სიახლეები

რაციონალურობა

"შეცდე, ადამიანურია; აპატიო - ღვთაებრივი."
⁠— ალექსანდერ ფოუფი

ხშირად გაიგონებთ, რომ ვითომდა, ლიბერტარიანიზმი დგას დაშვებაზე, თითქოს ადამიანი ყოველთვის მოქმედებს, როგორც რაციონალური აგენტი და რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომ ლიბერტარიანიზმი მცდარი იდეოლოგიაა.

ეს სიცრუეა. სინამდვილეში, ლიბერტარიანიზმის ეკონომიკური საფუძველი, ავსტრიული ეკონომიკური სკოლა, დგას უმარტივეს კონცეფციაზე: კონკურენცია ქმნის მაღალ ხარისხს და/ან დაბალ ფასს. თავის მხრივ, ეს კონცეფცია დგას უმარტივეს აქსიომაზე:

ადამიანის ქმედება მიზანმიმართული ქცევაა.

ის, რომ ადამიანის ქმედება მიზანმიმართული ქცევაა, არანაირად არ ნიშნავს, რომ ადამიანის ქმედება ყოველთვის რაციონალურია დანარჩენი ადამიანების უმრავლესობის აზრით. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანს საკუთარი ქმედება ყოველთვის გამართლებულად მიაჩნია - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ქმედებას არც განახორციელებდა. ადამიანმა, შეიძლება, შემდეგ ინანოს საკუთარი ქმედება და ჩათვალოს, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ, აშკარაა, რომ მას საკუთარი ქმედება სწორად მიაჩნდა, როცა მას ახორციელებდა.

იმის შესახებ ვარაუდის გამოთქმა, განხორციელებული ქმედება სწორი იყო თუ არა, ჩვეულებრივ, მხოლოდ მისი ჩადენის შემდეგ შეგვიძლია ხოლმე, და, ხშირად, ამის თქმა პოსტ ფაქტუმაც კი შეუძლებელია, რადგან ყოველ მოცემულ მომენტში, ჩვენ მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია არჩევანის გაკეთება და ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, სხვა არჩევანი რომ გაგვეკეთებინა. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე საკუთარი ვარაუდი გამოვთქვათ ამის შესახებ.

მეორე მხრივ, ერთხელ გაკეთებული, სავარაუდოდ, სწორი ან არასწორი არჩევანი, გვაძლევს საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ჯობია რომ მოვიქცეთ მომავალში. თუკი ერთი კომპანიის მიერ წარმოებული რომელიმე პროდუქტი მოგვეწონება, ეს შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რომ მომავალშიც ამ კომპანიის მიერ წარმოებული იგივე ან, თუნდაც, სხვა პროდუქტი შევიძინოთ, და, პირიქით, თუკი რომელიმე კომპანიის მიერ წარმოებული რომელიმე პროდუქტი მწარედ გაგვიცრუებს იმედს, დიდი ალბათობით, არც მომავალში გაგვიჩნდება იმავე კომპანიის მიერ წარმოებული იგივე, ან, თუნდაც, სხვა პროდუქტის ყიდვის სურვილი.

კვლავაც, ეს არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება ა პრიორი სწორი იქნება. მოცემულ კომპანიას, რომლის მიერ წარმოებული პროდუქტიც არ მოგვეწონა, შესაძლოა, საკუთარი პროდუქტი ბევრად გაეუმჯობესებინა და ამდენად, მისი შეძენის შემთხვევაში კმაყოფილები დავრჩენილიყავით. ასევე, ამ კომპანიის მიერ წარმოებული სხვა პროდუქტი, შესაძლოა, სრულად აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს და ამდენად, შეცდომა იქნებოდა მასზე მხოლოდ იმიტომ გვეთქვა უარი, რომ მანამდე მოცემული კომპანიის მიერ წარმოებული რაღაც სხვა პროდუქტი არ მოგვეწონა.

ამდენად, ადამიანები მიდრეკილები არიან შეცდომების დაშვებისკენ. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, შეუმცდარია თუ არა ადამიანი - ამ კითხვაზე აშკარა და ცალსახა პასუხია: "არა" - არამედ იმაში, თავად ადამიანი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა არის მისთვის უკეთესი, თუ სხვა ადამიანები უნდა იღებდნენ მის ნაცვლად ამ გადაწყვეტილებას.

ადამიანის ქმედება შეიძლება იყოს რაციონალური და ამდენად, სწორი დანარჩენი ადამიანების უმრავლესობის აზრით და შეიძლება არც იყოს ასეთი. ის, რაც რაციონალურია ერთი ადამიანის აზრით, შეიძლება სულაც არ იყოს რაციონალური, მეორე ადამიანის აზრით.

როგორც ლუდვიგ ფონ მიზესს აქვს ნათქვამი:

თუკი ადამიანი სვამს ღვინოს და არა წყალს, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ის არარაციონალურად იქცევა. ყველაზე მეტი, რაც კი შემიძლია განვაცხადო, ის არის, რომ მე მის ადგილას ასე არ მოვიქცეოდი. მაგრამ მის მიერ ბედნიერების ძებნა მისი საქმეა, და არა - ჩემი.

ამასთან, სახელმწიფოს მომხრეებს, ანუ, ეტატისტებს, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ მთავრობა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების მიერ არის არჩეული, არა ადამიანებით, არამედ რაღაც ზებუნებრივი არსებებითაა წარმოდგენილი და ამ ზებუნებრივ არსებებს გააჩნიათ ზებუნებრივი უნარი, რომ ყოველთვის რაციონალურად და ამდენად, სწორად მოიქცნენ.

როგორც ჩანს, მათ, ასევე, ჰგონიათ, რომ მთავრობამ უფრო კარგად იცის, თუ რა არის თითოეული ინდივიდისთვის რაციონალური ქმედება მთავრობის მიერვე განსაზღვრულ გარკვეულ შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოსაზრება სრულიად არალოგიკურია. თითოეულმა ინდივიდმა ისიც კი არ იცის ზუსტად, თუ რა არის სწორი ქმედება თავად მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი თავის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია გააჩნია.

მეორე მხრივ, თუკი ჩავთვლით, რომ მთავრობაში ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაშინ მოსაზრება, რომ ამ ჩვეულებრივმა ადამიანებმა უფრო კარგად იციან, თუ რა სჭირდება მათ მიერ მართულ უამრავ ადამიანს, ერთმანეთისგან განსხავავებული მისწრაფებებით და სურვილებით, იმდენად პრიმიტიულია, რომ, უბრალოდ, სასაცილოა.

კიდევ უფრო სასაცილოა მოსაზრება, რომ არარაციონალურ ამომრჩევლებს შესწევთ უნარი სწორად აირჩიონ მთავრობა, რათა მან ისინი მართოს, მაგრამ, ამავე დროს, მათ არ გააჩნიათ უნარი, რომ საკუთარი ყოველდღიური საჭიროებების შესახებ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და, ამიტომ, მათ ეს მათ მიერვე არჩეულმა მთავრობამ უნდა გადაუწყვიტოს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ.

ავტორი: გიორგი ლომინაძე

კომენტარები