სიახლეები

1544 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ამ ახალგაზრდასთან სიცოცხლეშიც მართლები ვიყავით და მისი გარდაცვალების შემდეგაც მართლები ვართ

"გირჩის" მიმართვას "ბიბლიური თავისუფლების" გარდაცვლილი მღვდელმსახურის შესახებ, რომელსაც ოჯახის თხოვნის მიუხედავად, მართლმადიდებელმა ეკლესიამ წესის აგებაზე უარი განუცხადა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, წესის აგების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი ახლობლის დახმარებით დაუკავშირდა "გირჩს", მათივე თქმით დაკრძალვა იმ იმედით გადადეს, რომ გამოჩნდებოდა მართლმადიდებელი სასულიერო პირი, ვინც დაღუპულს წესს აუგებდა. "გირჩის" განცხადების გავრცელების შემდეგ, მიტროპოლიტი საბა ჟურნალისტებთან კვლავ აცხადებდა, რომ ასეთ შემთხვევაში წესის აგების კატეგორიული წინააღმდეგია, მათ შორის საპატრიარქოც.

გირჩს შეეხმიანეთ, ისინი ხომ ამბობენ, ეპისკოპოსები ვართო და მღვდლები ვართო, წავიდნენ და თვითონ აუგონ წესი თავიანთ წევრებს

- უთხრა "ნეტგაზეთს" მეუფე საბამ. 

ასევე, შეკითხვაზე, თუ რატომ ეუბნება ეკლესია უარს ოჯახს, გარდაცვლილისთვის წესის აგებაზე, ხონის მიტროპოლიტმა საბამ უპასუხა, ჩვენი საქმის ჩვენ ვიცით და "გირჩს" ანგარიშს არ ჩავაბარებთო.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ, სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტი, როგორც ჩანს, ძალიან შეაწუხეს ჟურნალისტებმა. ის ესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, დაპირდა მათ, რომ სინოდზე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კატეგორიულად ემიჯნება "გირჩის" მიერ გავრცელებულ მიმართვას და მიაჩნია, რომ ეს "გირჩმა" საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ეკლესიის სახელის დისკრედიტაციისთვის გააკეთა. 

თემას, ტვ პირველის ეთერში, იაგო ხვიჩია გამოეხმაურა. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ის, რომ ადამიანი გარდაიცვალა და მიტროპოლიტ საბას ბრძანების მიხედვით, მას მართლმადიდებლურ წესის აგებაზე უარი განუცხადეს, ფაქტია და ამას ვერ გაემიჯნება ვერც ერთი მხარე.

ჩვენ ამ გარდაცვლილ ახალგაზრდასთან სიცოცხლეშიც მართლები ვიყავით და მისი გარდაცვალების შემდეგაც მართლები ვართ. ჩვენ მას თავისუფლება მივანიჭეთ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგაც, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მისი ოჯახის სურვილი შესრულებულიყო. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ჩვენმა კოლეგა რელიგიურმა ორგანიზაციამ პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძებოს და გარეთ არ უნდა ეძებდეს მას. მე ვერ გავამტყუნებ ოჯახს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოერგონ მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნებს, შესაბამისად, ილაპარაკებენ ყველაფერს, რაც მათგან მოდის, თუმცა ჩვენ გვქონდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და ფაქტია, რომ დაკრძალვა დაბრკოლდა სწორედ იმ მიზეზით, რაც გავავრცელეთ და ჩვენ მართლები ვართ ამ ამბავში

- განაცხადა იაგო ხვიჩიამ ტვ პირველის ეთერში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები