სიახლეები

160 Views
პოლიტიკა

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ დატოვა.

ამის შესახებ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში "სრული ქაოსია" და მიმდინარეობს ბრძოლა "პირადი კეთილდღეობისთვის".

მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება, მიზეზად კი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დაასახელა.

ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებების და პოზიციების გამო, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა, ვტოვებ ქართულ ოცნებას და საპარლამენტო უმრავლესობას, ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად

- განაცხადა ერქვანიამ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების"  უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა, გიორგი ბეგაძემ, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები