ბოკერია "გირჩის" ინიციატივაზე: "არსი მესმის, მაგრამ საჭიროა ყველამ წარმოადგინოს ნათელი გეგმა, თუ რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში"

"პოლიტიკის ფორმულის" ეთერში, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მომდევნო არჩევნები იქნება მრავალპარტიული, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა არის ორ პოლუსიანი, სადაც ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს - ოპოზიციისა და საზოგადოების სრული სპექტრი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან ღირებულებებით.

გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ მიუხედავად განსხვავებული ღირებულებებისა, ოპოზიცია და საზოგადოება გაერთიანებულია იმ იდეის გარშემო, რომ საჭიროა არსებობდეს ღირსეული თამაშის წესები და რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე


"ევროპული საქართველოს" ლიდერის განცხადებით, პროპორციული არჩევნები არის ზუსტად იმის გარანტი, რომ არ იარსებებს აბსოლუტური უმრავლესობა და არის გზა მრავალპარტიულობისკენ.
ბოკერია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინიციატივასაც გამოეხმაურა და სააკაშვილის ჯაფარიძისადმი კრიტიკას უსამართლო უწოდა, რადგან ეს არა თანამდებობების გადანაწილება და თანამდებობებით ვაჭრობა, არამედ ამის საპირისპირო, თანამდებობების არ გადანაწილების პირობა იყო.

"ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივის არსი მესმის, თუმცა ასეთი დაპირებებით ვერ მოიხსნება ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს, ამის ერთადერთი გზა არის ყველამ წარმოადგინოს ნათელი გეგმა, თუ რისი გაკეთებაა საჭირო მომავალში" - ამბობს გიგა ბოკერია

ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს რადიკალური რეფორმები მრავალი კუთხით, მათ შორის, სასამართლოს მიმართულებით, ბოკერიას თქმით, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი და ჩვენი სასამართლო სისტემის მიბმა მაგალითად ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოზე, შესაძლოა შედეგის მომტანი იყოს.

ავტორი: ნიკოლოზ ხუცურაული



კომენტარები