სიახლეები

"ვინ გვიცავს ჩვენი მცველებისგან?"

"სახელმწიფოს კრიმინალურობაში არაფერია ახალი და არაფერია საოცარი. ის დაიწყო მაშინ, როცა ადამიანების პირველი მტაცებლური ჯგუფი შეერთდა და სახელმწიფო შექმნა, და ის გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფო ამქვეყნად იარსებებს, რამეთუ სახელმწიფო ფუნდამენტურად ანტი-სოციალური, ფუნდამენტურად კრიმინალური ინსტიტუტია. იდეა, რომ სახელმწიფო რაიმე სახის სოციალური დანიშნულების მსახურების მიზნით წარმოიქმნა, სრულიად არაისტორიულია. სახელმწიფო დაპყრობის და კონფისკაციის პროცესში, სხვა სიტყვებით, დანაშაულის ჩადენისას შეიქმნა. ის, ერთი მხრივ, მფლობელ-დამმონებელ კლასად და, მეორე მხრივ, უსაკუთრებო დამოკიდებულ კლასად საზოგადოების დაყოფის შენარჩუნებისთვის წარმოიქმნა - ანუ, კრიმინალური მიზნით. ისტორიისთვის ცნობილი არცერთი სახელმწიფო არ წარმოქმნილა რაიმე სხვა გზით, ან რაიმე სხვა მიზნით. ყველა მტაცებლური ან პარაზიტული ინსტიტუციის მსგავსად, სახელმწიფოს პირველ ინსტინქტს თვითშენარჩუნება წარმოადგენს. მისი ყველა ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისკენაა მიმართული და, შემდეგ - საკუთარი ძალაუფლების გაზრდისკენ და საკუთარი აქტივობის არეალის გაფართოებისკენ. ამ მიზნით სახელმწიფო ჩაიდენს, და რეგულარულად სჩადის კიდეც, ნებისმიერ დანაშაულს, რასაც კი გარემოებანი მიზანშეწონილად აქცევენ... თუკი არ გსურს რომ სახელმწიფო კრიმინალივით იქცეოდეს, ის ისევე უნდა განაიარაღო, როგორც კრიმინალს განაიარაღებდი."
— ალბერტ ჯეი ნოკი

რატომ ძალადობს პოლიცია თქვენზე, ანუ, უდანაშაულო ადამიანებზე, და რატომ ვერ ებრძვის ის კრიმინალს სათანადოდ?

იმიტომ, რომ პოლიცია არის უსაფრთხოების სერვისზე სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია, და მის სერვისს თქვენი ნებით კი არ ყიდულობთ, არამედ მაგ სერვისის ყიდვას გაიძულებენ: გადასახადების ამოღება, რითაც პოლიცია ფინანსდება, იძულების გზით ხდება, თავად პოლიციის ხელით. საკუთარი ნებით რომ იხდიდეთ გადასახადებს, მაგ პროცესს გადასახადების გადახდა კი არა, უსაფრთხოების სერვისის ყიდვა ერქმეოდა. შესაბამისად, პოლიცია მისი სერვისის მომხმარებლების, ანუ, მოსახლეობის წინაშე კი არ არის პასუხისმგებელი, არამედ მისი დამქირავებლის, ანუ, არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმრავლესობით არჩეული მთავრობის წინაშე.

კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს და, ამიტომ, სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია ნებისმიერ სერვისს, უსაფრთხოების ჩათვლით, უფრო უხარისხოდ და/ან ძვირად გვაწვდის, ვიდრე ამას ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფი კერძო კომპანიები გაააკეთებდნენ. როცა რაიმე სერვისს თავისუფალ ბაზარზე ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფი კერძო კომპანიებისგან ყიდულობთ, თქვენ ერთდროულად ხართ ამ სერვისის მომწოდებლის დამქირავებელიც და დამფინანსებელიც. შესაბამისად, მომწოდებელი სასიცოცხლოდ დაინტერესებულია რომ საკუთარი სერვისი კონკურენტებზე უფრო ხარისხიანად და/ან იაფად მოგაწოდოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მოცემულ სერვისს მისგან კი არა, არამედ მისი კონკურენტისგან იყიდით, ხოლო თავად ის გაკოტრდება და იძულებული იქნება რაიმე სხვა საქმით დაკავდეს.

ზოგადად, სახელმწიფოს მიერ ძალადობრივად მონოპოლიზებული სერვისების და, კერძოდ, პოლიციის შემთხვევაში ეს ასე არ არის. გადასახადების გადამხდელები, ანუ, დამფინანსებლები, და არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმრავლესობა, ანუ, დამქირავებლები, შესაძლოა ერთსადაიმავე პიროვნებებს საერთოდ არ წარმოადგენდნენ, და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი ერთსადაიმავე პიროვნებებს წარმოადგენენ, ეს ორი მახასიათებელი ერთმანეთთან არაპროპორციულ, ანუ, არათანაბარზომად დამოკიდებულებაშია. ამდენად, რაც არ უნდა უხარისხო და ძვირი იყოს პოლიციის მიერ მოწოდებული სერვისი, ის დაფინანსებას მაინც მიიღებს.

სწორედ იმიტომ რომ იძულებულები ხართ, გადასახადები იხადოთ, ვერც პოლიციისთვის ხელფასის გადახდაზე იტყვით უარს. უსაფრთხოების სერვისი, რომელსაც პოლიცია გაწვდით, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყიდოთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ მოწოდებული სერვისი თუ არა. თქვენ იძულებულები ხართ, პოლიციის სერვისი იმ შემთხვევაშიც კი იყიდოთ, თუკი თვლით, რომ მაგ სერვისს დიამეტრულად საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს თქვენთვის, ანუ, თქვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. მაგას პოლიცია ძალიან კარგად ხვდება და შესაბამისად მოქმედებს. ამდენად, მისი დამუნათება, აქაოდა, ხელფასს ჩვენ გიხდით და როგორც აქედან გამომდინარე შეგეფერებათ, ისე მოიქეცითო, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია.

უფრო მეტიც, რაც უფრო უარესი იქნება პოლიციის მიერ მოწოდებული ძალადობრივად მონოპოლიზებული სერვისი, მით მეტი საბაბი ექნება მას, რომ უფრო მეტი დაფინანსება მოითხოვოს იმ მოტივით, რომ, ვითომდა, ფული არ ჰყოფნის უკეთესი სერვისის მოსაწოდებლად. შესაბამისად, თუკი თავისუფალ ბაზარზე ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფი უსაფრთხოების სერვისის მომწოდებელი კერძო კომპანიები მოტივირებული იქნებოდნენ რომ ეს სერვისი რაც შეიძლება ხარისხიანად და/ან იაფად მოეწოდებინათ, პოლიცია, პირიქით, მოტივირებულია, რომ უსაფრთხოების სერვისი რაც შეიძლება უფრო უხარისხოდ და/ან ძვირად იყოს მოწოდებული, თვით ამ სერვისის არსის სრულ გაუკუღმართებამდე. სიტუაციის აბსურდულობა რომ გაიაზროთ, წარმოიდგინეთ, რომ რაც უფრო ცუდად მუშაობთ, მით უფრო მაღალ ხელფასს გიხდიან. რატომღაც, კარგად მუშაობა რომ მოგინდეთ ამის გამო.

ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი არსებული სიტუაციიდან არის ის, რომ უსაფრთხოების სერვისს თქვენი ნებით ყიდულობდეთ იმ მწარმოებლებისგან, რომლებიც, თქვენი აზრით, მაგ სერვისს სხვებზე უფრო უკეთ გაწვდიან. აი, მაშინ ეცოდინებათ სერვისის მწარმოებლებს, რომ მათი ხელფასი თქვენს მიერ გადახდილ ფულზეა დამოკიდებული, და, ამიტომ, ვიღაც სხვა ადამიანების ნება-სურვილის შესაბამისად კი არ იმოქმედებენ, არამედ თქვენი, მათი ხელფასის დამფინანსებლის ნება-სურვილის შესაბამისად.

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მანამ, სანამ უსაფრთხოების სერვისის მომწოდებელი სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლიაა, უსაფრთხოების სერვისის მომწოდებლები ანგარიშვალდებულები იქნებიან არა თქვენთან, როგორც გადასახადების გადამხდელებთან, არამედ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან.

დანაშაული არის მხოლოდ ძალადობა, ანუ, ძალის ან ტყუილის გამოყენება არა თავდაცვის, არამედ აგრესიის მიზნით, ხოლო ადამიანი მხოლოდ დანაშაულის ჩადენის ან მისი მომზადების შემდეგ ხდება დამნაშავე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია თავად არის კრიმინალური ორგანიზაცია, რადგან არავის აქვს სერვისების ძალადობრივი მონოპოლიზების და მის მიერ მოწოდებული სერვისის იძულების გზით დაფინანსების უფლება.

გადასახადები არის დაკანონებული ძარცვა და, გადასახადების მასშტაბიდან გამომდინარე, მთავრობა ყველაზე დიდ კრიმინალურ ორგანიზაციას წარმოადგენს, ხოლო პოლიციის მიერ მოწოდებული "უსაფრთხოების სერვისი" თავად არის ყველაზე დიდი საფრთხე მომხმარებლებისთვის. ის, რომ პოლიცია ზოგჯერ სხვა, მასზე ბევრად უფრო მცირე კრიმინალებსაც ებრძვის, სულაც არ არის უცნაური - მთავრობას კონკურენცია სძულს და, ამასთან, ამით ის საკუთარ არსებობას ამართლებს თქვენს თვალში.

აკრძალული უნდა იყოს მხოლოდ ძალადობა და არაფერი სხვა. არაძალადობრივი ქმედებების აკრძალვა თავადაა ძალადობა და, შესაბამისად, დანაშაული. უდანაშაულო ადამიანების დასჯა, ვითომდა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, თავადაა მათზე ძალადობა და, შესაბამისად, დანაშაული. სახელმწიფოს მიერ მსუბუქი დანაშაულის არაადექვატურად მკაცრად დასჯა, ხოლო უმსხვერპლო "დანაშაულის" - საერთოდ, დასჯა, ასევე, თავად არის დანაშაული.

პოლიციელები, რომლებიც სახელმწიფოს დანაშაულებრივ კანონებს აღასრულებენ, ანუ, უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობენ, თავად არიან დამნაშავეები - რა თქმა უნდა, იმათთან ერთად, ვინც მაგ კანონებს ქმნიან, და ვინც მაგ კანონების შექმნის შეკვეთას იძლევიან. ყველა კანონის აღსრულება ძალის გამოყენებით ხდება. კანონის ყველა დამრღვევი იძულების გზით ისჯება. რადგან უდანაშაულო ადამიანებმა მათი დაკავების მცდელობისას წინააღმდეგობა შეიძლება გასწიონ, და პოლიციას უფლება აქვს, რომ ისინი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მოკლას, გამოდის, რომ ყველა, ვინც არაძალადობრივი ქმედებების აკრძალვას უჭერს მხარს, არა მხოლოდ უდანაშაულო ადამიანებისთვის თავისუფლების წართმევას უჭერს მხარს, არამედ ამ ადამიანების პოტენციური მკვლელიცაა.

თუკი თქვენ არ მოგწონთ სახელმწიფოს მიერ ძალადობრივად მონოპოლიზებული პოლიციის მუშაობა, რადგან იგი უხარისხო და/ან ძვირ სერვისს გაწვდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გსურთ, რომ უსაფრთხოების სერვისი სახელმწიფოს მიერ იყოს მონოპოლიზებული, ე.ი. თქვენ და ლოგიკა ერთმანეთთან არ მეგობრობთ.

თუკი თქვენ აღშფოთებული ხართ იმით, რომ სახელმწიფოს მიერ ძალადობრივად მონოპოლიზებული პოლიცია საკუთარ საქმეს სათანადოდ ვერ აკეთებს და ადამიანებს კრიმინალისგან ვერ იცავს, მაგრამ, ამავე დროს, სასტიკი წინააღმდეგი ხართ იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანებს თავის დაცვის მიზნით იარაღის თავისუფლად შეძენა-შენახვა-ტარების უფლება ჰქონდეთ, და, ამიტომ, მზად ხართ, რომ ეს უდანაშაულო ადამიანები ამ უფლების გამოყენების გამო დამნაშავეებად გამოაცხადოთ, ე.ი. თქვენ და ლოგიკა ერთმანეთთან, კვლავაც, არ მეგობრობთ.

თუკი თქვენ განაწყენებული ხართ იმით რომ რიგითი ადამიანები პოლიციასთან არ თანამშრომლობენ, ე.ი. თქვენ ვერ ხვდებით, რომ პოლიცია თავად არის ყველაზე დიდი კრიმინალური ორგანიზაციის, სახელმწიფოს, შემადგენილი ნაწილი და მის მთავარ ამოცანას არა რიგითი ადამიანების, არამედ მაგ კრიმინალური ორგანიზაციის დაცვა წარმოადგენს. თქვენგან განსხვავებით, ამას რიგითი ადამიანების დიდი ნაწილი მშვენივრად ხვდება და სწორედ ამიტომ იკავებს თავს პოლიციასთან თანამშრომლობისგან.

მდგომარეობას, როცა უსაფრთხოების სერვისს თქვენთვის წართმეული გადასახადებით დაფინანსებული სახელმწიფოს ძალადობრივი მონოპოლია კი არ გაწვდით, არამედ მაგ სერვისს ერთმანეთთან შეუზღუდავ კონკურენციაში მყოფი კერძო კომპანიებისგან საკუთარი ნებით ყიდულობთ, თავისუფალი ბაზრის ანარქია ეწოდება.

"საზოგადოებასთან სახელმწიფოს იდენტიფიკაცია დემოკრატიის აღზევებასთან ერთად კვლავ გაორმაგდა, იმდენად, რომ ხშირად მოისმენთ ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც, ფაქტობრივად, გონიერების და საღი აზრის ყველა პრინციპს არღვევენ - მაგალითად, რომ "ჩვენ ვართ მთავრობა." სასარგებლო კოლექტიური ტერმინი "ჩვენ" საშუალებას იძლევა პოლიტიკური ცხოვრების რეალობას იდეოლოგიური კამუფლაჟი გადაეფაროს. თუკი "ჩვენ ვართ მთავრობა", მაშინ ნებისმიერი რამ, რასაც კი მთავრობა ინდივიდს უკეთებს, არა მხოლოდ მართებული და არატირანიულია, არამედ ნებაყოფლობითიც იმ ინდივიდის მხრიდან, ვისაც ეს ეხება. თუკი მთავრობამ დააგროვა უზარმაზარი სახელმწიფო ვალი, რისი გადახდაც ერთი ჯგუფის სასარგებლოდ მეორე ჯგუფიდან გადასახადების ამოღების გზით უნდა მოხდეს, ამ ტვირთის რეალობა შეფარულია იმის თქმით, რომ "ჩვენ ჩვენივე თავის გვმართებს". თუკი მთავრობა ვინმეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევს, ან მას განსხვავებული აზრის გამო საპყრობილეში ჩააგდებს, მაშინ "ის ამას საკუთარ თავს უკეთებს" და, ამდენად, ცუდი არაფერი ხდება. ასეთი აზროვნების თანახმად, ნაცისტური მთავრობის მიერ მოკლული არცერთი ებრაელი არ ყოფილა მოკლული; ნაცვლად ამისა, მათ, როგორც ჩანს, "თვითკვლელობა ჩაიდინეს", რადგან ისინი მთავრობა იყვნენ, ეს მთავრობა დემოკრატიულად იყო არჩეული, და, ამიტომ, ყველაფერი, რაც მათ მთავრობამ უქნა, მათივე მხრიდან ნებაყოფლობით მოხდა. ვინმემ შეიძლება იფიქროს რომ ეს პოზიცია შემდგომ განხილვას აღარ საჭიროებს, და, მაინც, ხალხის უდიდეს ნაწილს ამ მცდარი შეხედულების მეტ-ნაკლებად სჯერა.
ამდენად, ხაზგასმით უნდა განვაცხადოთ, რომ "ჩვენ" მთავრობა არა ვართ; მთავრობა "ჩვენ" არ არის. მთავრობა ხალხის უმრავლესობას არანაირი სიზუსტით არ "წარმოადგენს", მაგრამ ასე რომც იყოს, და ხალხის 70-მა პროცენტმა რომც გადაწყვიტოს დანარჩენი 30 პროცენტის მოკვლა, ეს მაინც მკვლელობა იქნება, და არა - ნებაყოფლობითი სუიციდი გაჟლეტილი უმცირესობის მხრიდან. არავითარ ორგანიცისტულ მეტაფორას, არავითარ უადგილო ლოზუნგს, რომ "ჩვენ ყველანი ერთმანეთის ნაწილები ვართ", არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ეს ბაზისური ფაქტი გადაფაროს."
— მარი ნიუტონ როთბარდი

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები