სიახლეები

ბერძენიშვილი: ადამიანები მიწას ამუშავებენ, რომელიც მათ არ ეკუთვნით და წლებია სახელმწიფო არ იძლევა ამ მიწებს

ზურაბ ჯაფარიძისა და "გირჩის" ინიციატივას, სახელმწიფო აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნების თაობაზე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი პოზიტიურად აფასებს. "მთავარი არხის" ეთერში მან განაცხადა, რომ სიახლეებისკენ გადადგმული ნაბიჯები არა მხოლოდ "გირჩისგან", ზოგადადაც მისასალმებელია:

ყველა ჩვენგანს, სხვადასხვა სფეროდან, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, შეგვიძლია სხვადასხვა წვლილი შევიტანოთ ამ პროცესებში. 
ეს იდეები რასაც ახლა ზურა ჯაფარიძე ამბობს, გურამ ბერიშვილს ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში ჰქონდა, ის რეფორმები რაც მაშინ ბრაზილიაში გატარდა მაგალითად. მართლა ძალიან ბევრია ასეთი სახელმწიფო აქტივი, გირჩს კიდევ უკეთესად ექნება დამუშავებული, მაგალითისთვის, წალკაში, სადაც ჩასახლებული აჭარლები ცხოვრობენ, მათი მიწა, რასაც ამუშავებენ, მათ არ ეკუთვნით - ისევ სახელმწიფოს ხელშია, რომელიც არ იძლევა ამას და წლებია ელოდებიან.

- ამბობს დავით ბერძენიშვილი. 

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, "რესპუბლიკურ პარტიას" და "გირჩს", მაგალითად, კონკორდატის არსებობა - ეკლესიის სახელმწიფოსთან შეზრდაც პრობლემად მიაჩნია, მაგრამ ახლა მისი გაუქმების შეთავაზებას არ გააკეთებენ, რადგან ამაზე შეთანხმების მიღწევა რთული იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია სხვა მასშტაბური მნიშვნელობის საკითხებზე შეთანხმდეს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები