სიახლეები

გიორგი რურუას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა ბრალად.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში დამსწრეები პროტესტით შეხვდნენ, ბიძინა "ივანიშვილის მონები ხართ", გაისმოდა სასამართლო დარბაზში.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 18 ნოემბერს დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები