სიახლეები

"ეკონომიკური ზარალი მეორეხარისხოვანია, როცა თავისუფლებისთვის იბრძვი" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"გირჩის აზრში" საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკაზე გავლენის შესახებ ისაუბრა. რაქვიაშვილის თქმით, ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებას როცა ექმნება საფრთხე, როგორიც ადამიანის თავისუფლებაა, ასეთ დროს ეკონომიკა უკანა პლანზე გადადის, რადგან თუ ქვეყანას ზოგადად არ ეშველა, ეკონომიკა, არსებულ რეალობაში, ისედაც გაჩერდება.

ვადევნებ თვალს, რა ხდება, რას აკეთებს მთავრობა და ეროვნული ბანკი - იმავეს აგრძელებენ, არ აქვთ გააზრებული რა უნდათ, მიზანი არ აქვთ გააზრებული. ის ხალხიც არ ჰყავთ, რომელიც ნორმალურ რჩევას მისცემთ და რაღაცას დაუთვლით. ამ კონკრეტულ მომენტში რა პრობლემა აქვთ, იმის გადაჭრას ცდილობენ მხოლოდ...შეიძლება იმიტომაც, რომ ხვდებიან დიდი დრო არ დარჩენიათ

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი აღნიშნავს, ჩვენს ეკონომიკაში ზოგადად არის კატასტროფა და არაფერს განსაკუთრებულს ახლანდელი მიტინგები არ ცვლის ამ თვალსაზრისით, რაც ისედაც ცუდ მდგომარეობაში არ იყო. მისივე თქმით, ჯობია ეკონომიკური პრობლემები შეგვექმნას და ამან ძირეულ ცვილებებს მისცეს ბიძგი, ვიდრე ისე დავრჩეთ, როგორც ვართ. ეკონომისტს მაგალითად ჰონგ კონგი მოჰყავს, სადაც პროტესტანტებმა შეძლეს მიზნის მიღწევა და მათ შორის, არჩევნების მოგებაც.

ჰონგკონგელებმა აჩვენეს, რომ ეკონომიკა მეოთხეარისხოვანია, როცა თავისუფლებას ეხება საქმე. საბოლოო ჯამში არჩევნებიც მოიგეს და იმედი გაჩნდა, რომ ეს ბრძოლა, რომელიც თითქმის ერთი წელია გრძელდება ჰონგ კონგში, დასრულდება წარმატებით...ჩვენთვისაც იგივე სიტუაციაა, არაფერი კატასტროფული არ ხდება და შეიძლება მართლა გადავდოთ ეს ეკონომიკა..ეროვნული ბანკიც და მთავრობაც, იმავე მავნებლობს აკეთებს, რასაც აკეთებდა ადრე და მგონი უბრალოდ როდესაც მთავრობა შეიცვლება უნდა დავსხდეთ, ვიმსჯელოთ კრიტიკულად და ეს მავნებლობები რაც ამ პერიოდში მოხდა, ყველაფერი გავაუქმოთ. 

როგორც რაქვიაშვილი ამბობს, თავისუფლებაში გაზრდილი თაობები, მის შეზღუდვას, ვეღარ შეეგუებიან, თორემ ჰონგ კონგელების უმრავლესობას კანადის მოქალაქეობაც აქვს და შეუძლიათ სულაც დატოვონ ქვეყანა და იქ გადავიდნენ, თუმცა ისინი იბრძვიან, იმიტომ, რომ არ უნდათ არსებულ რეალობასთან შეგუება. 

რაქვიაშვილის თქმით, ჰონგკონგელები ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ხალხია მსოფლიოში, მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ, ეკონომიკური პრობლემები და საქართველოსთან თუ გავავლებთ პარალელს - ჩვენთან ბევრი მოქალაქე იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ აქვს სტაბილური სამსახური და აუტკივარი თავი რატომ აიტკიოს, სინამდვილეში კი, ჩვენ ძალიან ღარიბები ვართ და ეს უნდა გაიაზრონ ადამიანებმა.

რომ გადახედოთ რა ხდება სამყაროში, ჩვენი ხელფასები კაპიკებია ამასთან შედარებით, რამდენიმე თაობამ უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი, რომ ჰონგ კონგს თუ არა პორტუგალიას მაინც დავეწიოთ და ეს ადამიანები ამბობენ, რომ არ გავლენ ქუჩაში, არ გარისკავენ მათ კარიერას და ა.შ. პირიქით, რომ შევადაროთ, ჰონგკონგელები მილიარდებს კარგავენ ამ პროცესებით, მაგრამ ეს სხვა ბრძოლაა და უღირთ. ფულს არ აქვს მნიშვნელობა, როცა ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე ვსაუბრობთ, თავისუფლება თუ არ გაქვს, რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ხელფასი გაქვს, ციხეში რომ ჩასვა ადამიანი და უთხრა, სამაგიეროდ ეხლა კარგ ხელფასს გადაგიხდიო, ვინ უნდა იყო, რომ ამაზე დათანხმდე. ამ სიტუაციაში შეიძლება ციხეში არ იჯდე, მაგრამ იგივე ტიპის შეზღუდვები გქონდეს, რაც პატიმარს აქვს, 

ამბობს რაქვიაშვილი "გირჩის აზრში".

"ჰონგკონგელები გვეუბნებიან, ჩვენ ვართ მდიდრები, წარმატებულები, შეგვიძლია დავყაროთ ყველაფერი და კანადაში გადავიდეთ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, არ გვეშინია არც კეთილდღეობის დაკარგვის, არ გვეშინია არც დისკომფორტის და ა.შ. ამაზე კარგი მაგალითი არ ვიცი ისტორიაში."

ალექანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ, თუკი გვინდა წარმატების მიღწევა ცხოვრებაში. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები