სიახლეები

183 Views
პოლიტიკა

აქციების მიზანი პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტა უნდა იყოს, სანამ ვადამდელ არჩევნებზე არ იქნება თანხმობა -ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "გირჩის" სამოქმედო გეგმით ეხმიანება სოციალურ ქსელში.

როგორც ჯაფარიძე წერს, არანაირ საუბარს და განცხადებების კეთებას ხელისუფლების ან ივანიშვილის მხრიდან, შინაარსი არ გააჩნია, რადგან ამ რეალობაში მათი აღარვის სჯერა და ერთადერთი, რაც უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნებია.

"რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):

ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ

საუბარი იმაზე რომ ამ ქვეყანაში რაიმე პოზიტიური შეიძლება მოხდეს - არის ზღაპარი.

არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან - ეს ნიშნავს კიდევ უფრო გავღარიბდებით, მარტივად.

არავინ, არც ერთი სერიოზული ქვეყანა ჩვენთან არ დაიჭერს პარტნიორულ ურთიერთობას, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან - ეს, საგარეო საფრთხეებისადმი მდგრადობის შესუსტებასთან ერთად, ასევე ნიშნავს რომ კიდევ უფრო გავღარიბდებით.

არანაირ საუბარს, არანაირ განცხადებას ხელისუფლების და პირადად ივანიშვილის მხრიდან,  მათ შორის იმასთან დაკავშირებით რომ 2020-ში არჩევნები წესიერად ჩატარდება, შინაარსი არ აქვს - ვინ რა უნდა დაიჯეროს როცა ორი დღის წინ გადაყარეს ყველა? (ასეთი *ლე მართლა არავინ არის, არც აქ და არც არსად).

ამ რეალობიდან გამოსავალი არის ერთი - ვადამდელი არჩევნები (როგორი, მეორე ხარისხოვანია. როგორი წესითაც არ უნდა ჩატარდეს, ხელისუფლება გასაშვებია)

ვადამდელი არჩევნების შემდეგ, სულ რომ იდიოტების კოალიცია მოვიდეს ხელისუფლებაში, არსებულ მოცემულობას ეგეც სჯობს - ლეგიტიმაციის მქონე იდიოტი სჯობს გადამგდებს რომელსაც არავინ ენდობა

ბ) იმისათვის რომ ხელისუფლება წამოვიდეს ვადამდელ არჩევნებზე საჭიროა ხალხი!

1. ხალხი, ის ხალხი რომელიც ცვლის ხელისუფლებას გამოჰყავს გულწრფელობას და გამჭვირვალობას (და არა პარტიულ კოორდინატორებს)

ამიტომ ოპოზიციის შეხვედრები უნდა იყოს საჯარო და ადამიანებს, ვისაც მოუწოდებენ რუსთაველზე გამოსვლისკენ, უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ ამ შეხვედრების ყურების, არამედ შენიშვნების და რჩევების მიცემის შესაძლებლობა (ძალა, მათ შორის ინტელექტუალური ხალხშია და არა პოლიტ-ლიდერებში)

2. საჭიროა საჯარო და გასაგები გეგმა - როგორ მივდივართ ქუჩის აქციებიდან ვადამდელ არჩევნებამდე. ეს გეგმა უნდა იყოს წინასწარ გაცხადებული და ადამიანებმა უნდა იცოდნენ რისთვის მოდიან აქციაზე/აქციებზე. ასეთი გეგმის შემუშავება უნდა იყოს მთავარი განხილვის საგანი ოპოზიციის საჯარო შეხვედრებზე, ხალხის ჩართულობით. არაფერი დასამალი არაა. 

გ) რა შეიძლება იყოს ლოგიკური და შესრულებადი გეგმა?

ხელისუფლებამ უნდა დადოს ვადამდელი არჩევნები.

ტექნიკურად ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა - უნდა შეიკრიბოს და უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას!

ამიტომ მთავარი ბრძოლის ხაზი გადის პარლამენტზე.

აქციების მიზანი უნდა იყოს - პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტა, მანამ სანამ ვადამდელ არჩევნებზე არ იქნება თანხმობა (მომავალი წლის ბიუჯეტი აქვთ დასამტკიცებელი).

ანუ, პარლამენტში დეპუტატები უნდა შევუშვათ მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი უნდობლობას უცხადებენ მთავრობას და ინიშნება ვადამდელი არჩევნები.

ამისთვის საჭიროა პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება (პიკეტირების ფორმების მოფიქრება შეიძლება).

პიკეტირება უნდა იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი ძალადობის გარეშე.

პარტიებმა შეიძლება გაინაწილონ შესასვლელები და აიღონ საკუთარ ‘კვადრატზე’ პასუხისმგებლობა.

ეს, მათ შორის, ნათელს გახდის ვინ რისი გამკეთებელია არსებული პარტიებიდან.

საჭიროა ხალხი ვისთვისაც ეს იქნება ყოველდღიური სამუშაო.

რეგიონებიდან დიდი აქციისთვის ჩამოყვანილი ხალხი ამას ვერ იზამს, რადგან, როგორც წესი, იმავე დღეს ბრუნდებიან უკან.

შესაბამისად ეს არის თბილისის გასაკეთებელი საქმე!

საჭირო იქნება მორიგეობა რომ პარლამენტის ყველა შესასვლელთან მუდმივად იყოს ბევრი ხალხი!

სავარაუდოდ ადამიანებს მოუწევთ სამსახურებიდან დათხოვნა დღის გარკვეულ მონაკვეთში (მაგ. ნახევარი დღე) და ბიზნესის დახმარება იქნება თუ მათ ამის შესაძლებლობას მისცემენ (ფულზე უფრო მნიშვნელოვანი დახმარება)

თუ ყველა ამ გეგმაზე ფოკუსირდება და რეგულარული პიკეტირების შემთხვევაში - მიზანი მიღწევადია.

————

ეს არის ის რაზეც გუშინ "გირჩის" მმართველმა საბჭომ იმსჯელა.

ეს შეიძლება არ იყოს იდეალური გეგმა, მაგრამ ვფიქრობთ რომ სამოქმედო გეგმის ჩონჩხი რაღაც ამასთან მიახლოებული უნდა იყოს

————

მაგრამ ჯერ უნდა დავიწყოთ სრული გამჭირვალობით და გულწრფელობით!"

წერს ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები