სიახლეები

160 Views
ეკონომიკა

რატომ არის კარგი დოლარიზაცია - ეროვნული ბანკის პოზიციის საპასუხოდ

ნაწილი 1

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გამოქვეყნებული აქვს ვრცელი ტექსტი, რომლის მთავარი იდეაა, რომ ლარის არსებობა საჭირო და მომგებიანია. თუმცა ამ ტექსტის მთავარი დამსახურება - იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ წარმოიდგენენ თავის როლს ეკონომიკასა და რიგით მოქალაქეებთან კომუნიკაციაში ეროვნული ბანკის მმართველი და სავარაუდოდ მისი თანამშრომლები. ეს რომ თქვენთვისაც ცხადი გახდეს, მე დეტალურად გავარჩევ ტექსტს, მათ შორის ცალკეულ წინადადებებს და ფრაზებს.

ციტატა 1: „ფინანსური სექტორის დოლარიზაცია, რაც ადგილობრივი ბიზნესისა და მოსახლეობის ეროვნული ვალუტის ნაცვლად რომელიმე სხვა უცხოური ვალუტით დაკრედიტებასა და დეპოზიტების მოზიდვაში გამოიხატება - მსოფლიოს მრავალი განვითარებადი ქვეყნისათვის ერთ - ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ფაქტია, რომ ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.“

კომენტარი: ნამდვილი დოლარიზაცია არა მხოლოდ დოლარში სესხების გაცემას, არამედ დოლარის ვაჭრობა შიდა შრომის ბაზარზე გამოყენებას ნიშნავს. უცნობი მიზეზით, ტექსტის ამ ნაწილში დოლარიზაციის მხოლოდ ერთი მხარე განიხილება, თუმცა შემდგომ ავტორი ტერმინ „დოლარიზაციას“ ისევ უფრო ფართო გაგებით იყენებს. კიდევ უფრო საინტერესოა, დოლარიზაციის, როგორც პრობლემის მოცემულობად წარმოჩენა, თუმცა რომელ„განვითარებად“ ქვეყნებზეა საუბარი და რა კონკრეტული პრობლემები შეიძლება დოლარის გამოყენებას მოჰყვეს, არც აქ, არც ტექსტის სხვა ნაწილშია ნათქვამი. ეს განსაკუთრებით უცნაურია, რადგან ტექსტის ფორმატი,რომელსაც მეცნიერული ელფერი გაკრავს, გულისხმობს, რომ ასეთი მტკიცებულების შემდეგ კვლევებსა თუ სხვა წყაროებზე სათანადო მითითებები უნდა იყოს მოყვანილი. თუმცა ამ ტექსტში თქვენ მსგავს არაფერს ნახავთ. სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჩვენ უბრალოდ უნდა დავუჯეროთ, მაგრამ მე ამ სამყაროში არავის ვუჯერებ a priori და არც თქვენ გირჩევთ.

ციტატა 2: „ზოგადად, დოლარიზაციის წარმოშობა ისტორიულად მაკროეკონომიკურ არასტაბილურობასა და ჰიპერინფლაციურ პერიოდებს უკავშირდება. ასეთი პერიოდებში, მაღალი გაურკვევლობის გამო,ადგილობრივი ვალუტით ფინანსური შუამავლობა რთულდება და მას უფრო სტაბილური ვალუტა ანაცვლებს.“

კომენტარი: ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს: ლარი, რომ სანდო ყოფილიყო, არავის გაუჩნდებო დადოლარის გამოყენების სურვილი.

ციტატა 3: „საქართველოშიც დოლარიზაციის წარმოშობა 90-იანი წლების მაკროეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდის გამოცდილებას უკავშირდება“.

კომენტარი: კი, 1990-იან წლებში, კუპონების დროს, მონეტარული პოლიტიკა უკიდურესად უპასუხისმგებლო იყო და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის და ყველასი ჯამურად გაღატაკების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა. თუმცა 2000-იან და 2010-იან წლებს რომ გადავხედოთ, არც მათ გააჩნიათ რაიმე სტაბილურობის ელფერი. მაგალითად, 1 ლარის მსყიდველობითი უნარი 2000-2009 წლებში 46%-ით შემცირდა, ხოლო 2010-2019 წლებში კი დამატებით 31%-ით. ანუ ვითომდა სტაბილურ პერიოდში ერთი ლარი 63%-ით გაუფასურდა. ამიტომ სრულიად გასაგებია ამ პირობებში ჩვენი მოქალაქეების მცდელობა, რამენაირად უფრო სტაბილურ ვალუტაზე გადაერთონ და თავი დააღწიონ „ეროვნული“ და ამავდროულად წამგებიანი ლარის გამოყენების კანონით დადგენილ ვალდებულებას.

ციტატა 4: „გარდა ამისა, 2000-იანი წლების დასაწყისში ქართული კომერციული ბანკების წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გაიზარდა. ბანკები არარეზიდენტი ბანკებიდან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უცხოური ვალუტის საკრედიტო რესურსს იზიდავდნენ, რაც, ასევე, ხელს უწყობდა ქვეყანაში უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდას“.

კომენტარი: ნიშანდობლივია, რომ შედარებით მყარ ვალუტაში მოგების მიღება არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ ბანკირებსაც სურთ.

ციტატა 5: „ისეთ მცირე და ღია ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მაღალი დოლარიზაცია მრავალი პრობლემის გამომწვევია. კაპიტალის თავისუფალი მობილობის პირობებში, რაც აუცილებელია ქვეყანაში პროდუქტიულობისა და, შედეგად, ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის მისაღწევად, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა ოპტიმალური არჩევანია“.

კომენტარი: აღსანიშნავია ამ ციტატის სტრუქტურა. თავიდან, რაიმე განმარტების, მაგალითებისა თუ კვლევების ციტირების გარეშე მტკიცებაა მოყვანილი, რომ „მაღალი დოლარიზაცია“, ანუ ის, რომ მოქალაქეები ცდილობენ შედარებით მყარი ვალუტა გამოიყენონ ტრანზაქციების დროს, პრობლემას წარმოადგენს. ხოლო ამაზე დაყრდნობით კეთდება დასკვნა მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ოპტიმალურობაზე. გარდა იმისა, რომ ამ ორ თეზის შორის კავშირი არაა, ორივე შეიძლება კრიტიკის ობიექტი იყოს (დოლარიზაციაზე ამ ტექსტის ფარგლებში ვისაუბრებთ, მაგრამ სავალუტო კურსის რეჟიმების შედარებას სხვა ტექსტისთვის შემოვიტოვებ).

ციტატა 6: „მცირე ზომის ღია ეკონომიკა, რომელიც ინტეგრირებულია გლობალურ ეკონომიკასთან, საგარეო პირობების ნებისმიერ ცვლილებაზეა დამოკიდებული. გაცვლითი კურსის მოქნილობა ქვეყანას საშუალებას აძლევს, შეამციროს ამ ე.წ. საგარეო შოკების უარყოფითი გავლენა რეალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მცურავი გაცვლითი კურსი შოკების შემარბილებელ ფუნქციას ასრულებს და ეკონომიკას შოკის მინიმალური დანახარჯებით დაძლევაში ეხმარება“.

კომენტარი: ეროვნული ბანკის თანამშრომლების ყველაზე გავრცელებული პასუხი კითხვაზე “რა მოხდა?”, არის„შოკი“: „საგარეო შოკი“, „შოკი მოთხოვნის მხრიდან“, „შოკი მიწოდების მხრიდან“. არადა ზუსტად რაში მდგომარეობს ეს შოკი, როგორც წესი, უცნობი რჩება. ერთი მაგალითი მაინც რომ იყოს მოყვანილი, ასე მარტივი არ იქნებოდა მტკიცება, რომ ვითომდა მცურავი კურსი რამეში გვეხმარება.

ციტატა 7: „მეორე მხრივ, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ადგილობრივ მსესხებლებს, რომელთაც სესხი უცხოური ვალუტით აქვთ, სავალუტო რისკი წარმოექმნებათ. ამ მსესხებელთა უმეტესობას,განსაკუთრებით კი მცირე ზომის მსესხებლებს, ამ რისკის მართვის შესაძლებლობა არ აქვთ, რაც, შედეგად, საბანკო სექტორში საკრედიტო რისკებს ზრდის“.

კომენტარი: წინა ციტატაში იყო ნათქვამი, რომ მცურავი კურსი გარკვეული პრობლემების დროს სარგებლიანია, თუმცა ამ ციტატიდან ჩანს, რომ ეს სარგებელი უფასო არაა. მარტივად რომ ვთქვათ, მცურავი კურსის პირობებში,როცა საგარეო ვაჭრობაში რამე პრობლემა ჩნდება, ერთი ადამიანთა ჯგუფი ხეირობს, ხოლო მეორე ადამიანთა ჯგუფს პრობლემები უჩნდება. მაგრამ საიდან მოდის დასკვნა, რომ მცურავი გაცვლითი კურსი მომგებიანია? მითუმეტეს რომ არა ის არის მნიშვნელოვანი, მცურავი თუ ფიქსირებულია კურსი, არამედ ის, თუ რას აკეთებს ცენტრალური ბანკი და მთავრობა ამა თუ იმ სისტემის ფარგლებში. მეტიც, ფიქსირებული კურსს მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს, და კარგ ხელში ის ბევრად ეფექტიანია, ვიდრე მცურავი კურსი (იგივე ესტონეთის მაგალითი ამის ილუსტრაციაა).

ციტატა 8: „გარდა ამისა, კომპანიების სესხების მაღალი დოლარიზაცია ინფლაციის მერყეობასაც ზრდის“.

კომენტარი: ტერმინი „ინფლაცია“ - ინგლისური სიტყვა „Inflation“-დან მოდის, რომელიც გაფართოებას ნიშნავს.ეკონომისტები იყენებენ მას, როგორც ფულის მასის (ანუ, ცოტა რომ გავამარტივოთ, ეკონომიკაში არსებული ფულის) გაფართოების აღსაწერად. ასეთ გაფართოებას ამ ფულში გამოხატული ფასების ზრდაც მოჰყვება(ამიტომაც ინფლაციას ასევე როგორც ფასების ზრდას ისე მოიხსენიებენ ხოლმე). ხოლო დოლარი,შინაარსობრივად, ერთ-ერთი პროდუქტია (რომლის მეშვეობით ჩვენ სხვა პროდუქტებს ვყიდულობთ). მისი ფასი როგორც მის რაოდენობაზე (ანუ იმაზე, თუ რამდენი დოლარი შემოდის ქვეყანაში), ასევე ლარის მასაზეა დამოკიდებული, ამიტომ კურსის ცვლილება არა მხოლოდ საგარეო ეკონომიკური აქტივობის, არამედ ასევე ეროვნული ბანკის მიერ ლარის მასის გაფართოების შედეგია. ამდენად, კურსის ცვლილება ვერ იქნება ინფლაციის წყარო, რადგან კურსის ცვლილება უკვე ფასების ზრდის ნაწილია. ხოლო, დოლარის გაძვირების და ზოგადად ფასების ზრდის მაღალი ტემპები იმიტომ ემთხვევა ხშირად ერთმანეთს, რომ ორივე დიდწილადგაზრდილი ლარის რაოდენობით არის განპირობებული.

ციტატა 9. „საგარეო ან საშინაო შოკების დროს კურსის გაუფასურებისას, ქვეყანა იღებს დამატებით შოკს,რის გამოც ჩნდება შედარებით მკაცრი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საჭიროება. ამრიგად, დოლარიზაციის გამო შოკი დამატებით ღრმავდება და ვიღებთ ე.წ. “ორმაგი შოკის” ეფექტს: საგარეო ან საშინაო შოკის დროს შემოსავლები უფრო მეტად მცირდება, უმუშევრობის დროს კი, უფრო მეტად იზრდება,ვიდრე ეს დაბალი დოლარიზაციისას იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მაღალი დოლარიზაცია ქვეყნისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის“.

კომენტარი: ეს ციტატა - გავრცელებული ხერხია, თუ როგორ დააბნიო მკითხველი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს „შოკები“. რა შოკებია ეს, არავინ აზუსტებს, მაგრამ ხომ გასაგებია, რომ ეს რაღაც არასასურველია?თუმცა, როგორც ჩანს, არა მარტო შოკების უნდა გვეშინოდეს. შოკით გამოწვეული შოკი - აი, სად არის ნამდვილი რისკები დამალული. და არა მარტო. ესე იგი, გარე შოკი, შიდა შოკს იწვევს, ამ შოკების შემდეგ - ჩვენ ვღარიბდებით, უმუშევრობა იზრდება და თურმე ამაში ის არის დამნაშავე, რომ ჩვენ უფრო მყარ ვალუტას ვიყენებდით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანუ, ჩვენ ნაკლებად მყარი ვალუტა რომ გამოგვეყენებინა, ანუ ლარი, გარე შოკი, მხოლოდ შიდა "შოკუნიით" დასრულდებოდა. სადღაც ამ აბდაუბდას დასაწყისში კი „მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება“ ურევია, იმის დაზუსტების გარეშე, თუ რატომ უნდა გამკაცრდეს ის საერთოდ ან რატომ იყო მანამ “შერბილებული”. და მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია წარმოვიდგინო „შოკის“ რომელიმე მაგალითი,ან ის, თუ რატომ შეიძლება, თეორიულად, მოუნდეს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება,არგუმენტების ასეთი აჯაფსანდალი მხოლოდ ერთი მიზნით შეიძლება გამართლდეს: „ისე დავაბნიოთმკითხველი, რომ არც კი იკითხოს, თუ ვინ, რას და რატომ აკეთებს“.

ნაწილი 2.

ციტატა 10: „სავალუტო (და მისგან მომდინარე საკრედიტო) რისკთან ერთად დოლარიზაცია ლიკვიდურობის რისკებსაც ზრდის. ცენტრალური ბანკის შესაძლებლობა, შეასრულოს ბოლო ინსტანციის მსესხებლის როლი, მაღალი დოლარიზაციისას შეზღუდულია. კერძოდ, ცენტრალურ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკებსა დგილობრივი ვალუტით ლიკვიდობა ულიმიტოდ მიაწოდოს, მაგრამ უცხოური ვალუტით დაფინანსება სავალუტო რეზერვების მოცულობით არის შეზღუდული. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ბანკები იძულებულნი არიან შეინარჩუნონ უცხოური ვალუტის ლიკვიდურობის მაღალი ბუფერები. ეროვნული ვალუტისგან განსხვავებით, უცხოური ვალუტის ლიკვიდურობის ბუფერების შექმნა ხარჯიანია, რის შედეგადაც ქვეყანაში გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ძვირდება.

კომენტარი: ეს, ალბათ, ამ ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც უკვე ვახსენე, როცა ეროვნული ბანკი ლარს ბეჭდავს, ეს ფასების ზრდას იწვევს. ის ადამიანი, ვინც ამ ახალ ფულს პირველი იღებს (როგორც წესი საბანკო სისტემა), მდიდრდება, ხოლო ის, ვისი შემოსავალი ფიქსირებულია (მაგალითად პენსიონერი), ღარიბდება, რადგან პროდუქტების და სერვისების ყიდვა მას უფრო მაღალ ფასად უწევს. ამას ეკონომიკაში "კანტილიონის ეფექტს" უწოდებენ. სხვა სიტყვებით, მონეტარული პოლიტიკა ადამიანთა ერთ ჯგუფს ამდიდრებს, სხვა ადამიანთა ხარჯზე. ეს მონეტარული პოლიტიკის ნეგატიური შედეგი დიდი ხანია ეკონომისტების და ცენტრალური ბანკების მმართველების დისკუსიის თემაა (The Bank of England, 2012; Deutsche Bundesbank, 2016; Draghi 2016; Sieron, 2017) თუმცა ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან ამაზე, სამწუხაროდ, ვერაფერს მოისმენთ.

ახლა დავუბრუნდეთ ტექსტს. იქ აღნიშნულია, რომ დოლარიზაციის პირობებში ეროვნული ბანკი ვერ მიაწვდისკომერციულ ბანკებს ლიკვიდობას, ანუ ვერ ასესხებს ფულს. რაც გასაგებია - საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარებს ვერანაირად დაბეჭდავს და ბანკებს საერთაშორისო ბაზრებზე მოუწვეთ, საჭიროების შემთხვევაში, დოლარების სესხება. თუმცა თუ ბანკს აქტივები და ვალდებულებები ლარში აქვს და მას ლარის ნაკლებობა გაუჩნდა, მაშინ ეროვნული ბანკი, როგორც მისი პრეზიდენტი აცხადებს, ნებისმიერი ოდენობის ლარს დაბეჭდავს და ასესხებს კომერციულ ბანკს. ახლა კი დამატებით ვთარგმნოთ ეს ყველაფერი ადამიანურ ენაზე. თუ ეროვნული ბანკი ფულს ბეჭდავს, როგორც უკვე ვიცით, ეს ბანკების მოგებას კი ზრდის, მაგრამ ეს სხვა მოქალაქეების ხარჯზე ხდება. ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვეუბნება, რომ მზად არის მის ხელთარსებული ინსტრუმენტები ისე გამოიყენოს, რომ უსასრულობამდე დაეხმაროს კომერციულ ბანკებს, ანუ სრულიად გააღატაკოს მოსახლეობა, ოღონდ ბანკების გაკოტრება არ დაუშვას. ასევე საინტერესოა, თუ რატომ და როდის უჩნდება ბანკებს ლიკვიდურობის, ანუ ნაღდი ფულის ნაკლებობა? მაშინ, როცა ბანკირებმა შეცდომა დაუშვეს და თავისი რისკებიარასწორად შეაფასეს.

შევაჯამოთ და „ვთარგმნოთ“ მოყვანილი ციტატა მთლიანად: „თუ ბანკები გაკოტრების წინ იქნებიან და დოლარებში ექნებათ ვალი, მათი სუბსიდირება გაგვიჭირდება, მაგრამ თუ დოლარებს ლარით ჩავანაცვლებთ, ბანკებს იმდენ ფულს მივცემთ, რამდენიც მოგვესურვება. ხოლო, ის რომ ეს სხვა მოქალაქეების შემოსავლის შემცირების ხარჯზე მოხდება, - არ არის პრობლემა, ჩვენ მათ ჭკვიანი სიტყვებით და შოკით გამოწვეული შოკით დავაშინებთ“.

ციტატა 11: „ამავე დროს, დოლარიზაცია ამცირებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას. მაღალი დოლარიზაციისას ცენტრალურ ბანკს პროცენტის უფრო მეტად გაზრდა/შემცირება უწევს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა. დოლარიზაციის გამო პროცენტების უფრო მკვეთრად გაზრდა - შემცირება კიეკონომიკის უფრო მაღალ მერყეობას იწვევს და, შედეგად, ამცირებს გრძელვადიან ზრდას“.

კომენტარი: მონეტარული პოლიტიკა არა მხოლოდ ბანკების ფარული სუბსიდირების მექანიზმია, ის ასევე ფარული დაბეგვრის მექანიზმსაც წარმოადგენს. ეს შემდეგნაირად მუშაობს: როცა ფასები იზრდება, მთავრობის მიერ აღებული ვალიც უფასურდება და მას ნაკლების გადახდა უწევს. წარმოიდგინეთ/გაიხსენეთ კუპონების ჰიპერინფლაციის პერიოდი. მოდის თქვენთან მეგობარი და ვალს გთხოვთ. გპირდებათ, რომ 1000 კუპონს აიღებს დღეს და ერთ თვეში 1100 დაგიბრუნებთ. თუმცა თუ ფასები ერთ თვეში 2-ჯერ იზრდება, რომ იგივე სიმდიდრეგქონდეთ, მეგობარმა არანაკლებ 2000 ლარი უნდა დაგიბრუნოთ. ხოლო, თუ 1100 დაგიბრუნებთ, თქვენ მეტი კუპონი გექნებათ, მაგრამ რეალურად გაღარიბდებით. ზუსტად იმავენაირად, როცა მთავრობა 5-6%-ში იღებს ვალს და ინფლაცია 7%-ია, რეალურად მთავრობა მოქალაქეებს ნაკლებს უბრუნებს, ვიდრე ისესხა, და ეს სხვაობა - შინაარსობრივად დაბეგვრას ნიშნავს.

გარდა ამისა, თითოეული გაყიდული პროდუქტისა თუ სერვისიდან მთავრობა დღგ-ს სახით 18% იღებს, ამიტომ რაც უფრო მაღალია ფასი მით უფრო მეტი ფული შედი ბიუჯეტში.

ამდენად, მონეტარული პოლიტიკა ფარულად ასუბსიდირებს ბანკებს და მთავრობას ყველა სხვა მოქალაქეს ხარჯზე. ამიტომ, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ღელავს, რომ დოლარიზაცია მონეტარული პოლიტიკის გატარებაში შეუშლის ხელს, ის რეალურად ღელავს იმაზე, რომ დოლარიზაცია არ მისცემს მას შესაძლებლობას დაბეგროს მოსახლეობა და ირიბად ფული გადასცეს ბანკებს და მთავრობას. არც მეტი და არც ნაკლები.

ციტატა 12: „ამ და სხვა პრობლემების გამო, დოლარიზაცია ხელს უშლის საქართველოს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასაც. საკრედიტო რეიტინგი პირდაპირ აისახება საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული რესურსის ფასზე. რაც უფრო მაღალია ქვეყნის რისკი, მით უფრო მაღალია კერძოდა სახელმწიფო სექტორის მიერ მოზიდული კრედიტის ფასი და ნაკლებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. შესაბამისად, ნაკლებია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალიც“.

კომენტარი: საქართველოს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი იმაზე კი არ არის დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტიანად იბეგრება მოსახლეობა. აქ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სტაბილურია ფინანსური სისტემა. ხოლო ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის საერთოდ არ არის ცენტრალური ბანკის არსებობა აუცილებელი. მაგალითად, ესტონეთს ფაქტობრივად არ ჰყავდა ცენტრალური ბანკი (ესტონური კრონი ჯერ გერმანულ მარკაზე და შემდგომ ევროზე იყო მიბმული), მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო და არის. მეტიც. ჩვენთან ბანკირებმა იციან, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის მზად არის სხვა მოქალაქეების ხარჯზე მათ დაეხმაროს. ამიტომ ბანკირებს მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები სტიმული გააჩნიათ სიფრთხილე და გონივრულობა გამოიჩინონ. ხოლო, ეროვნული ბანკის არარსებობის დროს, ისინი დამატებითი სიფრთხილით მიუდგებიან რისკების შეფასებას, რაც თავის მხრივ, ფინანსური სისტემის სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს. ასე რომ, დოლარიზაცია კი არ შეგვიშლის, არამედ პირიქით, დაგვეხმარება საკრედიტო რეიტინგის ზრდაში.

ციტატა 13: „ ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მეტი რყევებითა და მაკროეკონომიკური არასტაბილურობით ხასიათდება, რაც, საბოლოოდ, უფრო დაბალ შემოსავლებსა და მაღალ უმუშევრობაში აისახება. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური სექტორის დოლარიზაცია, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და ამავდროულად,უარყოფითად ისახება მთლიან ეკონომიკაზე. შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი, მათ შორის, ისინიც, ვისაც სესხი საერთოდ არ აქვს. ასეთი მაღალი და ფუნდამენტური რისკების გამო, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია დოლარიზაციასთან გამკლავება“.

კომენტარი: აქ ჩვენ ვხედავთ, რაიმე არგუმენტების გარეშე, როგორც მოცემულობის ისე წარმოდგენა, იმისა, რომ მეტად მყარი და სტაბილური ვალუტის გამოყენება - ცუდია, და რომ საჭიროა მოქალაქეები ნაკლებად მყარ და მეტად არასტაბილურ ლარზე გადავიყვანოთ. ამაში ყოფილა ჩვენი ეკონომიკის შველის გზა.

ციტატა 14: „დოლარიზაციის პრობლემის მიმართ საერთაშორისო გამოცდილება განსხვავებულია.მრავალმა ქვეყანამ ან თავიდანვე წარმატებით აიცილა საფინანსო სექტორის დოლარიზაცია, ან ის თანმიმდევრული საბაზრო რეფორმებით აღმოფხვრა. რიგმა ქვეყნებმა კი, კრიზისული პერიოდების შემდეგ, ადმინისტრაციული ზომების გამოყენებით მოაგვარა დოლარიზაციის პრობლემა. თუმცა მრავალ ქვეყანაში,მიუხედავად რეფორმებისა და ადმინისტრაციული ზომებისა, საფინანსო სექტორის დოლარიზაცია კვლავ მაღალი რჩება“.

კომენტარი: ნიშანდობლივია, რომ იქ, სადაც სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეა აპელირება, არც კონკრეტული ქვეყნებია მითითებული, არც ინფორმაცია მოყვანილი, თუ რაში გამოიხატებოდა პრობლემა და როგორ გაუმკლავდნენ მას, არც რაიმე კვლევა ან ნებისმიერი სხვა სახის მტკიცებულებაა ნახსენები. შედეგად, ამ ტექსტის სერიოზულად აღქმაც რთული ხდება.

ციტატა 15: „მსოფლიო პრაქტიკიდან ცხადია, რომ დოლარიზაციის პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, საფინანსო სექტორისა და ბაზრების განვითარებადა, ბაზრის ჩავარდნის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ზომების გამოყენება“.

კომენტარი: ანუ ჯერ იყო ნათქვამი, რომ დოლარიზაცია ფინანსურ სტაბილურობას უშლის ხელს. აქ კი, სულ რაღაც რამდენიმე წინადადების შემდეგ ვლინდება, რომ დოლარიზაცია რომ აღმოფხვრათ, ჯერ სტაბილური ფინანსური გარემო უნდა შევქმნათ.

ციტატა 16: „საქართველოში ლარიზაციის ღონისძიებები მოიცავს ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდას, სავალუტო რისკების ადეკვატურ გადანაწილებასა და ლარით ფასდადების ხელშემწყობ ღონისძიებებს.“

თარგმანი ადამიანურ ენაზე: „თქვენი უკეთ დაბეგვრის ღონისძიებები მოიცავს მეტ გრძელვადიან სესხებს ბანკებისთვის (თქვენ ხარჯზე), სავალუტო ბირჟაზე ჩვენი თანამშრომლების თამაშს (თქვენ ხარჯზე და რაიმე კითხვა რომ არ გაჩნდეს, ამ ყველაფერს სავალუტო რისკების ადეკვატურ გადანაწილებას ვუწოდებთ), აკრძალვებს, რომ თქვენ, თქვენი შრომის თუ პროდუქტის ფასები უკეთეს, უფრო სანდო და თქვენთვის მომგებიან ვალუტაში ვერ დააწესოთ“.

ციტატა 17: „ფასების სტაბილურობა ეროვნული ვალუტის ნდობის გასაძლიერებლად და ლარიზაციის გასაზრდელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველო ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე 2010 წლიდან გადავიდა, რის შემდეგაც ინფლაცია თვალსაჩინოდ შემცირდა და ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი დონე საშუალოდ 3.6%-ია, რაც საკმაოდ დაბალია.

თარგმანი ადამიანურ ენაზე: „ბოლო 10 წლის განმავლობაში თქვენ საშუალოდ დამატებით 3.6%-ით იბეგრებოდით, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია“.

ციტატა 18: „ამავე პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობასთან ერთად ფინანსურ სექტორში ლარის გრძელვადიანი ინსტრუმენტების შექმნას უწყობდა ხელს. შესაბამისად,მცირდებოდა ფინანსური სექტორის დოლარიზაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2009 წლიდან სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების განახლება და შემდგომ, ეტაპობრივად, ვადიანობისა და მოცულობების ზრდა. აღნიშნული აუცილებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის. 2016 წელს "სებ"-მა და მთავრობამ შეიმუშავეს კაპიტალის ბაზრების განვითარების ერთობლივი სტრატეგია, რაც შემდგომ რამდენიმე წელზე იყო ორიენტირებული და თითქმის სრულად განხორციელდა. ამავდროულად, კომერციული ბანკებისათვის სებ-ის მიერ უზრუნველყოფილია ლიკვიდურობის რისკების მართვის ინსტრუმენტები. შესაბამისად, ბანკები ლარის ლიკვიდურობის მართვას უფრო ეფექტიანად ახორციელებენ, რაც საშუალებას აძლევთ, მომხმარებლებს ლარის გრძელვადიანი სესხები შესთავაზონ.

აღნიშნულმა ნაბიჯებმა პოზიტიურად იმოქმედა დედოლარიზაციის ტენდენციაზე, შემცირებულია როგორც მთლიანი სესხების, ასევე დეპოზიტების დოლარიზაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური სესხების დედოლარიზაციის ტენდენციები, რადგანაც სწორედ ფიზიკური პირები არიან ყველაზე მოწყვლადნი სავალუტო რისკების მიმართ. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 2010 წელთანშედარებით 40 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული (კურსის ეფექტის გამორიცხვით ეს მაჩვენებელი განახევრებულია), 2016 წლის ბოლოდან კი, ის 18 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

თარგმანი ადამიანურ ენაზე: „ამავე პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობასთან ერთან თქვენი მეტი ეფექტიანობით დაბეგვრის ინსტრუმენტებზე მუშაობდა. მოვიგონეთ ეს, ეს და ეს... აღნიშნულმა ნაბიჯებმა მოქალაქეები აიძულა, ლარი უფრო ხშირად გამოეყენებინათ, რაც კარგ გარემოს გვიქმნის იმისათვის, რომ მომავალში კიდევ უკეთესად დაგბეგროთ“.

ციტატა 19: „დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია გარკვეული მერყეობით გამოირჩევა, რადგან დოლარიზაციის შემცირებას მაკროეკონომიკური რისკების შემცირება და, შესაბამისად, უცხოური ვალუტით მოზიდულ რესურსზე პროცენტების შემცირება მოჰყვება, რის შედეგადაც ბანკებს ჭარბი უცხოური ვალუტა უჩნდებათ. აღნიშნული კი გარკვეული პერიოდით უცხოური ვალუტით დაკრედიტების გააქტიურებასა დასესხების დედოლარიზაციის შენელებას იწვევს, რაც ხშირად დედოლარიზაციის პოლიტიკის კრიტიკის საფუძველი ხდება ხოლმე. მიუხედავად ამ მერყეობებისა, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური სისტემის დოლარიზაციის შემცირების პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. ბუნებრივია, დოლარიზაცია ნულამდე არასდროს არ შემცირდება და ეს არც არის მიზანი. თუმცა, აუცილებელია უცხოური ვალუტის სესხების წილის შემცირება იმ დონემდე, რომ საგარეო შოკის დროს დოლარიზაცია არ იწვევდეს შოკის გაძლიერებასა და მაკროეკონომიკური ინსტრუმენტებით შესაძლებელი იყოს საგარეო შოკების მაქსიმალურად შერბილება.

თარგმანი ადამიანურ ენაზე: „კი, ეს ჩვენი ფარული დაბეგვრის სისტემა მთლად იდეალურად არ მუშაობს, რაც ხშირად ჩვენი კრიტიკის საფუძველი ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შანსი დავუტოვოთ მოსახლეობას, უფრო მყარი და სტაბილური ფული გამოიყენოს. კი, ბოლომდე ამ მიზანს საბჭოთა კავშირმაც კი ვერ მიაღწია, მაგრამ მსოფლიო იმპერიალიზმთან ბრძოლაში,შოკებისგან დასაცავად და თქვენი დამატებითი დაბეგვრის გზაზე, ჩვენ ძალისხმევას არ დავზოგავთ“.

ამ პოზიტიურ ნოტაზე მთავრდება ეს ვრცელი ტექსტი, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო დასაბნევად იყო დაწერილი, ვიდრე დასახმარებლად. არც მე მაქვს იმედი, რომ ჩემი კომენტარები ყველა ბუნდოვან საკითხს ბოლომდე გაგაგებინებთ, მაგრამ თუ ეჭვი მაინც გაგიჩნდათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია მთლად არგუმენტირებული არაა, უკვე კარგია. დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკის თანამშრომლები კიდევ არა ერთ ამდაგვარ ტექსტს მოამზადებენ და ნელ-ნელა ამ ტექსტების ადამიანურ ენაზე თარგმნის პროცესში, ადრე თუ გვიან ნათელს გავხდი, თუ რა მავნებლობაა ეროვნული ბანკი და თუ როგორ მალავენ ამ ფაქტს თქვენგან ბუნდოვანი, ვითომდა ჭკვიანური ტერმინებით სავსე ტექსტებით და გამოსვლებით.

სტატიის ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი

კომენტარები