9 ნოე 2019
2263 Views
ბლოგი განათლება

არსებობს თუ არა "ფსიქიატრიული დაავადებები"?

"არსებობს ფუნდამენტური მსგავსება პირად სივრცეში ნებაყოფლობით ჰომოსექსუალურ აქტივობაში მონაწილე ინდივიდების - ან იმ ინდივიდების, რომლებიც გრძნობების და აზრების შემცვლელ ნივთიერებებს ყლაპავენ, იშხაპუნებენ, ან ეწევიან - დევნასა და ადამიანების მათი რელიგიის გულისთვის ტრადიციულ დევნას შორის. რაც ყველა ამ დევნას აერთიანებს, არის ის, რომ უმრავლესობის მიერ მსხვერპლთა შევიწროება, ღიად აგრესიულ ან დესტრუქციულ ქმედებებში მონაწილეობის გულისთვის კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელთა ქცევა ან გარეგნობა ადამიანის განსხვავებების მიმართ არატოლერანტულ და ამ განსხვავებებით შეშინებულ ჯგუფს შეურაცხყოფს."
― თომას საზი

ყველა დაავადებას გააჩნია პათოლოგიური სუბსტრატი - სხვა სიტყვებით, ყველა დაავადება ჩანს სინათლის ან ელექტრონულ მიკროსკოპში, ან, კიდევ, ბიოქიმიური კვლევებით შეიძლება მათი გამოვლენა - ყველა დაავადებას, გარდა "ფსიქიატრიული დაავადებებისა".

დეფინიციის თანახმად, "ფსიქიატრიულ დაავადებები" ისეთ "დაავადებებს" ეწოდებათ, რომლებსაც პათოლოგიური სუბსტრატი არ გააჩნიათ. თუკი "ფსიქიატრიული დაავადების" პათოლოგიური სუბსტრატის გამოვლინება მოხდება, ეს დაავადება ავტომატურად გადაკლასიფიცირდება ნევროლოგიურ დაავადებად. ნევროლოგიურ დაავადებებს შეიძლება ქცევის დარღვევები ახლდეთ თან, მაგრამ ეს მათ "ფსიქიატრიულ დაავადებებად" არ აქცევს.

ამავე დროს, ნევროლოგიური დაავადების პათოლოგიური სუბსტრატი შეიძლება ჯერ გამოვლენილი ან ბოლომდე გამოვლენილი არ იყოს, რაც ფსიქიატრებს საშუალებას აძლევს, რომ ასეთი დაავადება ფსიქიატრიულად შერაცხონ. ასეთი ნევროლოგიური დაავადების ყველაზე მთავარი სავარაუდო კანდიდატია შიზოფრენია, რომელიც, ხშირად, ქცევის მძიმე დარღვევას იწვევს, ინტელექტის მკვეთრი დაქვეითებით.

თუკი "ფსიქიატრიულ დაავადებებს" პათოლოგიური სუბსტრატი არ გააჩნიათ, რის საფუძველზე ვუწოდებთ მათ "დაავადებებს", და რამდენად გამართლებულია მათთვის ამ სახელის წოდება?

"ფსიქიატრიული დაავადებები" წარმოადგნენ "ქცევის დაავადებებს": თუკი მოცემული ინდივიდი საზოგადოებისთვის მიუღებლად იქცევა, მას საზოგადოება არანორმალურად თვლის, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადამიანს მხოლოდ პირობითად და გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება ეწოდოს დაავადებული, კვლავაც, იმ მიზეზის გამო, რომ ყველა ნამდვილ დაავადებას პათოლოგიური სუბსტრატი გააჩნია, ანუ, პათოლოგიური სუბსტრატი არის დაავადების Sine qua non (ის, რის გარეშეც არაა).

ამ ფაქტმა განსაკუთრებით კარგი ასახვა ჰპოვა ინგლისურენოვან სამედიცინო ლიტერატურაში, სადაც "ფსიქიატრიულ დაავადებებს" "psychiatric disorders" ეწოდებათ, მაშინ როცა ყველა სხვა დაავადებას "disease" ჰქვია. "Disorder" დარღვევას ნიშნავს და არა - დაავადებას.

სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ტვინები სხვადასხვა რაოდენობით გამოყოფენ ქიმიურ მედიატორებს. ეს არ ნიშნავს, რომ მარტო, ვთქვათ, კარგ ხასიათზე მყოფი ადამიანია ნორმალური და ჯანმრთელი, და ცუდ ხასიათზე მყოფი - არა, და ამიტომ ცუდ ხასიათზე მყოფ ადამიანში მედიკამენტები მისი ნების საწინააღმდეგოდ უნდა შევიყვანოთ, რათა ისიც ხელოვნურად ვაქციოთ კარგ ხასიათზე მყოფ ადამიანად.

მაშ, რის საფუძველზე ადგენენ ფსიქიატრები, თუ რომელი ქცევა შეიძლება ჩათვალონ "ფსიქიატრიულ დაავადებად" და რომელი - არა? მხოლოდ იმის საფუძველზე, თუ რამდენად მისაღებია მოცემული ქცევა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის. სწორედ ამიტომ, ბევრ ადამიანს ძალიან უყვარს ფსიქიატრის როლის თამაში და ისეთი ინდივიდისთვის, რომლის ქცევაც, უბრალოდ, არ მოსწონს, "გიჟის" წოდება.

აქედან გამომდინარე, ის, რაც ფსიქიატრიაში გუშინ დაავადებად ითვლებოდა, დღეს შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, და ის, რაც დღეს ნორმად ითვლება, ხვალ შეიძლება დაავადებად გამოცხადდეს. "ფსიქიატრიული დაავადებები" იმის მიხედვით ქრებიან და ჩნდებიან, თუ როგორ იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება შესაბამისი ქცევების მიმართ.

მაგალითად, წარსულში მასტურბაცია "ფსიქიატრიული დაავადების" გამოვლინებად განიხილებოდა და, ხშირად, უსასტიკეს "მკურნალობას" ექვემდებარებოდა, სანამ არ დადგინდა, რომ თითქმის ყველა ადამიანი მასტურბირებს და, ამდენად, ეს ქცევა სრულიად "ნორმალურია", ხოლო მის "მკურნალობას" ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.

აგრეთვე, სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ჰომოსექსუალობაც "ფსიქიატრიულ დაავადებად" განიხილებოდა და ამ "დაავადებით სნეულები" პატიმრობით ან იძულებითი "მკურნალობით" ისჯებოდნენ, სანამ, კვლავაც, ფსიქიატრები იმ დასკვნამდე არ მივიდნენ, რომ ასეთი "დაავადება" საერთოდ არ არსებობს.

მეორე მხრივ, იმას, რასაც ადრე, უბრალოდ, სიცელქე ერქვა, დღეს "ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიური დაავადება" ჰქვია, სახელმწიფოს მიერ ძალადობრივად მონოპოლიზებული სავალდებულო განათლების პირობებში ეპიდემიადაა ქცეული, და ფარმაცევტული კომპანიები ამ "სნეულებით" შეპყრობილი ბავშვების "მკურნალობით" დიდ მოგებას ნახულობენ, ხოლო იმას, რასაც ადრე აზარტული თამაშების სიყვარულს ეძახდნენ, დღეს "ლუდომანიას" უწოდებენ და მას მთავრობები აზარტული თამაშების აკრძალვით "ებრძვიან".

ისეთ ტოტალიტარულ ქვეყანაში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, ფსიქიატრები სახელმწიფოს დაკვეთას ასრულებდნენ და ე.წ. დისიდენტების და სხვა "სახელმწიფოსთვის საშიში ელემენტებისთვის" თავისუფლების აღკვეთას "დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის" დიაგნოზით ახდენდნენ.

დაახლოებით იმავე პერიოდში "არატოტალიტარულ" შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარული იყო უამრავი სახის "ფსიქიატრიული სნეულების" ისეთი ბარბაროსული მკურნალობა, როგორიც ლობოტომიაა - ეს ინდივიდისთვის თავის ტვინის შუბლის წილების განადგურებას ნიშნავს, მისთვის ინტელექტის და ინდივიდუალობის წართმევით. ხშირად, ასეთი "მკურნალობა" "ნამკურნალები" ინდივიდის სიკვდილსაც კი იწვევდა. ლობოტომიის დამასახიჩრებელი შედეგი კარგად არის ნაჩვენები ქენ ქისის ნოველაში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", და ამ ნოველის საფუძველზე მილოშ ფორმანის მიერ გადაღებულ იმავე სახელწოდების მქონე მხატვრულ ფილმში.

მანამდე ერთი საუკუნით ადრე ამერიკელმა "ექიმმა" სემუელ ქართრაითმა "ფსიქიატრიული დაავადება" დრაპეტომანია გამოიგონა. მისი აზრით, ეს დაავადება სამხრეთის შტატების პლანტაციებიდან შავკანიანი მონების გაქცევის მიზეზს წარმოადგენდა. ქართრაითმა მონათმფლობელებს დრაპეტომანიის "მკურნალობის" საშუალებად მონებისთვის ფეხის ცერა თითების მოკვეთა შესთავაზა, რაც სირბილს შეუძლებელს ხდიდა.

სინამდვილეში, ყველა სახელმწიფოში ფსიქიატრია წარმოადგენდა და წარმოადგენს არა მედიცინის, არამედ მართლმსაჯულების განშტოებას, და მას მთავრობა საზოგადოებისთვის ან თავად მისთვის მიუღებელი ქცევის ჩამდენი ადამიანების დასასჯელად იყენებს. ხშირად, ეს სასჯელი უფრო მკაცრი და ხანგრძლივიც კია, ვიდრე იმავე ქცევის ჩადენისთვის "ნორმალური" ადამიანებისთვის განკუთვნილი სასჯელი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ფსიქიატრიაში სასჯელს "მკურნალობა" ჰქვია.

პათოლოგიური სუბსტრატის არარსებობა, აგრეთვე, იმაზე მიუთითებს, რომ "ფსიქიატრიული დაავადებების" მკურნალობა, სინამდვილეში, გამოვლენილი პათოგენეზის დამიზნების გზით კი არ ხდება, არამედ ემპირიულად და ბრმად, და როგორც "ფსიქიატრიულ დაავადებებს" მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოთ დაავადებები, ისე ამ "დაავადებების" "მკურნალობასაც" მხოლოდ პირობითად შეიძლება დაერქვას მკურნალობა.

"ფსიქიატრიული დაავადების" კონცეფცია, აგრეთვე, ძირს უთხრის პიროვნული პასუხისმგებლობის ცნებას, ანუ, იმ საფუძველს, რომელზედაც ლიბერტარიანული იდეოლოგიაა დაფუძნებული. თუკი ჩავთვლით, რომ რაიმე ქმედებას ინდივიდი საკუთარი ნება-სურვილით კი არ ახორციელებს, არამედ იმის გამო, რომ ის "ფსიქიატრიული სნეულებითაა შეპყრობილი", გამოდის, რომ იგი არც არის პასუხისმგებელი ამ ქმედების განხორციელებაზე: ჩადენილზე პასუხისმგებლობა მის "ფსიქიატრიულ დაავადებას" ეკისრება, და არა - თავად მას.

ორი ძირითადი ქცევა, რომელმაც "ნორმალური ადამიანი" შეიძლება "ფსიქიატრიულ პაციენტად" აქციოს, არის ის ქცევები, რომელთა შედეგადაც ინდივიდს, საზოგადოების აზრით, საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის ზიანი მოაქვს. თუკი ფსიქიატრები ამის გამო მოცემულ ინდივიდს დაავადებულად ჩათვლიან, მათ შეეძლებათ, რომ იგი "არაკომპეტენტურად" გამოაცხადონ და, შედეგად, გარკვეული უფლებები და, ამდენად, თავისუფლება წაართვან.

მაგალითად, თუკი ინდივიდს თავის მოკვლა სურს, ფსიქიატრები მას, როგორც წესი, დაავადებულად და, ამდენად, არაკომპეტენტურად თვლიან. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ ამ ინდივიდს თავისუფლად გადაადგილების უფლება წაართვან და იძულებითი "მკურნალობა" დაუნიშნონ, რამაც, თავის მხრივ, მის მიერ სუიციდის განხორციელების რისკი შეიძლება გაზარდოს და, ამდენად, "ფსიქიატრიული დიაგნოზი" თვითაღსრულებად წინასწარმეტყველად იქცეს.

საქმე უფრო რთულადაა, როცა ინდივიდი სხვების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. რადგან "ფსიქიატრიულ დაავადებებს" პათოლოგიური სუბსტრატი არ გააჩნიათ, ფსიქიატრებს არა აქვთ რაიმე ობიექტური კრიტერიუმი, რის საფუძველზეც იტყოდნენ, მკვლელობა "ნორმალური" ფსიქიკის მქონე ადამიანის მიერ მოხდა, თუ - "ფსიქიატრიული დაავადების" მქონე ადამიანის მიერ, ანუ, ამ ქცევის ჩამდენი ინდივიდი ციხეში უნდა მიდიოდეს, თუ - საპყრობილედ ქცეულ ფსიქიატრიულ კლინიკაში.

როგორც სუიციდის, ისე ჰომიციდის შემთხვევაში "ფსიქიატრიული დაავადების" დიაგნოზი, ხშირად, პოსტ ფაქტუმ ისმევა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ობიექტური დიაგნოსტიკური კრიტერიუმების არარსებობაზე.

"არალეგალური ფსიქოტროპული ნივთიერებების" მოხმარებას მთავრობა და, ამდენად, ფსიქიატრია ერთდროულად შეიძლება განიხილავდეს როგორც თავად ინდივიდისთვის, ისე საზოგადოებისთვის ზიანის მომტან ქცევად, შესაბამისი შედეგებით.

ავტორი: გიორგი ლომინაძე



კომენტარები