სიახლეები

65 Views
პოლიტიკა

21 და 26 ნოემბერს თბილისში სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას ძალა არაპროპორციული და არა საჭირო იყო

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International-ი აცხადებს, რომ 21 და 26 ნოემბერს თბილისში სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლისას ძალა არაპროპორციული და არა საჭირო იყო. 

ორგანიზაცია ხელისუფლებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არასაჭირო ძალის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ძალა უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არაძალადობრივი საშუალებები არაეფექტურია. ასევე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა სცადონ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ზარალი და დაზიანებები

- ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე Amnesty International-ი ხაზს უსვამს, რომ წყლის ჭავლით აქციის დაშლაც არასაჭირო და არაპროპორციული მეთოდი იყო. 

წყლის ჭავლის გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციაში შეიძლება, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა პირებისა და ჯგუფების განცალკევება და როდესაც ძალადობრივი დაპირისპირება იმდენად იზრდება, რომ სამართალდამცავებს მისი განეიტრალება არ შეუძლიათ. 

წყლის ჭავლის გამოყენებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ზედმეტად ცივი ამინდიც, რომელმაც შეიძლება უფრო გაამძაფროს მის მიერ მიყენებული ზარალი

ორგანიზაციას არგუმენტად გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელო წესები მოჰყავს, რომლის თანახმადაც, წყლის ჭავლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სერიოზული მასობრივი არეულობისას, როდესაც ადამიანების დაზიანებისა და გარდაცვალების ან ქონების განადგურების მაღალი ალბათობა არსებობს. ასევე ამავე წესებით, წყლის ჭავლი არ უნდა იყოს დამიზნებული კონკრეტულ პირებზე და არ შეიძლება მისი ახლო მანძილიდან გამოყენება.

ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მომიტინგეების ადმინისტრაციული კოდექსით დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პოლიციის ელემენტარულ მითითებებს არ ემორჩილებიან ადმინისტრაციული ორგანოს პიკეტირების შესახებ. 

Amnesty International განმარტავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება მოქალაქეებს მხოლოდ მაშინ შეიძლება შეეზღუდოთ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს. მათი თქმით პარლამენტის რამდენიმე საათიანი პიკეტირებისას ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, გამთენიისას პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები, ისევ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. დაშავებულია 3 ადამიანი, ხოლო დაკავებულია 28 ადამიანი. 

ასევე პოლიცია აქციის მონაწილეებს ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც ისინი ღამით გათბობას გეგმავდნენ. შსს-ს განმარტებით კანონის მოთხვნების შესრულებას ემსახურებოდა. 

ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, მისი განმარტებით მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არა არის.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები