18 ნოე 2019
185 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ამ მოცემულობაში ჩვენ ვართ მონების მდგომარეობაში

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პოლიციის სამმართველოდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ აქციას შეუერთდა, ის ტელეკომპანია მთავარის პირდაპირ ეთერში ჩაერთო ეკა კვესიტაძეს, სადაც ისაუბრა, რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და ქართული საზოგადოება ამ მოცემულობაში:

"არავინ სერიოზულად აღარ გვიყურებს, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება არის გადამგდები" - ამბობს ჯაფარიძე მთავარის ეთერში

"პირველი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არავინ ჩვენ სერიოზულად აღარ მიგვიღებს, არც რომელიმე დასავლური ინსტიტუტი, არც უცხოელი ინვესტორი, ვისაც ფულის ჩადება ენდომება ჩვენთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივად ჭაობში ვართ და ვიძირებით, დავიწყეთ ჩაძირვა მაგ კონკრეტული გადაწყვეტილების გამო.

მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ამ ყველაფრის მორალური მხარეა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად ვიმყოფებით მონების მდგომარეობაში.  როგორ შეიძლება ახლა ვინმემ შენთან საქმე დაიჭიროს, როგორც ერთან, როგორც ქვეყანასთან, როცა ეს პრობლემა ვერ მოგვიგვარებია. რომელ ნატოსა და ევროკავშირზე ვლაპარაკობთ...როცა თავმოყვარეობას და ღირსებას დავიბრუნებთ და შევცვლით ხელისუფლებას, ვინც გინდა ის  მოვიდეს ლეგიტიმურად, მნიშვნელობა აღარ აქვს, მერე უკვე ვიქნებით ადამიანები, ვისთან სერიოზულად ლაპარაკიც შეიძლება, ამ მოცემულობაში კი, ვართ ჩმორების მდგომარეობაში. მე არ ვიცი არცერთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, სადაც მონებს აეშენებინოთ ნორმალური სახელმწიფო."

- ამბობს მთავარის ეთერში ზურაბ ჯაფარიძე.

"გირჩის" ლიდერის თქმით, ივანიშვილმა თავისი გადაწყვეტილებით, იმაზე ბევრად უარესი გვითხრა, ვიდრე უბრალოდ ის, რომ მონები ვართ - მან გვითხრა, რომ  სწორედ ამ მონებს შორის ყველაზე უღირსები ჰყავს შეკრებილი პარლამენტში, მთავრობასა და სასამართლოში და სწორედ ის უღირსები გვმართავენ, ჩვენ კი ამას ვეგუებით, ავიტანთ და ხმას არ ამოვიღებთ. 

"თუკი სადმე რაიმე რეალობა შეიძლება არსებობდეს, სადაც სახელმწიფომ, როგორც ინსტიტუტმა და მისმა მმართველმა, ადამიანებს ღირსება წაართვა, სწორედ ამ რეალობაში ვცხოვრობთ  ჩვენ."

-  ამბობს ჯაფარიძე.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, პარლამენტის წევრები ერთადერთი მიზნით უნდა შევუშვათ პარლამენტში, რომ მათ დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და შემდეგ ადამიანებმა აირჩიონ ლეგიტიმური ხელისუფლება.

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იმ პრობლემაზეც ისაუბრა, რატომ არ გამოდის უფრო მეტი ხალხი მოცემული მდგომარეობის გასაპროტესტებლად, ჯაფარიძის თქმით, ეს დიდწილად პოლიტიკური პარტიების პრობლემაცაა და მანამ, სანამ პოლიტიკოსები არ დაიწყებენ სიმართლის ლაპარაკს და არ იქნებიან გულწრფელები, იქამდე ეს პრობლემად დარჩება.

"ხალხი მიყვება სიმართლეს და გულწრფელობას, ჩვენ კი გვაქვს რეალობა, სადაც მატყუარებით არის სავსე მთელი პოლიტიკური სპექტრი... სიმართლე არის ყველაფრის წამალი, მოკლევადიანადაც და გრძელვადიანადაც...."

- ამბობს ჯაფარიძე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები