სიახლეები

309 Views
პოლიტიკა

ხელისუფლების მშვიდობიანი ჩანაცვლების ორ პუნქტიანი გეგმა "გირჩისგან"

რატომ უნდა წავიდეს ივანიშვილი?

ტყუილის და ძალის გამოყენებით ხელისუფლების მიტაცება დიდი უსამართლობის დასაწყისია.
მიტაცებული ხელისუფლების შენარჩუნებას მეტი ტყუილი და მეტი ძალა სჭირდება.
ასეთი ნაბიჯის შემდეგ, ყოველი დღე არის გზა თავისუფლების მეტი შეზღუდვისკენ და საბოლოოდ, ტირანიისკენ.

ხელისუფლების მიტაცებით ღატაკი ქვეყნის სუსტი დემოკრატიის გაუქმების მცდელობა არის ყველაზე პრორუსული და პროპუტინური ნაბიჯი, რაც შეიძლებოდა ამ ქვეყანაში ვინმეს გადაედგა.
გადაგდება, ანუ საჯაროდ დადებული პირობის, სიტყვის უპატივცემულობა, არის მოქალაქეების შეურაცხყოფა.

სახელმწიფო სისტემის მმართველი ქართული ოცნება, იდგა და დგას ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე, მას გამოუცხადა ოდესღაც ნდობა უმრავლესობამ. ამ ადამიანმა კი თითოეული მოაზროვნე მოქალაქე და უცხოელი მოკავშირე გადააგდო.

ამიტომ ქვეყანაში გაჩნდა ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემა.
14 ნოემბრიდან ხელისუფლებაში არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომლის სიტყვასაც ფასი შერჩა.
ჩვენ, ადამიანები, სახელმწიფოს ბრძანებისა და კონტროლის ძალადობის სისტემას ვემორჩილებით მხოლოდ მაშინ, თუ გვესმის, რომ სისტემა პოლიტიკურად კონტროლდება და სისტემის მაკონტროლებელ პოლიტიკოსებს თანამოქალაქეების უმრავლესობა ენდობა.

თუ ასეთი ნდობა ქრება, ყველა კონტაქტი მოქალაქესა და სისტემას შორის იქცევა ძალადობად. ამის შემდეგ კი პროცესის შეჩერება შეუძლებელია.
უნდობლობა სცდება ქვეყნის საზღვრებს, ქვეყნის გარეთაც იციან, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ყველა გადააგდო.

ინვესტორების და საერთაშორისო პარტნიორების შეცვლილი დამოკიდებულება მალე აისახება ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გამწვავდება საგარეო უსაფრთხოების პრობლემა.
დასავლელ მეგობრებს დახმარების ნაკლები სურვილი, ხოლო რუსეთს პროვოკაციების მოწყობის მეტი შესაძლებლობა მიეცემა.

ყველასთვის გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც უტიფრად ატყუებს ყველას, არავისთვის სანდო არაა და მასთან არანაირ დიალოგში შესვლა არ შეიძლება.
ივანიშვილს აქვს შანსი, გაიაზროს ეს ყველაფერი და შეასრულოს საკუთარი პირობა, მაგრამ მას არც ამ პირობის შესრულების გზებზე არ დაელაპარაკება არავინ, მინიმუმ მანამ, სანამ პირობა სრულად არ იქნება შესრულებული.

თუ არ შესრულდა პირობა, ივანიშვილი და ქართული ოცნება მაინც წავა ( და ეს აუცილებლად მოხდება!), ხოლო ჩვენი ამოცანაა, ეს გარდაუვალობა, მშვიდობიანად გადავიაროთ და ხელისუფლება მშვიდობიანად ჩავანაცვლოთ.

როგორ ჩავანაცვლოთ?

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი ან ფაქტორი:
სახალხო მადლიერება ქველმოქმედებისა და წინამორბედი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხებისთვის.

ბიძინა ივანიშვილის დიდი ფინანსური რესურსი.
გახრწნილი და მორჩილი „მართლმსაჯულების“ სისტემა, რომელიც ციხეში სვამს პოლიტიკურ ოპონენტებს.

სუსტი ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების შიში ხალხში (ე.წ. ნაცები დაბრუნდებიან და დაიწყება შურისძიება).

პირველი მიზეზი თავად ივანიშვილმა გაანეიტრალა. ხელისუფლების თავხედური ტყუილით უზურპაცია არაფრით განსხვავდება პრეზიდენტ სააკაშვილის მცდელობისგან დარჩენილიყო ხელისუფლებაში პრემიერ მინისტრის რანგში.

მეორე მიზეზი დარჩება იმ დრომდე, ვიდრე ივანიშვილს ღატაკი ამომრჩევლის მოსასყიდად წარმოუდგენლად დიდი ფინანსური რესურსი აქვს და ამ მოცემულობას ოპოზიციამ რამე უნდა დაუპირისპიროს!

მესამე მიზეზი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ყოველთვის არსებობდა, ახალი არაფერია. ეს ფაქტორი არჩევნებს ვერ იგებს.

მეოთხე მიზეზის განეიტრალება თავად ოპოზიციის გასაკეთებელი რეალური საქმეა.

ბიძინა ივანიშვილს ბევრი აქვს დასაკარგი და ის ხელისუფლებას ადვილად არ დათმობს. მის დარჩენილ გუნდს აღარ შერჩათ ადეკვატურობის განცდა და არავინ იცის, რაზე არიან წამსვლელები.
რაზეც არ უნდა იყვნენ წამსვლელები, არაფერი გამოუვათ, თუ მეოთხე ფაქტორი გამოირიცხება, ანუ ოპოზიცია იქნება ერთიანი რაიმე პოზიტიური პოლიტიკური გზავნილის გარშემო და არ იარსებებს წინა ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის შიში.

ოპოზიციის გეგმა
როგორ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის შიშის დაძლევა ხალხში?

ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ადამიანებს ობიექტურად ეშინიათ. ეს ხალხი არის მართალი. სანამ ამას არ ვაღიარებთ, ყველა ჩვენი დასკვნა იქნება მცდარი.
ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს მხარდამჭერებიც და მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოშორების პროცესში.

ანუ ასეთი დილემაა: მიხეილ სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ ეს მხარდაჭერა არაა გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, რადგან მიხეილ სააკაშვილი ასევე არის საფრთხობელა ბიძინა ივანიშვილის ხელში, რითაც ის ქმნის ურჩხულს და აშინებს ამომრჩევლებს.
„თუ მე არ დამიჭერთ მხარს, ნაციონალური მოძრაობა მოვა და გაწვალებთ“, - ესაა მისი ძირითადი მესიჯი ყველა არჩევნებზე.

ბიძინა ივანიშვილს ეს მესიჯი უნდა წავართვათ და ეს სწორედ ნაციონალურ მოძრაობაზე და ევროპულ საქართველოზეა დამოკიდებული.

რატომ უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს?

ადამიანების ნაწილი თვლის, რომ ის რეფორმატორი და აღმშენებელი კაცია, რომელმაც წუმპიდან ამოიყვანა ქვეყანა.

რატომ ეშინიათ მისი?

იმიტომ რომ მან გააძლიერა და პოლიტიკური შურისძიების იარაღად გამოიყენა „მართლმსაჯულების“ რეპრესიული საბჭოთა სისტემა.
ეს საბჭოური მანქანა გადმოიბარა ბიძინა ივანიშვილმა და ახლა ის იყენებს, ოღონდ უფრო ნაკლები ინტენსივობით.

იმისთვის, რომ ადამიანთა გადამწყვეტ რაოდენობას მოეხსნას ნაციონალური მოძრაობის შიში, მათ საჯაროდ უარი უნდა თქვან მომავალში სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემასთან გაკარებაზე, იგულისხმება სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია.

იგივე უნდა გააკეთოს ევროპულმა საქართველომაც, რადგანაც ამ პარტიის ლიდერები საშიში ხალხია, უამრავი ადამიანის თვალში.

მეორე მხრივ, ამ ხალხის მხარდაჭერაც აუცილებელია მილიარდერის დასამარცხებლად, უღარიბეს ქვეყანაში და თან მაჟორიტარული არჩევნებით.

რა არის ჩვენი მიზანი?

ჩვენი მიზანი არ არის ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის პიროვნულად მოცილება. ჩვენი მიზანია საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება. პრაქტიკით დადასტურებულია, რომ არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს ეს არ გამოსდით და მათი ნდობა ამ საკითხში არ შეიძლება.

გვესმის, რომ ადამიანურად ყველასთვის რთული იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ეს არის ჩვენი და ჩვენ მსგავსად განწყობილი ადამიანებისა და პოლიტიკური ჯგუფების ნდობის ფასი.

ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ივანიშვილის მშვიდობიანი ჩანაცვლებისთვის, რადგან რჩება მეორე ფაქტორი, უზარმაზარი ფინანსური რესურსი, ღატაკ ქვეყანაში.

ნათლად წარმოსადგენად, ივანიშვილს ერთი ხმა 1000 ლარი რომ დაუჯდეს, მილიარდი ლარი ეყოფა არჩევნების მოსაგებად. მილიარდი ლარი ივანიშვილის ქონების 6%-ია.

როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ 5 მილიარდ დოლარს?

ამ ფულის დამარცხება იმ ქვეყნის არჩევნებში, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 4 ათასი დოლარი, ადვილი არ არის.
ეს იცის ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ არ გაუფრთხილდა საკუთარ მორალურ ავტორიტეტს, რითაც აქამდე არჩევნებს იგებდა (და არა ფულით, რომელიც ფაქტობრივად არც დაურიგებია, თუ მისი მთელი კაპიტალის ოდენობას გავითვალისწინებთ).
ასეთ სიტუაციაში: ან საზოგადოება ისე ბრაზდება, რომ გაბრაზებულები დაერევიან მოსყიდულებს და რევოლუცია ხდება, ან მოსაფიქრებელია გზა, რომლითაც ფულის ის რაოდენობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს, არასაკმარისია ხალხის მოსასყიდად.
ჩვენ მეორე გზის მომხრე ვართ, რევოლუციის გარეშე უნდა გავუშვათ ივანიშვილი, რადგან მისი ფული საკმარისი არაა ჩვენს მოსასყიდად, ჩვენ უფრო მდიდრები ვართ.

რატომ ვართ მდიდრები?

როდესაც საქართველოში ბოლშევიკებმა ძალით ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება, მთავარი, რაც მათ გააკეთეს, ადამიანებს წაართვეს საკუთრება და მესაკუთრეები ..განაკულაკეს“ და ქონების მქონენი მტრებად გამოაცხადეს.
დღესაც საქართველოში ადამიანების საკუთრება არის მთელი ქვეყნის ქონების 20-25%, დანარჩენი ,,სახელმწიფო“ საკუთრებაა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით და ადამიანებს მისით სარგებლობა აკრძალული აქვთ.
ოპოზიციური პარტიები უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქვეყნის მთელი სიმდიდრე ეკუთვნის ხალხს და არა სახელმწიფო სისტემას, რომელსაც ხან ვინ აზის თავზე და ხან ვინ.
სახელმწიფო ქონება სრულად უნდა დავუბრუნოთ და უცბად უნდა გავამდიდროთ ადამიანები, თან იმდენად, რომ მათი მოსყიდვა შეუძლებელი იყოს მილიარდელი კონკურენტისთვის.
ჩვენი აზრით, ეს არის ყველაზე ანტისაბჭოთა გზა, ყველაზე პუტინისტური გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

რა არის გამდიდრება?

დღევანდელი სახელმწიფო ქონების ღირებულება, რომელიც სრულიად უპატრონოდ არის მიგდებული, მერყეობს 50-დან 500 მილიარდ დოლარამდე.
რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ საქართველოს მოქალაქეს სამართლიანად, ანუ თანაბრად განაწილების შემთხვევაში $10-დან $100 ათასამდე ღირებულების ქონება შეიძლება დაუბრუნდეს.
ქვეყნის 3/4 გვაქვს გასაყოფი, რადგან უპატრონოა და არავის ეკუთვნის.

თუ ჩვენ ამ ქონების განაწილების სამართლიან სქემაზე შევთანხმდით, ამ ქონების ღირებულება 10-ჯერ და მეტჯერ აღემატება ივანიშვილის მთელ ქონებას.
ჩვენ, პოლიტიკოსებმა ამომრჩეველი, უნდა დავარწმუნოთ, რომ ისინი მართლა შეუდარებლად გამდიდრდებიან, არა ივანიშვილის უფასო ფულით, არამედ სახელმწიფო ქონების მათზე თანაბარი გადანაწილებით.

ერთი რამეა მხოლოდ ამისთვის საჭირო, ჯერ ჩვენ დავიჯეროთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენია და არა ბიუროკრატიისა და მმართველების.
ასეთი საკუთრების რეფორმა, ანტისაბჭოთა ანტიდოტი, ცვლის ქვეყანას, ცვლის ადამიანებს, ხდის მათ უფრო ბედნიერებს და პატრიოტებს, რადგანაც ქვეყანაში ადამიანებად გრძნობენ თავს და ხვდებიან, რომ ასეთი ქვეყანაა დასაცავი, თორემ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დაცვა პატრიოტობა კი არა ბოროტებაა.

ორ პუნქტიანი გეგმა.

გეგმის პირველი პუნქტი: ნამდვილი, პრინციპული ოპოზიციის ერთიანობაა.

ამ ერთიანობისთვის აუცილებელია, რომ თანამებრძოლებს ერთმანეთის არ ეშინოდეთ. ადამიანთა დიდ ნაწილს, რომელსაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილი (იმიტომ რომ გადააგდო), ეშინია მიხეილ სააკაშვილის და ძველი ნაციონალური მოძრაობის, რადგან იმდროინდელმა მართლმსაჯულების სისტემამ გააწამა.

ამ ხალხის წუხილი არის სწორი, სამართლიანი და თუ მოგება გვინდა ეს წუხილი უნდა მოიხსნას.
სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემის გარეშე, ნაციონალური მოძრაობა საშიში არ არის, უფრო მეტიც, რეფორმატორია.
მათ უნდა შეძლონ ამაში ხალხის დარწმუნება, ზრდილობის გამო კი არ უნდა თქვან რამე წინასაარჩევნოდ, მართლა უნდა გაიგონ, რა შეცდომა დაუშვეს და დაარწმუნონ ხალხი, რომ მათგან მომავალში ეს საფრთხე არ მოდის და რომ მხოლოდ იმას გააკეთებენ, რაც კარგად გამოსდიოდათ.

გეგმის მეორე პუნქტი საკუთრების რეფორმაა.

ეს პუნქტი შვიდი მილიარდის დასამარცხებლად, ღარიბ ქვეყანაში, ასევე აუცილებელია.
ადამიანები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ მდიდრები არიან, რადგან ეს ქვეყანა ეკუთვნის მათ და არა ბიუროკრატიას.

ისინი მართლა გამდიდრდებიან, თუ ამას დაიჯერებენ და მხარს დაუჭერენ.

ზოგადად ყველანი ვმდიდრდებით, კომუნისტების წართმეული ქონების დაბრუნებით, მთავარია, რომ ჩვენ გვინდოდეს ეს.

ხალხის გამდიდრება, ხალხის გადაგდების წინააღმდეგ - ამას თუ დამაჯერებლად ვიტყვით, ოპოზიციას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, რაც საჭიროა კიდეც საკუთრების ფუნდამენტური რეფორმისთვის.

პატივისცემით,
გირჩის მმართველი საბჭო.

კომენტარები