სიახლეები

326 Views
პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ ფრაქციას ქმნიან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რიგები სხვადასხვა დროს დატოვეს, ახალ ფრაქციას ქმნიან.

ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება, მოადგილე - ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე კი ფრაქციის მდივნის პოზიციას დაიკავებს.

ლევან კობერიძის „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტს ფრაქციის შესაქმნელად, 28 ნოემბერს განცხადებით მიმართეს. ფრაქციის სახელწოდება  „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იქნება.

მათი განცხადებით, ფრაქცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს.

„ჩვენი მიზანია საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა.

ფრაქციის შექმნის ამოცანაა მომდევნო 10 თვის მანძილზე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის კონსტრუქციული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა.

ფრაქციის წევრობა საშუალებას მისცემს თითოეულ დამოუკიდებელ დეპუტატს, უფრო აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, აირჩიოს მისთვის საინტერესო კომიტეტისა თუ დროებითი კომისიის წევრობა.

ფრაქციის თითოეული წევრი შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას საკუთარი, ინდივიდუალური მოსაზრებების გამოხატვისთვის.

თუმცა, ფრაქციის სახელით განცხადებები გაკეთდება მხოლოდ ფრაქციის ფორმატში შეჯერებული პოზიციების მიხედვით

- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები