13 ნოე 2019
253 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეები პოლიტიკურად წააგებენ

ეს კლოუნადა ხალხისთვის მარტივი დასანახია და შეუძლებელია პოლიტიკური წაგება არ მოუტანოს "ოცნებას".

იაგო ხვიჩია, "გირჩის აზრში" უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატების პოზიციას გამოეხმაურა, "ოცნების" დეპუტატების ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა.

"ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა კანონპროექტი, ამას მხარს უჭერს მთელი ოპოზიცია და ახლა მხარს არ უჭერენ თავად კანპროექტის ავტორები, ეს ხომ ჩვეულებრივი კლოუნადაა."

ხვიჩიამ ე.წ. ფილიბასტერზე, ისაუბრა, რომელიც გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოიყენეს, რადგან პროცედურულად განსაზღვრულ ვადაში, ვერ მოასწრეს კანონპროექტის განხილვა. ფილიბასტერი არის საპარლამენტო განხილვის დროის განზრახ გაწელვა.

სისხლის სამართალში ეს დაახლოებით იმის მსგავსია, პროკურორმა რომ გამოიყენა ჩვენთან დუმილის უფლება. ეს უმრავლესობის გამოსაყენებელი მექანიზმი არ არის. უმრავლესობაში თუ ხარ ფილიბასტერი რისთვის გჭირდება, შენ იღებ გადაწყვეტილებას. ფილიბასტერი არის ოპოზიციის მექანიზმი იმისთვის, რომ რაც შეუძლია, გარკვეული ვადით მაინც გაწელოს და ხელი შეუშალოს ხელისუფლებას მათთვის არასასურველი გადაწყვეტილებების მიღებაში.

იაგო ხვიჩიას თქმით, ორი ვარიანტია - ეს დეპუტატები ევაჭრებიან ბიძინა ივანიშვილს და მისგან ფინანსურ ბენეფიტს ან საპარლამენტო სიაში ჩასმას ელიან, ან მეორე - თავად ივანიშვილს სურს რაღაც ტიპის მღელვარების შემოტანა ამ პროცესში და მერე მხსნელად მოვლინება და ქულების დაწერა მოსახლეობის თვალში.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, არავის სჯერა, რომ კახა ოქრიაშვილის ტიპის ბიზნესმენი, ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლი რევოლუციონერია. 

მილიონერი ფინანსდება ბიუჯეტიდან მილიონებით, გაჭირვებული ხალხის ფულით, იმისთვის, რომ ბიზნესი აკეთოს. ეს ადამიანი, რომ რევოლუციონერი ჩე გევარაა ბიძინას წინააღმდეგ, მაგის ვის სჯერა? ვიცით რა დაემართა ხაზარაძეს, 12 წლის წინანდელი საქმე ამოუქექეს და დაარბენინებენ პროკურატურა, სასამართლო, ეროვნული ბანკი და ა.შ.  ოქრიაშვილს ხაზარაძესთან შედარებით პლინტუსს ქვემოთ აქვს რეიტინგი და მასაც რომ იგივე გაუკეთოს პროკურატურამ, მისი ამბის მომკითხავი არავინ არ იქნება. ამიტომაც არავის სჯერა ასე რიხით ლაპარაკის. ის უბრალოდ რაღაცაზე ვაჭრობს ბიძინასთან.

- იაგო ხვიჩიას თქმით, თუ ეს კანონპროექტი ჩავარდა, რასაც "გირჩის" ლიდერი პოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს, ეს ივანიშვილის გაკეთებული იქნება და არა დანარჩენების, რომლებიც ამაზე საუბრობენ. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები