21 ნოე 2019
355 Views
მართლმსაჯულება

პატარა ადამიანების იაფფასიანი შურისძიების მცდელობა - ჯაფარიძე მოსამართლის განაჩენზე

საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულებიდან რამდენიმეს განაჩენი გამოაცხადა:

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბექა ბასილაიას 13 დღე, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღე, გიორგი ბუნტურს 5 დღე, ლუკა ჭიჭინაძეს 5 დღე, ელგუჯა ბაგრატიონს კი 12 დღიანი  პატიმრობა შეეფარდა.

შედარებით მსუბუქი ადმინისტრაციული სასჯელი შეეხო გურამ მჭედლიშვილის, რომელსაც 1000 ლარი გირაო შეუფარდეს.

ამ დროისთვის მოსამართლემ კიდევ ერთი ექვსეულის განაჩენი გამოაცხადა : 

ირაკლი ნადირაძეს - 13 დღე, გიგა მაქარაშვილს კი 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. დიმიტრი ბიძინაშვილი- 13 დღე
ირაკლი კაჭარავა- 4 დღე; დათო მჟავანაძე- 4 დღე; პაატა სოსონაშვილი - სიტყვიერი გაფრთხილება.

დანარჩენი 25 ადამიანის პროცესები კი განუსაზღვრელი დროით არის გადადებული და მათ სასამართლოზე ინდივიდუალურად დაიბარებენ, მათ შორის არიან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გირჩის მმართველი საბჭოს წევრი იმედა კლდიაშვილი.

სასამართლოში ხმაურია, აპროტესტებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას. ზურაბ ჯაფარიძე კვლავ საქალაქო სასამართლოში იმყოფება, მისი თქმით, ეს არის სასამართლოს შურისძიება #სირცხვილიას აქტივისტებზე.

"ეს პროცესები რაც ორი დღეა სასამართლოში მიმდინარეობს, არის პატარა ადამიანების ძალიან იაფფასიანი შურისძიების მცდელობა, პროტესტის მონაწილეებზე.

ამ ახალგაზრდებს ამით ვერ შეაშინებენ.

აქ რაც ხდება არის სიმპტომი, რომ ეს ხელისუფლება მორჩა.

უბრალოდ ამ ყველაფრის გაფორმებაა მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს მშვიდობიანად და ცივილიზებულად და ჯამში ისე ჩვენ არ დავზარალდეთ."

ამბობს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები