56 Views
პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან

30-მდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო პროექტი, რომელზე გადასვლასაც 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლებას სთავაზობენ, ხელი მოაწერა.

პარტიების ლიდერებმა დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. მათი განცხადებით, მათ მიერ მომზადებული ინიციატივა ეუთოსაც გადაეგზავნება, დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში კი, ისინი დოკუმენტს, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, პარლამენტშიც შეიტანენ.

ხელმოწერის შემდეგ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დახურულ ფორმატში გამართა შეხვედრა, სადაც მათ ხვალინდელი შეხვედრის საკითხი განიხილეს დიპლომატიური კორპუსისა და მმართველი გუნდის მონაწილეობით.

შეხვედრა 10:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში" შედგება, რომელსაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიიისა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული მოდელით, პარტია ან საარჩევნო ბლოკი პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს ვერ აიღებს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში), რამდენი პროცენტიც აქვს აღებული არჩევნებში. გარდა ამისა, იქმნება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები, სადაც გაიმართება მაჟორიტარული წესით არჩევნები. ოლქებში მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 6 და არაუმეტეს - 8.

ოპოზიციის მიერ შემუშავებული 2020 წლის არჩევნების ახალი მოდელის თანახმად, პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისგან. ამასთან, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებსა და ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც.

ამავე პროექტის მიხედვით, პარტიის/ ბლოკის მიერ ორივე საარჩევნო სისტემით მიღებული მანდატების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რიცხვს, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულმა სიამ.



კომენტარები