
"ეს არის კლოუნადის გაგრძელება" - ხვიჩია დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ
მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია გამოეხმაურა.
ეს არის კლოუნადის გაგრძელება
- ამბობს ხვიჩია.
როგორც მან განაცხადა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე საუბარი სპექტაკლია და არ სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ხუნდაძის კანონპროექტს მიიღებს, არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად არ აწყობს მმართველ გუნდს.
ჩემი აზრით, ეს არის კლოუნადის გაგრძელება. გადამგდებმა ხალხმა იცოდა, რომ უნდა ჩაეგდოთ კანონპროექტი, ივანიშვილმაც იცოდა, რომ უნდა ჩავარდნილიყო კანონპროექტი. 3 დღის განმავლობაში მოაწყვეს ცირკი, თითქოს რაღაცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ივანიშვილი ლაპარაკობდა ერთი ერთზე ჯერ ხუნდაძესთან, მერე დაჩი ბერაიასთან. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ მარტივად კი არ გადაგვაგდეს, არამედ კონცერტში მიგვაღებინეს მონაწილეობა და მერე გადაგვაგდეს. ესეც ამის გაგრძელებაა. არ მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ხუნდაძის კანონპროექტს მიიღებს, არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად არ აწყობს „ქართულ ოცნებას“. მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, მოწინააღმდეგესთან ერთი ერთზე რჩები, 26 %-იანი პარტია როცა ხარ და ერთი ერთზე იტოვებ საკუთარ თავს სხვა პარტიებთან, შანსი არ გაქვს ამ არჩევნების მოგების. არ ველოდები, რომ ამას მიიღებენ, ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, ყურადღების გადატანა, რომ თითქოს მზად არიან უარესის გასაკეთებლად. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უარესი უკვე გააკეთა. ეს იყო ხალხის გადაგდება
- იაგო ხვიჩია.
ავტორი: ლიზი კუბლაშვილი