სიახლეები

226 Views

რუსეთი "დიდი რვიანის" ჯგუფში ვერ დაბრუნდება, სანამ მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას არ დაიცავს - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კონგრესმენი ალბიო საირესის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს რუსეთის „დიდი შვიდეულის“ ჯგუფში არდაშვებას, მანამდე, ვიდრე იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი შეიჭრა და უკრაინისა და საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა; მოკლა პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; გააძლიერა ასადისა (სირიაში) და მადუროს (ვენესუელაში) კორუმპირებული რეჟიმები. პუტინმა ასევე, აშშ-სა და ჩვენი(აშშ-ის) მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერ-ომი და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა; ჩაერია ჩვენს(აშშ-ის) არჩევნებში; წყალქვეშა საომარი შესაძლებლობების მქონე გემებით განახორციელა ჩვენი(აშშ-ის) სანაპიროების ჯაშუშობა. პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში, მსოფლიო უფრო საშიში გახდა, მისი ხალხის თავისუფლება შემცირდა და სიღარიბე გაიზარდა. ჩვენ (აშშ) საჭიროა წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია. ეს არ არის„რესპუბლიკური“ თუ „დემოკრატიული“ საკითხი, ეს ამერიკული საკითხია, წინ აღვუდგეთ მტრულ მოწინააღმდეგეს - ბატონ პუტინს, რუსეთის ფედერაციას.

- აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე ზემოხსენებული რეზოლუციის თაობაზე გამართული დებატების ფარგლებში გამოსვლისას, აშშ-ის კონგრესმენმა კრის სმითმა განაცხადა, რომ „ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპირება, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს“.

„ბატონო სპიკერო, მე ვიყავი თბილისში, პუტინის მიერ სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის თავზე, როდესაც მოსალოდნელი იყო იგი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მიმართულებით თბილისისკენ დაძრულიყო. მე ჩემი თვალით ვნახე იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, დაღუპულები, დაჭრილიხალხი. საბჭოთა კავშირის წარსული დღეების განმეორება მოხდა ვლადიმერ პუტინის მიერ. პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ეს მან გააკეთა დაუსჯელობით, მისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა დ ადემოკრატიული საზოგადოების სტანდარტების უარყოფით. ამ შეჭრებმა და ოკუპაციამ განაპირობა ათასობით ეთნიკური უკრაინელი და ქართველის იძულებით ადგილმონაცვლეობა. შედეგად მივიღეთ ამ ორი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევები. უფრო მეტიც, რუსეთი ერევა აშშ-ისა და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების დემოკრატიულ არჩევნებში, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა პუტინის სრული უპატივცემულობა იმ ფასეულობებისა და რწმენისადმი, რომელსაც „დიდიშვიდეულის“ სხვა წევრი სახელმწიფოები იზიარებენ”, - განაცხადა კრის სმითმა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები