სიახლეები

56 Views
პოლიტიკა

ნიკა მელია "ოცნების“ მაჟორიტარების განცხადებების მოტივებზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტში მისვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებების მოტივებზე ისაუბრა.

"ახლა ვაკვირდებით უნიჭო მცდელობას, რომ ეს განხილვა გადაიდოს გაურკვეველი დროით. რა თქმა უნდა, ხუნდაძის მიერ გაკეთებული განცხადება ბიძინა ივანიშვილის დავალებაა. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ხუნდაძე ოდესმე დამოუკიდებლად აკეთებს რაიმე განცხადებას. ეს არის სპექტაკლი და როლები გადანაწილებული აქვთ. დილიდან ჩანს, რომ არანორმალურად აგრესიულები არიან. ცდილობდნენ ოპოზიციის პროვოცირებას, რომ სხდომის ჩაშლა ამა თუ იმ ინციდენტისთვის დაებრალებინათ, 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ხელშეკრულება დადებულია, რომელიც გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს. დაარღვევს ივანიშვილი ამ შეთანხმებას? ბუნებრივია, შედეგად მიიღებს ძალიან დიდ გულისწყრომას და დემოკრატიული ტალღა ივანიშვილის ხელისუფლებას აუცილებლად წალეკავს. პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა იქნება დამატებითი მღელვარების საფუძველი და დარწმუნებული ვარ, იმაზე მრავალრიცხოვან დემონსტრაციებს იხილავს ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე, ვიდრე მას კოშმარულ სიზმარში წარმოუდგენია."

-განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.

ხუნდაძის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გარკვეული კომპრომისების გამო დათანხმდა, თუმცა დღეს გაუჩნდა კითხვები, თუ რამდენად სწორია მისი კომპრომისი.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები