ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი მისი მანდატის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს

"ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. "ბანკი ქართუს" საქმეზე მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდნენ.

ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი მანდატის შეწყვეტის საფუძველია, მისი თქმით საპროცედურო კომიტეტმა განაჩენი უნდა გაითხოვოს და დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადასცეს. როგორც კონდახიშვილი აცხადებს, ამის შემდეგ მანდატის შეწყვეტა პირველივე პლენარულ სხდომაზე მოხდება.

ავტორი: ნიკოლოზ ხუცურაული



კომენტარები