სიახლეები

138 Views
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები პარტიის შექმნას არ გეგმავენ

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები პარტიის შექმნას არ გეგმავენ. ამის შესახებ დღეს, 20 ნოემბერს, პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარტიის შექმნისთვის ჩვენ არც რესურსი გაგვაჩნია და ვერც კიდევ ერთი პარტიის შექმნის საჭიროებას ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა პოლიტიკაში, რადგან სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღეთ

- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების გეგმა პირველ რიგში, დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობის ვადის ღირსეულად დასრულება იქნება.

რაც შეეხება ახალი ფრაქციის შექმნას, თამარ ჩუგოშვილის თქმით, კონსულტაციები მხოლოდ იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც უმრავლესობა 14 ნოემბრის კენჭისყრის შედეგების გამო დატოვეს.

ჯერჯერობით, კოლეგებთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობ, პარლამენტის წევრები საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით, რომლებსაც სურვილი ექნებათ ფრაქციის შექმნის. ჯერჯერობით გვარებს და დეტალებს სრულად ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება... ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი. ფრაქციაში, თუ ის შეიქმნება და მე იმედი მაქვს, რომ შეიქმნება, იქნება საკმაოდ კარგი რესურსი იმისთვის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში

ჩუგოშვილის შეფასებით, ფრაქცია ორგანიზებული საპარლამენტო საქმიანობის კარგი ფორმაა და ამბობს, რომ ფრაქცია მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ მათივე ინიცირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრმა, გიორგი ბეგაძემ. სოფიო ქაცარავამ კი, უარი თქვა დეპუტატის მანდატზეც.

15 ნოემბერს კი , საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

 

 

კომენტარები