისინიც, ეჭვგარეშეა, აგრეთვე, არასრულყოფილები იყვნენ ამათუიმ მიზეზის გამო.

მოდით, გადავინაცვლოთ მაკროდან მიკრო განზომილებაში. თუკი სრულყოფილი ადამიანების ჯგუფებიდან არასრულყოფილი ადამიანების ჯგუფების სეცესია გაუმართლებელია, რა შეიძლება ითქვას ინდივიდების შესახებ? თუკი ჩვენ იმ პრინციპს, რომლის საფუძველზეც კონფედერაციის სეცესიას ეწინააღმდეგებოდნენ, მკაცრად მივუყენებთ ინდივიდის დონეს, კვლავაც, სხვადასხვა სახის კონტრ-ინტუიციურ შედეგამდე მივალთ.

მაგალითად, განქორწინება. ამ "ლოგიკით", არცერთ მეუღლეს არ უნდა შეეძლოს მეორის მიტოვება, თუკი წამსვლელი მეუღლე არასრულყოფილია.

ქლაიდ ვილსონის სიტყვებით: "თუკი პოლიტიკური ერთობის ერთი ნაწილის სეცესიის უფლება მეორე ნაწილის მიერ მორალურ მოწონებაზეა დამოკიდებული, მაშინ, რეალურად, სეცესიის უფლება არ არსებობს." თავისუფალი ასოცირების და სეცესიის უფლება ან გაქვს, ან - არა.

თუკი სეცესია ყოველთვის და ყველგან გამართლებულია, მაშინ რა არის მართებული ლიბერტარიანული პასუხი სათის, მონობის, კლიტორექტომიის, და სხვათა არსებობაზე სხვა ქვეყნებში (მაგალითად, სეცესიის მსურველ ტერიტორიებზე?)

ლიბერტარიანული თავისუფალი ბაზრის ანარქიზმის პირობებში, დასაშვები იქნებოდა დაცვის კერძო აგენტის მიერ კერძო საკუთრებაში შეჭრა, თუკი იქ დანაშაული ხდებოდა (თუკი, ამ მხრივ, შეცდომა მოხდება, ლიბერტარიანული დასჯის თეორიის კბილანები ჩაირთვებოდა, მაგრამ ეს სხვა დღის თემაა; ასეთი ტიპის საზოგადოებაში, თვით პოლიციაც კი არ დგას კანონზე მაღლა). თუკი A ეს-ესაა მოკლავს B-ს A-ს სახლში, A-ს არ აქვს სათანადო უფლება რომ წინააღმდეგი იყოს, როცა პოლიცია მის კარს ჩამოიღებს რათა ამ ბოროტ ქმედებას ხელი შეუშალოს. ამგვარად, შესაძლებელია, თავისუფალი ბაზრის ერთმანეთთან მოკონკურირე დაცვის აგენტები სამხრეთში წასულიყვნენ მონების გასათავისუფლებლად, მაგრამ როგორც კი ეს მოხდებოდა, იმ პირობით, რომ სხვა დანაშაულები არ ხდებოდა, და ბოროტმოქმედებს სათანადო სასჯელი მიეზღვებოდათ, ამით ეს საქმე დასრულდებოდა. აღარ მოხდებოდა შემდგომი ინტერაქცია. სამხრეთს (ან ინდოეთს, სათის შემთხვევაში) თავის გზაზე წასვლის უფლება მიეცემოდა.

შეზღუდული მთავრობის ლიბერტარიანიზმის პირობებში, ჩრდილოეთის მთავრობა არ გადადგამდა ნაბიჯებს სუვერენული კონფედერაციის მისი მონობისგან (ან, ინდოეთის - მისი სათისგან) გასათავისუფლებლად. ამ ფილოსოფიაში სახელმწიფოს დანიშნულებას მისი საკუთარი მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს. იმ ისტორიულად ზუსტი დაშვების შემთხვევაში, რომ კონფედერაცია არ გვიჩვენებდა ჩრდილოეთში შეჭრის განზრახვის, და, უბრალოდ, იმის სურვილი ჰქონდა, რომ თავის მოწყობილობებთან მარტო დაეტოვებინათ, ეს იქნებოდა ამ საქმის დასასრული იმდენად, რამდენადაც ეს ჩრდილოეთის მთავრობას ეხებოდა.

ამის მიუხედავად, ამ დაშვებების პირობებშიც კი, ინდივიდუალური აბოლიციონისტები სრულიად თავისუფლები და, მეტიც, გამართლებულები იქნებოდნენ, რომ კონფედერაციაში იარაღით ხელში წასულიყვნენ, მონობის ამ ბოროტი ინსტიტუტისგან სამხრეთის გათავისუფლების მიზნით. მაგრამ თუკი მათი საქმე ცუდად წავიდოდა, მაშინ მათ არ შეეძლებოდათ, რომ კუდამოძუებულები უკან, ჩრდილოეთში გაქცეულიყვნენ, საკუთარი დედიკოს კაბას ამოფარებულები, რადგან ეს აუცილებლად ჩართავდა ჩრდილოეთის მთავრობას ბრძოლაში. ამით შეზღუდული მთავრობის ლიბერტარიანიზმის, ანუ, მინარქიზმის, არა-ინვაზიის (გარდა თავდაცვისა) დებულების დარღვევა მოხდებოდა.

არ იქნებოდა "რეკონსტრუქცია". არ იარსებებდა "განუყოფელი" ა.შ.შ. ამის ნაცვლად, იქნებოდა ორი სრულიად განცალკავებული ქვეყანა: ა.შ.შ. და კონფედერაცია. კვლავაც, როგორც კი მონობა დასრულდებოდა, იმ პირობით, რომ სხვა დანაშაულები არ ხდებოდა, და ბოროტმოქმედებს სათანადო სასჯელი მიეზღვებოდათ, ამით ეს საქმე დასრულდებოდა.

თარგმანი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები