სიახლეები

246 Views
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე "ოცნების" დემონსტრაციასა და ადმინისტრაციული რესურსის სახლში გაშვების აუცილებლობაზე

ცოტნე კობერიძის "გირჩის აზრში" ზურაბ ჯაფარიძემ 14 დეკემბერს, რუსთაველზე ჩატარებული "ქართული ოცნების" დემონსტრაციის შესახებ ისაუბრა. ჯაფარიძის თქმით, ამ დემონსტრაციით, ივანიშვილმა გააჟღერა მესიჯი, რომ თუ ამდენი ხალხის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოყვანა შეძლო, არც არჩევნებისთვის გაუჭირდება მათი მობილიზება.

"თუ შემიძლია, რომ დილის 6 საათზე ადამიანები გავაღვიძო და სიტყვაზე, ხულოდან ან მესტიიდან ჩამოვიყვანო ხალხი, ამხელა გზა გამოვატარო, საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ ივანიშვილის 13 წუთიანი გამოსვლა მოისმინონ რუსთაველზე, ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ იმავე ადამიანებს არჩევნების დღეს მივიყვან საარჩევნო ყუთან და შემოვახაზინებ "ოცნებას" - ეგ არის მთავარი მესიჯი ხელისუფლებისგან. მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი რომ დათვალო, 300 ათას კაცამდე ადის, ამ ადამიანების ერთადერთი შემოსავლის წყარო, ხშირ შემთხვევაში არის ეგ, რომ ბიუჯეტიდან აქვთ რაღაც შემოსავალი, ამას დამატებული მათი ოჯახის წევრები, ცხადია, მათგან ყველა "ოცნების" მხარდამჭერი არ იქნება, მაგრამ ხომ უდიდესი რესურსია. ამას დაუმატე სახელმწიფო კომპანიები, სადაც უამრავი ადამიანი ჰყავთ გაფორმებული. სიპებშიც და აიპებშიც, ბევრი ადამიანი, სამსახურშიც კი არ დადის, უბრალოდ გაფორმებულია. ამას დამატებული სოციალურად დაუცველთა ბაზა, რომელიც ასევე ბიუჯეტზეა დამოკიდებული, დამატებული ასაკით პენსიონერები - ყველა ეს ხალხი არის დამოკიდებული გადასახადების გადამხდელთა ფულზე. ხელისუფლებას შეუძლია ყველა ამ ადამიანით მანიპულირება და მათი მართვა."

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მიამიტობა იქნება იმის დაჯერება, რომ ეს ხალხი არჩევნების დღეს სხვანაირად მოიქცევა და ახლა უბრალოდ შიშის გამო ჩამოვიდა მიტინგზე, რადგან ამის არანაირი გარანტია არ არსებობს და შემაშფოთებელია ის, რაც ხდება. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, როდესაც "გირჩი" საუბრობს იმაზე, რომ ძალოვანი სტრუქტურები ( პროკურატურა, პოლიცია, სუსი, თავისი სასამართლოთი) ხელისუფლების საყრდენია ასეთ სიტუაციებში, ანალოგიურად არის ადმინისტრაციული რესურსიც და თუ სისტემის დანგრევაზე ვსაუბრობთ, ამის დაშლაზეც უნდა იყოს საუბარი.

"თუ მართლა იმაზე ვსაუბრობთ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ამის ნაწილი ისიც უნდა იყოს, რომ ეს ბიუროკრატები გავუშვათ სახლში, ეს ხალხი ჩასახსნელია გადასახადების გადამხდელების ფულისგან. ბიუჯეტიდან არის ჩასახსნელი, რომ ეს ბერკეტი არცერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს. ცხადია, განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება იგივე, მაგრამ ჩვენთან სერიოზული პრობლემაა, რადგან ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ეგ არის სერიოზული რესურსი ხელისუფლებისთვის. ქვეყანაში სადაც სამუშაოს პრობლემაა და ერთადერთი შემოსავლის წყარო რომ გაქვს, რომელიც ბიუჯეტზეა დამოკიდებული, იმის დაკარგვის შიშით ადამიანები ყველაფერზე წავლენ."

- ამბობს ჯაფარიძე "გირჩის აზრის" ეთერში. 

ადმინისტრაციული რესურსის სახლში გაშვებას, გადაცემის წამყვანიც გამოეხმაურა, როგორც ცოტნე კობერიძემ განმარტა, ამ ადამიანების სახელმწიფო სექტორიდან ჩახსნა, პროცესებს უფრო ბუნებრივს გახდის და ეს ხალხი თუ კერძო სექტორში გადაინაცვლებს, მათთვისვე იქნება უკეთესი. 

"ჩვენ გვინდა, რომ პროცესები უფრო ბუნებრივი გახდეს, ეს ხალხი, რომელიც გადავა სახელმწიფო სექტორიდან კერძო სექტორში, გამოთავისუფლებული ფული ისევ ამ ადამიანებმა უნდა აითვისონ, უბრალოდ ახლა თუ არაფერში ვაძლევთ ამ ფულს, მერე რაიმე სასარგებლო საქმის კეთებაში აიღებენ, თავად ეს ადამიანებიც უფრო ბუნებრივები გახდებიან და რაღაცნაირად ამ სათაგურიდან გამოვიყვანთ. ახლა თავადაც რთულ პროცესში არიან, რადგან როცა უწევთ ლუკმა-პურის გამო მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, თვითონაც არ მგონია შინაგანად სიამოვნებდეთ ეს და გრძელვადიანად, ამ ადამიანებისთვისვე იქნება უმჯობესი, რომ ეს შეიცვალოს."

- ამბობს ცოტნე "გირჩის აზრის" ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები